კარლო ანჩელოტიმ აღიარა, რომ ბრაზილიის ნაკრების შემდეგ, მხოლოდ რეალში მუშაობას დათანხმდება.
- ფეხბურთში მიიჩნევა, რომ რეალის მწვრთნელობა ყველაზე რთული სამსახურია მსოფლიოში. არის თუ არა ბრაზილიის ნაკრები ამ მხრივ მეორე ადგილზე?
არა, არა, არა. ეს ყველაზე საინტერესო და გამორჩეული პროფესიებია. ამდენი წელი რეალის გაწვრთნა ძალიან მაგარი იყო და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის გაყვანაც არანაკლებ გამორჩეულია.
- დიდი იმედებით მოგიწვიეს. ეს აეროპორტში ქომაგების დახვედრისთანავე იგრძენით?
ბრაზილიელმა ქომაგებმა პირველივე დღიდან დიდი სიყვარული დამანახეს და აგრძელებენ ამის კეთებას ყოველთვის, როცა ქუჩაში, ან სანაპიროზე ვსეირნობ. ასე რომ დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ.
- ბრაზილიის ნაკრებში მუშაობა გულიდან წამოსული არჩევანია თუ რაციონალური გადაწყვეტილება?
ბრაზილია სიყვარულით ავირჩიე. ჩემთვის ეს დიდი პატივია. ტექნიკურ ასპექტზე ან რაიმე სხვაზე არ მიფიქრია, მხოლოდ ემოციები.
როცა ბრაზილიის ნაკრებზე ვფიქრობ, ეგრევე 1970 წლის ფინალი მახსენდება იტალიასთან, პელეს, ჟაირზინიოს და ტოსტაოს მონაწილეობით. თუმცა, მაშინ იტალიისკენ ვიყავი.
- 1994 წლის მუნდიალის ფინალში, როცა იტალია ბრაზილიას დაუპირისპირდა, არიგო საკის თანაშემწე იყავით, ახლა კი ბრაზილიის ნაკრებში მუშაობთ. ადვილია თუ არა ამ ქვეყნის ფერების დაცვა, მაშინ, როცა იტალიელი ხართ?
რთული არ არის.
- არც საშიშია?
შეიძლება უცნაური იყოს, მაგრამ რთული არა. ბრაზილია ბევრ ემოციას გჩუქნის და მე ახლა ამ ოჯახის წევრი ვარ.
- რა იქნება, თუ ბრაზილია იტალიას შეხვდება?
რთული იქნება, მაგრამ ბრაზილიამ უნდა მოიგოს.
- ამბობდით, რომ რეალის შემდეგ არსად არ იმუშავებდით. შეგიძლიათ თუ არა ახლა იგივეს თქმა ბრაზილიაზე?
ერთადერთი ადგილი, სადაც ბრაზილიის შემდეგ მუშაობას დავთანხმდები - ისევ რეალია.
- მართლა?
ვფიქრობ, ეს აღარ მოხდება. აქ ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს, რომლის შემდეგაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება კიდევ ორი წლით დავრჩე, ან სულაც ოთხით და კიდევ ერთი მსოფლიოსთვის მოვამზადო გუნდი.
ერთწლიანი კონტრაქტი იმიტომ გავაფორმე, რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ. თუმცა, აქ ბედნიერი ვარ." - აღნიშნა კარლომ.