ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ლიგა იწყება - რომელი გუნდებია ტიტულის მოგების ტოპ-5 ფავორიტი
ფეხბურთიფეხბურთი

ლიგა იწყება - რომელი გუნდებია ტიტულის მოგების ტოპ-5 ფავორიტი

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

16 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება. პირველ ტურშივე ექსკლუზიური რაუნდია - 8-8 მატჩი სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს.


წლევანდელი გათამაშება ტურნირის ისტორიაში 71-ეა. პსჟ 24-ე ჩემპიონია, თანაც, ვიცით, რომ სადებიუტო ტიტული ისე მოიგეს, ფინალში სარეკორდო სხვაობით გაიმარჯვეს და მადრიდის რეალის (1960-ში აინტრახტთან - 7:3), ბაიერნისა (1974-ში ატლეტიკოსთან გადათამაშებაში - 4:0) და მილანის (1989-ში სტიაუასთან - 4:0 და 1994-ში ბარსელონასთან - 4:0) შედეგი გააუმჯობესეს.


გასულ სეზონში შეცვლილი ფორმატის ფონზე, მატჩების შედეგიანობა გაიზარდა და 1975-76 წლების შემდეგ, როცა თამაშში საშუალოდ 3.31 გოლი გადიოდა, ყველაზე მაღალი შედეგიანობა იყო - 3.27 გოლი თამაშში.


ასევე, წლევანდელი გათამაშება იქნება პირველი, როცა ერთ ქვეყანას ისტორიაში ყველაზე მეტი - 6 წარმომადგენელი ეყოლება. ინგლისიდან ტიტულისთვის ბრძოლას არსენალი, ჩელსი, ლივერპული, სიტი, ნიუკასლი და ტოტენჰემი შეეცდებიან. ლა ლიგას 5 გუნდი ჰყავთ, ბუნდესლიგასა და სერია A-ს - 4-4. ტურნირზე 3 დებიუტანტია - კვიპროსული პაფოსი, ნორვეგიული ბოდო გლიმტი და ყაზახური კაირათი, რომელშიც გიორგი ზარია თამაშობს.


5 ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდეთ თითოეულისგან


ზოგადი ამბებით მოთელვის შემდეგ, მინდა, ამ სტატიაში წლევანდელი სეზონის ტოპ-5 ფავორიტზე ჩემეული არგუმენტებით გესაუბროთ. მესმის, რომ 30 მაისამდე ძალიან დიდი დროა და იქამდე ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ ამ მომენტისთვის მოცემულობა ასეთია:


Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, ტიტულის მოგების ყველაზე დიდი - 20.4%-იანი შანსი ლივერპულს აქვს, არსენალის შანსები 16%-ით ფასდება, პსჟ-ს - 12.1%-ით, ხოლო სიტისა და ბარსელონასი თანაბრად - 8.4-8.4%-ით. მონაცემებზე, სტატისტიკასა და სხვა ბევრ დეტალზე დაყრდნობით, ასე კომპიუტერი ფიქრობს, ჩვენ - გულშემატკივრებს კი ოდნავ ან ოდნავზე უფრო მეტად განსხვავებული აზრები გვაქვს და ფავორიტები გვყავს. მივყვეთ და ცოტ-ცოტა სუბიექტურ-ობიექტურად ჩვენი ხუთეული გამოვკვეთოთ, დავაარგუმენტოთ და შევაფასოთ, ბოლოს კი ჩვენი რეიტინგი გამოვკვეთოთ.


360-მილიონიან ტრიოს დამატებული სალაჰი და ხაკპო - ლივერპული



ლივერპულმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგა დიდი უპირატესობით მოიგო და მათი საუკეთესო გუნდობა მთელი სეზონი განმავლობაში მკვეთრად იგრძნობოდა - დაახლოებით ისე, გუარდიოლას სუპერ გუნდი რომ ჩემპიონატს დომინანტურად იგებდა ხოლმე.


ორგანულად მოხდა არნე სლოტის გუნდთან შეწყობაც, ერთი, რასაც შეიძლება ნიდერლანდელს გასულ სეზონში უსაყვედურებდნენ, ის იყო, რომ მერსისაიდელთა ფორმის პიკი შემოდგომა-ზამთარს დაემთხვა და არა გაზაფხულს, როცა ეს ყველაზე მეტად საჭიროა, განსაკუთრებით კი საპლეიოფო ტურნირებზე.


