არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორედაა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, ჩვენთვის რეკორდული რაოდენობის, 5 მოთამაშე გვყავს. 2003-04 წლებში ლიგის განაცხადში ასევე 5 ქართველი იყო და ყველა მათგანმა მინიმუმ ერთ მატჩში მაინც მიიღო მონაწილეობა - კახა კალაძე (მილანი), შოთა არველაძე / ზურა ხიზანიშვილი (რეინჯერსი) და მიხეილ აშვეთია / მალხაზ ასათიანი (მოსკოვის ლოკომოტივი).
რეკორდის გამეორება - 5 ქართველი 2025-26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე
ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2025-26 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელია და 4 დებიუტანტი გიორგი ითამაშებს - მამარდაშვილი, მიქაუტაძე, ქოჩორაშვილი და ზარია.
ასევე, 18-წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ლიგის სეზონს მოქმედი ჩემპიონის რანგში ხვდება. კვარას გუნდი, ამ გადმოსახედიდან, კვლავ ტურნირის მთავარ ფავორიტებს შორისაა, თუმცა, 30 მაისამდე უამრავი ქარტეხილია.
მოდით, გადავხედოთ ქართველ ფეხბურთელებსა და მათ გუნდებს - პერსპექტივები, შანსები, კალენდარი, გუნდში თითოეულის როლი და სხვა სპეციფიკური ფაქტები, დეტალები თუ მოცემულობები.
ლუის ენრიკემ ჯიჯო დონარუმა გაუშვა - ამ სეზონისთვის მთავარი ცვლილება და სხვაობაც ესაა. კიდევ უფრო თავდაჯერებული და ახალ დონეზე ასულია გუნდის ნახევარდაცვის ცენტრი, კერძოდ, ვიტინია-ნევეშის დუეტი. ჟოაუს თამაშში წელს კიდევ სხვა აღმაფრენის სხივები და ელეგანტურობა იგრძნობა და არაა გამორიცხული, ეს სეზონი მის კარიერაში უდიდესი ფეხბურთელობისკენ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯი გამოდგეს. თუ გასულ სეზონში მთავარი კაცი გამოკვეთილად ვიტინია იყო, არის შანსი, წელს ეს დუეტი მეტად დაბალანსდეს, რაც პსჟ-ს მრისხანებას დიდი დოზით გაზრდის.
კვარა სეზონს იდეალურ კონდიციებში ვერ შეხვდა და საწყის მატჩებში ეს ეტყობოდა, მაგრამ სანაკრებო შეხვედრები პოზიტიურ მოლოდინებს აძლიერებს. თუკი, ის წინა სეზონში ვარსკვლავური სტატუსის, მაგრამ გუნდში მაინც ახალმოსული ფეხბურთელი იყო, წელს სრული კარტბლანში აქვს, რათა პსჟ-შიც გვიჩვენოს ის, რამაც გასულ სეზონში რამდენჯერმე გაიელვა და რითაც ნეაპოლის პირველ სეზონში ძალიან ხშირად გვანებივრებდა.
მისთვის უმნიშვნელოვანესი სეზონია - შემდგარი ვარსკვლავია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაც უკვე მოგებული აქვს, ოღონდ, იქ მთავარი როლი და წვლილი სხვებს ჰქონდათ - დემბელეს, ვიტინიას, დონარუმას, ჰაკიმის... ისეთი მენტალიტეტის კაცისთვის, როგორიც ხვიჩაა, ეს სერიოზული გამოწვევაა - ყველაფერი აქვს, რომ პოტენციურად მოგებულ ჩემპიონთა ლიგას „კვარას მოგებული ლიგა“ დაარქვას და გულშემატკივარს ასე დაამახსოვროს... მისი კარიერის ერთ-ერთი უახლოესი ამოცანაც ეს იქნება, რაც მის კიდევ ერთ დიდ (და, იმედია, ასევე უახლოეს) ამოცანასთან მისასვლელი პირდაპირი და ყველაზე მოკლე გზა იქნება - ოქროს ბურთი!..
მოქმედი ჩემპიონები ტიტულის დაცვას ატალანტასთან საშინაო მატჩით იწყებენ, შემდეგ ბარსელონასა და ლევერკუზენს ესტუმრებიან. პარიზში მიიღებენ ბაიერნს, ტოტენჰემსა და ნიუკასლს, ხოლო ბილბაო და სპორტინგი დანარჩენი ორი გასვლითი მატჩის მეტოქეები არიან.
