მადრიდის რეალისა და ატლეტიკოს დაპირისპირებაში კილიან მბაპემ ყურადღება არა მხოლოდ თამაშით, არამედ თავისი ბუცებითაც მიიპყრო.
ფრანგული გამოცემა Foot Mercato-ს ცნობით, ფრანგი შემტევი მოედანზე მთლიანად თეთრი Nike Mercurial-ის ბუცებით გავიდა, თუმცა ამერიკული ბრენდის ლოგო სპეციალურად დაფარა.
ეს ჟესტი მბაპეს სპონსორებთან დაკავშირებულ დიდ ცვლილებებზე მიუთითებს. სულ რაღაც ორი დღით ადრე, ფეხბურთელმა შვეიცარიულ კომპანია On-თან პარტნიორობა გააფორმა და არა მხოლოდ ბრენდის ელჩი, არამედ კომპანიის აქციონერიც გახდა.
On ძირითადად ტრიატლონსა და ჩოგბურთთანაა ასოცირებული (მათი ერთ-ერთი პარტნიორი ლეგენდარული როჯერ ფედერერია), თუმცა ახლა კომპანიას საფეხბურთო ბაზარზე დამკვიდრებაც სურს. აღსანიშნავია, რომ ბრენდის საფეხბურთო მიმართულების დირექტორის პოსტს ფრანგი ლეგენდა, ტიერი ანრი იკავებს.
მადრიდულ დერბიში Nike-ს ლოგოს დამალვა მბაპეს პირველი ნაბიჯი იყო, რომელმაც ახალ პარტნიორობას გაუსვა ხაზი და სპორტულ მედიაში ბრენდების ომის დაწყების ეჭვები გააჩინა.