წელს სლოტის ამოცანა ორი ძირითადი მიმართულებითაა: 1) ვირტცის, ეკიტიკეს, ისაკის, ხაკპოსა და სალაჰის ფუნქციები ისე გადაანაწილოს, რომ მოედანსა თუ მის მიღმა თავი კომფორტულად იგრძნონ, რაც გუნდის სათამაშო და მენტალურ ბალანსთან პირდაპირ კავშირში იქნება; 2) სეზონის პირველი ნაწილი იმყოფინოს ნახსენები ბალანსის უზრუნველსაყოფად და გუნდი ფორმის პიკზე გაზაფხულზე გაიყვანოს.


ნათელია, რომ ფლორიან ვირტცი ენფილდზე რთულად იწყებს და წითლების ფორმაციაში საკუთარი თავის ძიებაშია, უკეთესი სტარტი აქვს უგო ეკიტიკეს, ხოლო ალექსანდრ ისაკის თამაში ჯერ ნორმალურად არ გვინახავს.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც სლოტის წინაშეა, შეტევაში მოჰამედ სალაჰზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირება და ძალის ცენტრების უფრო თანაბრად გადანაწილებაა. მოს გასული სეზონის 52 მატჩში 34 გოლი და 23 ასისტი ჰქონდა. ის უკვე 33 წლისაა და ნაკლებად სავარაუდოა, ამ ან, მით უმეტეს, ნებისმიერ მომდევნო სეზონში ამ მაჩვენებელთან ახლოს მივიდეს. სწორედ ამიტომ დაიხარჯა 22 წლის ვირტცის, 23 წლის ეკიტიკესა და 25 წლის ისაკის მოსაყვანად ჯამურად 360 მლნ ევრო. სალაჰის ფაქტორის ორგანულად და ნაკლებად მტკივნეულად შემცირებასა და რაღაც მომენტებში გვერდზე გაწევას მიმდინარე სეზონის საბოლოო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.


თუკი სლოტმა ეს ამოცანა საშუალოზე კარგად შეასრულა და გუნდში სათამაშო ბალანსიც მონახა, ლივერპულს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მრავალმხრივი და რგოლების მიხედვით დაბალანსებული ღრმა შემადგენლობა ჰყავს, შესაბამისად, ყველაფერია იმისთვის, ჩემპიონთა ლიგის უპირველეს ფავორიტად ჩაითვალონ.


საუკეთესო დაცვა მსოფლიოში - არსენალი



ჩემთვის ტურნირის ნომერ მეორე ფავორიტი საფეხბურთო NBA-ის, პრემიერ ლიგის, კიდევ ერთი ტოპ გუნდი - არსენალია. მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით, ყოველწლიურად იგრძნობა, რომ მეთოფეები სტაბილურ და გეგმაზომიერ ზრდას აგრძელებენ. თუ ვინმე იტყვის, რომ პრემიერ ლიგაში 3 წელია ერთი და იმავე მე-2 ადგილზე გადიან, მათ ვუპასუხებ, რომ ჯერ ერთი ეს ზუსტადაც სტაბილურობაზე მიუთითებს და მეორეც - გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლა იყო ახალი ეტაპი - ეტაპი, რომელზეც გუნდი 2008-09 წლების შემდეგ არ იყო ნამყოფი.


არტეტამ განსაკუთრებულად მონსტრ ორგანიზაციად გუნდის დაცვის ხაზი აქცია და ამის დანახვას ფეხბურთის აქტიურად ყურებაც არ სჭირდება - ჩახედავ სტატისტიკას და აღმოაჩენ, რომ 2023-24 წლების პრემიერ ლიგაში 29 გოლი გაუშვეს, გასულ სეზონში - 34, წელს 4 თამაშში - მხოლოდ 1, ისიც, დომინიკ სობოსლაის უზადოდ შესრულებული ჯარიმა ენფილდზე. ამ თემაზე უამრავი რილსი თუ ედითი კეთდება.


ასევე, არტეტას მოსვლის შემდეგ, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 24 მატჩში 18 გოლი გაუშვა, რაც თამაშში საშუალოდ 0.75-ია - 20 და მეტ მატჩში გუნდის გაწვრთნის პირობებში, ჩემპიონთა ლიგაზე ამაზე უკეთესი შედეგები აქვთ: კაპელოს მილანს (0.38); ვან გაალის აიაქსს (0.63); რაიკაარდის ბარსას (0.68) და ვალვერდეს ბარსას (0.71).