პირადი პერსპექტივა - გოლები, ასისტები და ტოპ მატჩები. გუნდში ლიდერის სტატუსის მოპოვება და განმტკიცება. ხვიჩას ეს ყველაფერი შეუძლია და ვისურვოთ, რომ ამ სეზონშივე გამოუვიდეს.
გუნდის პერსპექტივა - უკვე ნახსენები დონარუმას ტრანსფერის გარდა, პსჟ პრაქტიკულად იგივე გუნდია, რაც ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ - მინუსი. კარგია, რომ როლები გადანაწილებულია, გუნდი კიდევ უფრო გაზრდილი, დახვეწილი და შედუღაბებული, მაგრამ ბუნებრივად ვეღარ იქნება ის შიმშილი, გასულ სეზონში პსჟ-ს მტაცებლად რომ აქცევდა. გარდა ამისა, ლუის ენრიკეს სიახლეები და სიმძიმის ძალის ახალი ცენტრებიც სჭირდება, რადგან თუკი ამ სეზონის წინ რომელიმე გუნდს ან ფეხბურთელებს ლუპით შეისწავლიდნენ, პირველ რიგში, პსჟ-სა და მის მოთამაშეებს.
ვალენსიურმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა, წლევანდელი გათამაშება კი 3 ტურში აღებული 7 ქულით გახსნა. ყვითელი წყალქვეშა ნავი ჩემპიონთა ლიგას 2022 წელს ნათამაშები 1/2 ფინალის შემდეგ უბრუნდება.
გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა, რითაც თავისთავად კარგად ჩანს, რამდენად დიდი ავანსებია გაცემული. ჟორჟი ლა ლიგის ისტორიაში მე-5 ქართველი ფეხბურთელია.
ახალი ქვეყანა, ახალი კულტურა, ახალი ცხოვრება. დიდი მოლოდინისა და 31-მილიონიანი ფსონის ფონზე, მთავარია, ქართველს ადაპტაციის გასავლელად და გუნდისა და თანაგუნდელების გასაცნობად მაქსიმალურად ნაკლები დრო დასჭირდეს. თანაც, ტრანსფერის დახურვის შემდეგ, გუნდში დროის გატარების საშუალება პრაქტიკულად არ ჰქონია და პირდაპირ სანაკრებო შეკრებაზე გამოემგზავრა.
შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ადაპტაციის პერიოდი და მასთან დაკავშირებული სპეციფიკაციებია. დროა საჭირო მარსელინო გარსია ტორალის სათამაშო სისტემასა და გუნდის თამაშში ჩასაჯდომადაც.
ლიგის ფაზა ტოტენჰემთან რთული გასვლითი მატჩით იწყება, შემდეგ იუვენტუსსა და მანჩესტერ სიტის უმასპინძლებენ, ხოლო პაფოსსა და დორტმუნდს ესტუმრებიან, კოპენჰაგენთან საშინაო მატჩით 2025 წელი დაიხურება, 2026-ში კი აიაქსს მიიღებენ და ლევერკუზენს ეწვევიან.
პირადი პერსპექტივა - ვილიარეალი საკმარისად ძლიერი, გამოცდილი და სტატუსიანი გუნდია იმისთვის, რომ მისმა მთავარმა ფორვარდმა სეზონში რამდენიმე გოლის გატანაზე იფიქროს. მთავარ ევროპულ სანაკრებო ტურნირზე ბომბარდირობის შემდეგ, საკუთარი სათვალის მომართვას უკვე მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირზე შეეცდება.
გუნდის პერსპექტივა - ვერ ვიტყვით, რომ ვილიარეალს კალენდარი იდეალურად დაუჯდა, მაგრამ ხვდებიან პაფოსს და იღებენ აიაქსს, დანარჩენ ყველა მატჩში კი სერიოზული სირთულეები უნდა იყოს. თუმცა, კიდევ ერთხელ, გუნდს ერთ-ერთი საუკეთესო ესპანელი სპეციალისტი წვრთნის, მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს და ამ ტურნირზე თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს. პლეი-ოფში გასვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ პროგრამა მინიმუმია.
დღევანდელი მოცემულობით, სათამაშო დროის პერსპექტივის კუთხით, ყველაზე სკეპტიკურად მამარდას შანსები შეიძლება შეფასდეს. ლივერპულში გადასვლის შემდეგ, 3 ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, ოფიციალურ მატჩებში კი კარს მუდმივად ალისონი იცავს - ამ მომენტისთვის, მამარდას პრაქტიკა მხოლოდ ორი სანაკრებო შეხვედრით შემოიფარგლება.
