ვილიარეალმა ლა ლიგის მეშვიდე ტურში ლევანტე 3:1 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ მოახერხა გოლის გატანა.
ქართველი ფორვარდი, რომელიც ამჯერადაც სათადარიგო სკამიდან ჩაერთო თამაშში, 86-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და ზუსტი დარტყმით მატჩს წერტილი დაუსვა.
შეხვედრის შემდეგ ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა ინიგო პერესმა ქართველი თავდამსხმელის გარშემო არსებულ ვითარებაზე ვრცლად ისაუბრა:
9 ნომრებისთვის და თავდამსხმელებისთვის გოლის გატანა ის წამალია, რომელიც მათ სიმშვიდეს ანიჭებთ. მიუხედავად იმისა, გუნდი იგებს თუ აგებს, ფორვარდი ყოველთვის განიცდის გარკვეულ შფოთვას, როდესაც მისი დარტყმები ზუსტი არ არის. ამიტომ, გოლის გატანა ყოველთვის დადებითი მოვლენაა.
მიქა შესანიშნავი ბიჭია, მართლაც შესანიშნავი და უმაღლესი დონის ფეხბურთელი. მან კარგად გაიგო არსებული სიტუაცია. ყველამ ვიცით, რომ ის თვითონ ქმნის უამრავ საგოლე მომენტს, რომლებიც გოლით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვერ ახერხებდა მათ რეალიზებას, ამ გოლს იმსახურებდა. ბუნებრივია, როდესაც გოლს იტანს, მხრებიდან დიდი ტვირთი ეხსნება.
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძეს ლა ლიგაში შვიდ მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ვილიარეალს რვა ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი გუნდს სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალთან მძიმე გასვლითი შეხვედრა ელის.