მნიშვნელოვანია ის გამოცდილებაც, რაც მწვრთნელმა და გუნდმა 6 წლის განმავლობაში, რაც არტეტა აქ მუშაობს, ერთად მიიღეს. ბაიერნთან 1/4 ფინალში გამოვარდნა და გასული სეზონის 1/2 ფინალში მომავალ ჩემპიონ პსჟ-სთან დამარცხება, იქამდე ანჩელოტის რეალის დამარცხება, რომლებიც როგორ ვითარებაშიც არ უნდა იყვნენ, ანჩელოტია და რეალია. ამას ემატება ის, რომ კონკრეტულ მატჩში შედეგზე თამაში და არდამარცხება კარგად შეუძლიათ, რაც პრემიერ ლიგაში კარგად ჩანს იმითაც, რომ ბოლო ორ სეზონში ჩემპიონთან თამაში არ წაუგიათ. ეს, სხვა თუ არაფერი, მინიმუმ, მენტალიტეტსა და გუნდურ ერთიანობაზე მიუთითებს.


ვიქტორ იოკერეშის, მარტინ სუბიმენდის, ებერეჩი ეზეს და ნონი მადუეკეს დამატება გუნდის შემადგენლობასა და ძალას კიდევ უფრო სოლიდურს ხდის. მთავარია, როგორც არც ისე იშვიათად ემართებათ, გუნდი ტრავმების ეპიდემიამ არ შეიპყროს. სხვა მხრივ, მწვრთნელსაც და გუნდსაც ყველაფერი აქვთ, 2006 წლის შედეგის გაუმჯობესებაზე იფიქრონ და ისტორიაში პირველი ტიტულისკენ გაიწიონ.


იამალი-პედრის დუეტი და ფლიკის მაგიური შედეგები ლიგაზე - ბარსელონა



ჰანსი ფლიკმა ბარსელონა, გერმანული დომინანტობის შტრიხების თანხლებით, ბარსელონურად აათამაშა და დაბრუნდა შეგრძნება, რომ კატალონიელებს ევროპაში საუკეთესო გუნდობაზე ლეგიტიმური პრეტენზია ჰქონდეთ.


გასულ სეზონში 1/2 ფინალში დრამატულად გამოვარდნის ფონზე, ტურნირზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს - 14 მატჩში 43, რაც მათივე რეკორდს 2 გოლით ჩამორჩება. 1992-93 წლების სეზონის შემდეგ, რაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა დაერქვა, ამაზე მეტი გოლი მხოლოდ ერთმა გუნდმა გაიტანა - 1999-00 წლების ბარსამ და ისიც 1/2 ფინალში დამარცხდა (ვალენსიასთან).


ჰანსი ფლიკი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია, ამ ორი განხრით: 1) ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი (78%) აქვს - 32-დან 25; 2) მის გუნდებს საშუალოდ თამაშში 3.13 გოლი გააქვთ - 32 მატჩში 100 გოლი. ვიცით, რომ ფლიკი ამ ტურნირზე, ბარსამდე, ბაიერნს წვრთნიდა და 2019-20 წლებში ტიტული ისე მოაგებინა, რომ გახადა პირველი გუნდი, რომელმაც უეფა-ს რომელიმე ევროტურნირის ერთ კონკრეტულ სეზონში ყველა თამაში მოიგო.


სტატისტიკა სტატისტიკად, მაგრამ ეს მეტყველებს იმაზე, რამდენად კომფორტულადაა ფლიკი საპლეიოფო სტადიებზე და რამდენად კარგად შეუძლია გუნდის განწყობა კონკრეტული მატჩისთვის. სატრანსფერო ბაზარზე ჩავარდნის ფონზე, ფლიკისთვის კარგია კატალონიურ პრესაში მოარული ხმები იმაზე, რომ ბარსასთვის წელს პრიორიტეტული სწორედ ჩემპიონთა ლიგა იქნება - ძალების გადანაწილების მხრივ, იცის ვექტორი საით უნდა ჰქონდეს და ლა ლიგაში წნეხიც შედარებით ნაკლები ექნება.


გუნდშია მსოფლიოს ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი ლამინ იამალი და კიდევ ერთი სუპერ მოთამაშე - პედრი. ამას ემატება გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი სთარი და ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუს რეკორდის (სეზონში 21 საგოლე მოქმედება) მომხსნელი - რაფინია (22 გოლში მიიღო მონაწილეობა). რაც მთავარია, ემატება ის სინქრონი, სიმსუბუქე და სათამაშო რიტმი, რაც ფლიკის ბარსას მთავარი ნიშან-თვისებაა.