სლოტის გუნდი მადრიდულ გრანდებთან - რეალთან და ატლეტიკოსთან შინ ითამაშებს, მეორე-მესამე ტურში გალათასარაისა და აინტრახტს ზედიზედ ეწვევა, ენფილდზე ასევე ჩადიან პსვ ეინდჰოვენი და ნახსენები ყარაბაღიც, დანარჩენი ორი გასვლითი მატჩი კი ინტერთან და მარსელთანაა.
პირადი პერსპექტივა- ძნელი სათქმელია, რამდენად შეცვლის გადაწყვეტილებას არნე სლოტი სეზონის მიმდინარეობისას, ალბათ, უფრო არ, მაგრამ იმის შანსი კი არსებობს, რომ თუკი ლივერპულმა შემდეგ ეტაპზე თამაში ადრეულად გაინაღდა, როგორც ეს წინა სეზონში მოხდა, ლიგაზე მამარდას დებიუტიც შედგეს - მაგალითად, ლიგის ფაზის ბოლო ტურში ლივერი ყარაბაღს ენფილდზე იღებს.
გუნდის პერსპექტივა- ლივერპული გასული სეზონის ერთ-ერთ ფავორიტადაც ითვლებოდა და მომავალ ჩემპიონ პსჟ-სთან დამარცხდა. ვირცის, ეკიტიკეს, ისაკისა (ჯამში 3 შემტევი 360 მლნ ევრო დაუჯდათ) და ფრიმპონგის ტრანსფერის შემდეგ კი კიდევ უფრო ღრმა და მძლავრი შემადგენლობა ჰყავს. სლოტსა და მის გუნდს ყველაფერი აქვთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მე-7 ტიტულისთვის იბრძოლონ.
ლისაბონის სპორტინგმა პორტუგალიის ჩემპიონატის ზედიზედ ორი გათამაშება 1954 წლის შემდეგ პირველად მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზეც ავტომატურად მოხვდა.
ქოჩორა პორტუგალიის 21-გზის ჩემპიონებს ზაფხულში შეუერთდა და გუნდის მაისური 5 შეხვედრაში მოირგო - მორიტას ტრავმის შემდეგ, ძირითადში სადებიუტო მატჩი სანაკრებო პაუზამდე, პორტუს წინააღმდეგ ჩაატარა და 67-ე წუთზე შეცვალეს.
სპორტინგს ამჟამად ქოჩორას პოზიციაზე კაპიტანი მორტენ ჰიულმანი და გამოცდილი იაპონელი ჰიდემასა მორიტა ჰყავს, რომელიც წლებია ძირითადში ადგილს არ კარგავს და ბოლო ორ ზედიზედ ჩემპიონობაში 4 გოლისა და 7 ასისტის კონტრიბუცია აქვს. შესაბამისად, ამჟამადაც პირველი არჩევანი იაპონელია და ქოჩორას კონკურენციაში ყოფნა მოუწევს. მეორე მხრივ, ფაქტია ისიც, რომ რუი ბორჟესი ქართველს ყველა მატჩში აძლევდა დროს და ეს დრო თანდათან სულ უფრო იზრდებოდა. წესით, ასე იქნება ჩემპიონთა ლიგაზეც და ქოჩორას დებიუტის სანახავად დიდი დრო არ უნდა დაგვჭირდეს.
სპორტინგს, შეიძლება ითქვას, რომ კარგი კალენდარი აქვს - კაირათთან, მარსელთან და ბრიუგესთან სახლში თამაში უწევს და თუ პლეი-ოფში გასვლაზე პრეტენზია არსებობს, მათთან 6-9 ქულის აღებაა საჭირო. სამაგიეროდ, კიდევ ერთი გუნდი, რომელიც ჟოზე ალვალადეზე ჩადის მოქმედი ჩემპიონი პარი სენ ჟერმენია - 21 იანვარს, ლისაბონში - ქოჩორა V კვარა.
რაც შეეხება გასვლით მატჩებს, სპორტინგი ჯერ კვარას ყოფილ გუნდ ნაპოლის ეწვევა, რის შემდეგაც იუვენტუსთან, ბაიერნთან და ბილბაოსთან სტუმრობა მოუწევს. განსაკუთრებით რთული, მეტოქის სტატუსის გარდა, ბაიერნთან თამაში იქნება, რადგან 3 დღით ადრე პორტუგალიის ჩემპიონატში ბენფიკა -სპორტინგია.