რობერტ ლევანდოვსკი ასაკშია და რთული სათქმელია, დიდ მატჩებში, რაც ნებისმიერ ასაკში ისედაც მისი შავი ლაქა იყო, რამდენად წონადი ფიგურა იქნება, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი გამოცდილება, კლასი, სათამაშო უნარები და მოედანსა და მის მიღმა საკომუნიკაციო თუ ლიდერული გამოვლინებები გუნდისთვის მნიშვნელოვანი ბონუსი და ენერგიის მიმცემი იქნება.


თუკი ფლიკმა შეძლო და გუნდი კვლავ იმ ხასიათით, მუხტით, ენერგიითა და ჰარმონიით ათამაშა, როგორით თამაშიც შეუძლიათ, ბარსას წაქცევა ნებისმიერისთვის ურთულესი ამოცანა იქნება.


ამასთან, ხელისშემშლელი შეიძლება იყოს ვისენტე ფეოლას 1962-ისა და ტელე სანტანას 1982-ის ბრაზილიისეული მიდგომა - „გაგვიტანეთ, რამდენსაც გაგვიტანთ, ჩვენ გაგიტანთ, რამდენიც მოგვინდება“. კი ბატონო, ბარსამ, ჟოან გარსიას სახით, ძალიან მოქნილი, სწრაფი და საიმედო მეკარე დაიმატა, მაგრამ ძალიან მაღლა ამოწეული დაცვის ხაზი, ალბათ, წელსაც ბევრი პრობლემის წინაპირობა იქნება. ფლიკმა ყველაფერი უკეთესად იცის, ჩემპიონთა ლიგა მისი კომფორტის ზონაა და ვნახოთ, რას და როგორ ჩაიფიქრებს...


გუარდიოლას ახლებური გუნდი, მსოფლიოს საუკეთესო მეკარით - სიტი



სიტიმ გასული სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა, რაც პეპ გუარდიოლას ეპოქაში ერთადერთხელ - მის პირველ სეზონში, 2016-17 წლებში მოხდა. სეზონის მიმდინარეობისას ესპანელის პირადი პრობლემები და გუნდის წარუმატებლობა ერთმანეთს დაემთხვა, ან არ დაემთხვა და ერთმანეთი განაპირობა.


თავისი საზომებით, საშინელი გამოსვლა ჰქონდა გუნდს ლიგის ფაზაში, რომელშიც 22-ე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ძლივს მოხვდა, იქ კი პირველსავე ეტაპზე რეალთან 6 გოლი გაუშვა და გამოვარდა.


ამ სეზონის წინ დე ბრუინი, ედერსონი, გიუნდოგანი და აკანჯი წავიდნენ, შევსება კი რეინდერსის, აიტ-ნურის, შერკის, ტრაფორდისა და დონარუმას სახით მიიღეს. პეპს გარკვეული დრო დასჭირდება იმისთვის, რომ გუნდში ბალანსი მონახოს და სათავისოდ აათამაშოს, მაგრამ გაზაფხულამდე საკმარისი რაოდენობის თვეებია.


ჯიჯო დონარუმას, ტიჯანი რეინდერსისა და რაიან შერკის სახით, სიტიმ დაიმატა ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ, პირველსავე სეზონში საკვანძო მნიშვნელობის მოთამაშეები გახდნენ და პროცესში გუნდის შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინონ. ფორმას იბრუნებენ როდრი და ფოდენიც.


უმთავრესი ფავორიტის სტატუსის სიტისთვის მიცემა, ამ ეტაპზე, არ გამოდის და ამის მთავარი არგუმენტი ჩავარდნილი გასული სეზონი და გუნდში მომხდარი სერიოზული ცვლილებებია. შეიძლება ითქვას, რომ დიაშის, როდრის, ფოდენისა და ჰოლანდის ფუნდამენტზე დაშენებით, პეპი ახალ და უფრო ახალგაზრდულ გუნდს აკეთებს, რომელშიც თანდათან უნდა ინტეგრირდეს რეინდერსის შემოქმედებითობა და მობილურობა, შერკის უსაზღვროდ ფართო დამაკავშირებელი და შეტევითი უნარები და დონარუმას დომინანტური დახმატება კარის ხადიან.


საინტერესო იქნება ისიც, როგორ ჩაჯდება პეპის ფეხბურთში მეკარე, რომელიც ფეხით არც ისე კარგად თამაშობს და, ასეთი ნელი ფეხების მქონე მეკარის პირობებში, რამდენად სწრაფად დააღწევს თავს გუნდი პრესინგებს, მაგალითად, ისეთებს, ტოტენჰემთან რომ ჰქონდა და საერთოდ არაფერი რომ არ გამოუვიდა.


მოქმედი ჩემპიონი მეტი თავდაჯერებით და მეტად ლუის ენრიკეს გემოვნებით - პსჟ



პარი სენ ჟერმენმა თავისთვის პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და, 1993 წლის მარსელის შემდეგ, გახდა მე-2 ფრანგული კლუბი, რომელმაც ეს გააკეთა.


უნდა ითქვას, რომ თუკი რომელიმე გუნდს ლიგის ფაზაში კალენდარი რთულად დაუჯდა, პირველ რიგში პსჟ-ს: ატალანტა, ბაიერნი, ტოტენჰემი და ნიუკასლი - შინ, ხოლო ბარსელონა, ლევერკუზენი, ბილბაო და სპორტინგი სტუმრად.


სეზონის წინ ლუის ენრიკემ გუნდიდან დონარუმა გაუშვა და ლუკა შევალიე მოიყვანა. კარგად გვახსოვს, იტალიელმა მეკარემ გასულ წელს ტიტულის მოგებაში რამდენად დიდი როლი ითამაშა და ის ულაპარაკოდ დანაკლისია. თუმცა, ფაქტია, ენრიკე ახალი და უფრო მობილური ფეხბურთის თამაშს იწყებს, რომელშიც მეკარისგან შეტევების დაწყებასა და თამაშში ჩართულობას თავისი კონკრეტული დატვირთვა და ფუნქცია ექნება.


გასულ სეზონში პარიზელთა წარმატებები, საშინელი შემოდგომის შემდეგ, ზამთრიდან დაიწყო და გვახსოვს, რომ გუნდმა პლეი-ოფში თამაში ბოლო ტურში გაინაღდა. ლუის ენრიკემ მოახერხა და პსჟ საუკეთესო გუნდად აქცია მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო.


გუნდს, დონარუმას გარდა, მნიშვნელოვანი არავინ დაუკარგავს, სამაგიეროდ, შევალიესთან ერთად, ბორნმუთიდან 22 წლის უკრაინელი მცველი - ილია ზაბარნი დაიმატეს. შესაბამისად, პსჟ იგივე გუნდია, ოღონდ, კიდევ უფრო მეტად მწვრთნელის გემოვნებასა და სათამაშო ფილოსოფიაზე მორგებული.


ლუის ენრიკეს ამოცანაა, შეტევაში არსებული რესურსი სათანადოდ მომართოს და დემბელეს, დუეს, კვარაცხელიასა და ბარკოლასგან მიიღოს ის, რაც თითოეულ მათგანს შეუძლია. განსაკუთრებით ეს კვარაცხელიასა და დუეზე ითქმის, რადგან სეზონს იდეალურ ფორმასა და კონდიციებში ვერც ერთი შეხვდა. არადა, დემბელესთან ერთად, საჭიროა, შეტევაში სხვა აქცენტებიც იყოს - თუკი პსჟ-ს ახალ სეზონში ახალი იარაღები და ვარიანტები არ ექნება, ტიტულის დაცვა პრაქტიკულად გამორიცხული იქნება.


სამაგიეროდ, თუკი ყველაფერი ესპანელი სპეციალისტის გეგმის მიხედვით წავა, გუნდს ეყოლება მობილური და ფეხით ძალიან კარგად მოთამაშე მეკარე, კვლავ დაცვის უაღრესად ეფექტიანი და სასარგებლო ფლანგები (შესაძლოა, ორივე თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოც იყოს), ჰიპერ მოძრავი, საიმედო და კრეატიული ნახევარდაცვის ცენტრი და, დიდი ალბათობით, ოქროს ბურთის მომგები მოთამაშის მონაწილეობით შემდგარი შეტევის ხაზი, რომელსაც კვარაცხელიას, დუესა და ბარკოლას ფართო დიაპაზონებიც დაემატება.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პარიზელები კვლავ ტიტულის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად უნდა ჩაითვალონ, თუმცა, უპირველეს ფავორიტებთან, ჩემი აზრით, მაინც არ უნდა დავაყენოთ, რაც გუნდის განწყობისთვის უფრო კარგია, ვიდრე - ცუდი.