ამ მხრივ, ლისაბონელთათვის კარგია ის, რომ ჩემპიონატის პირველ წრეში სათამაშო ერთ-ერთი დიდი მატჩი (პორტუსთან) უკვე ჩაატარეს და ლიგის ფაზისას ძალების უფრო მოხერხებულად გადანაწილების საშუალება ექნებათ.
პირადი პერსპექტივა - პირველი საჩემპიონთალიგო სეზონისას, ქართველს უმძაფრეს კონკურენციაში ყოფნა მოუწევს. კარგი იქნება, თუკი რამდენიმე შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს - ეს, ახალ დონეზე ასასვლელად, მყარი დასაყრდენი და მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება იყოს.
გუნდის პერსპექტივა - საკმაოდ მისაღები კალენდრის ფონზე, ვიქტორ იოკერეშის დაკარგვის მიუხედავად, სპორტინგი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ პლეი-ოფში გავიდეს - იქ უკვე მეტოქესა და მომენტუმს გააჩნია.
ყაზახური ფეხბურთის ისტორიაში მე-2 შემთხვევაა, როცა მათი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა - 2015-16 წლებში ეს ასტანამ გააკეთა.
კაირათმა წლევანდელ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიუბლიანას ოლიმპია, ფინური კუპსი, გურამ კაშიას სლოვანი და ჩემპიონთა ლიგის 1967 წლის გამარჯვებული და იმ წელს, საერთოდ, ტრებლის მომგები - გლაზგოს სელტიკი გამოთიშა.
სლოვანსა და სელტიკს პენალტების სერიით მოუგეს, თანაც, ორი სხვადასხვა მეკარით - სლოვაკებთან პენალტებისას კარში პირველი არჩევანი ალექსანდრ ზარუცკი იდგა, თუმცა, სელტიკთან პირველი მატჩისას ტრავმა მიიღო და მისიის დანარჩენი ნაწილი 21 წლის ტემირლან ანარბეკოვმა შეასრულა. და შეასრულა, ბრწყინვალედ - განმეორებითი მატჩისას 5 სეივი ჰქონდა, შემდეგ კი სერიისას 3 პენალტი მოიგერია!
გიორგი ზარია მაისის შემდეგ ტრავმიანობს და სტაბილურად მატჩების ზედიზედ ჩატარება უჭირს. ამიტომ იყო, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე, 3 მატჩში, შეცვლებზე ჯამურად 84 წუთი ითამაშა, 12 აგვისტოს შემდეგ კი მოედანზე საერთოდ აღარ გასულა.
ზოგადად, რაც ამ გუნდში გადავიდა (2024-ის ზამთარში) ძირითადის წევრია და ყაზახეთის ჩემპიონატის გასულ, კაირათისთვის საჩემპიონო, სეზონში 23 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო, წელს კი 15 თამაშში 5 გოლი და 2 ასისტი აქვს.
12 სექტემბერს, პირადი კომუნიკაციისას მითხრა, რომ ვარჯიში 4 დღის განახლებული აქვს, თუმცა, ტკივილები მაინც აწუხებს. ფიქრობს, რომ არის შანსი, სპორტინგთან განაცხადში იყოს.
ლიგის ფაზის 1-ელ ტურში ქართული დაპირისპირებაა - ზარიას კაირათი ქოჩორას სპორტინგს ლისაბონში შეხვდება. ყაზახები შემდეგ ტურებში ასევე ესტუმრებიან ინტერს, კოპენჰაგენსა და არსენალს, საკუთარე მოედანზე კი რეალს, პაფოსს, ოლიმპიაკოსსა და ბრიუგეს მიიღებენ.
პირადი პერსპექტივა - ტრავმის მოშუშებისა და ფორმაში ჩადგომის შემთხვევაში, წესით, ძირითადში დაბრუნდება. იმ ტიპის ნახევარმცველია, გოლების გატანა რომ შეუძლია და გამოსდის.
გუნდის პერსპექტივა - ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტ პაფოსთან და მე-2-ედ მთავარ ეტაპზე გასულ ყარაბაღთან ერთად, კაირათი წლევანდელი ტურნირის ყველაზე დაბალი რანგისა და სიძლიერის გუნდებს შორის მოიაზრება. ყაზახებისთვის თითოეული ქულა ან ქულები ისტორიული ამბავი და მნიშვნელოვანი წარმატება იქნება.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
ირაკლი ფოფხაძე
კომენტარები