მუდამ ფავორიტები - რეალი და ბაიერნი


თუკი ზედა ტოპ-5 ფავორიტიდან ვინმე აუცილებლად რეიტინგის ჩამოწერას მთხოვდა: 1) ლივერპული; 2) არსენალი; 3) ბარსელონა; 4) სიტი; 5) პსჟ.


რაც შეეხებათ ხუთეულს მიღმა დარჩენილებს, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალის ტოპ-ფავორიტებს შორის არდასახელება უჩვეულო ამბავია, ისევე როგორც - ბაიერნის, რომელიც ნებისმიერ ტურნირზე მთავარი პრიზისთვის თამაშობს.


ჩაბი ალონსო ახალ და ახალგაზრდებზე აქცენტირებულ გუნდს აშენებს, რომელშიც უამრავი მომავლის ფეხბურთელია - ბელინგემი, არდა გიულერი, ჰაუსენი, კარერასი, ენდრიკი, მასტანტუონო… პლუს, გუნდში არიან, მბაპე, ვინი, ვალვერდე, მილიტაო, კურტუა, ტრენტი.



ამ ან სხვა მწვრთნელით ამ გუნდს დიდი მიზნებისთვის ბრძოლა უდავოდ შეეძლება, მაგრამ რამდენად აუცილებლად ამ გარდამავალ სეზონში იქნება ეგ ამბები, დარწმუნებული არ ვარ. თანაც, ალონსოს ფაქტორიცაა - ძალიან მზარდი და დიდი პერსპექტივების მწვრთნელია, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რეალის წნეხსა და გასახდელსა თუ მოედანზე ეგოების მართვაში, ამ ეტაპზე, რამდენად მაგარია.


ბაიერნის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად მწვრთნელი, ჯერ კიდევ კარგად მოთამაშე, მაგრამ მაინც დაბერებული ნოიერი და მუსიალას მძიმე ტრავმა მესახება.



ბუნდესლიგაში ყველაფერი ბრწყინვალედ დაიწყო და 3 ტურში 14 (!!!) გოლი აქვთ გატანილი, მაგრამ, ვფიქრობ, დადგება მატჩები და მომენტები, როცა მუსიალას საფეხბურთო ინტელექტი და ტექნიკა გუნდს დასჭირდება - ოლისეც, განსაკუთრებით კი დიასი და გნაბრი მაინც უფრო მეტად სისწრაფეზე ორიენტირებული მოთამაშეები არიან, რომელთაც გვერდით ბოლო პასის გამკეთებელი, მომტყუებელი და დრიბლიორი შემოქმედებითი თანაგუნდელი კარგად შეავსებდათ. პერიოდულად ამ ფუნქციას ჰარი კეინი ასრულებს და კარგადაც გამოსდის, მაგრამ ეს კარგი ბონუსი შეიძლება იყოს და არა სავალდებულო მოქმედება.


მეორე ეშელონის ფავორიტებში, საინტერესო კანდიდატურებად კონფერენს ლიგის მოქმედი ჩემპიონი ჩელსი, სიმეონეს ძლიერი შემადგენლობის ატლეტიკო და ტომას ფრანკის ძალიან სიმპათიური და ჩავი სიმონსით გამრავალფეროვნებული ტოტენჰემი მიმაჩნიან.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

არსენალი
ბარსელონა
ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
მან სიტი
ლივერპული
პსჟ
რეალი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ანჩელოტი: "ბრაზილიის შემდეგ მხოლოდ რეალს თუ დავთანხმდები"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანჩელოტი: "ბრაზილიის შემდეგ მხოლოდ რეალს თუ დავთანხმდები"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდეთ თითოეულისგან

•
•ფეხბურთი
5 ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდეთ თითოეულისგან
•
•ფეხბურთი

მბაპემ რეალის დღევანდელ ვარჯიშზე დააგვიანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპემ რეალის დღევანდელ ვარჯიშზე დააგვიანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

ანჩელოტი: "ბრაზილიის შემდეგ მხოლოდ რეალს თუ დავთანხმდები"

News image

4 სთ წინ

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა!

News image

6 სთ წინ

5 ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდეთ თითოეულისგან

News image

4 სთ წინ

მბაპემ რეალის დღევანდელ ვარჯიშზე დააგვიანა