2023 წელს რამონ სანჩეს პისხუანზე მომხდარი ინციდენტიდან ორი წლის შემდეგ, სევილიას გულშემატკივარი სამართლის წინაშე წარდგება.
სამშაბათს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე მას, შესაძლოა, პატიმრობა მიესაჯოს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანური პროკურატურა მადრიდის რეალის ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის მიმართ გამოჩენილი რასიზმისა და „მორალური ღირსების შელახვისთვის“ ბრალდებულისთვის 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
გამოძიების თანახმად, ინციდენტი მატჩის 83-ე და 86-ე წუთებს შორის მოხდა. ჩრდილოეთ ტრიბუნაზე, მოედანთან ძალიან ახლოს მყოფმა ფანატმა ვინისიუსს მიზანმიმართულად მიაყენა შეურაცხყოფა. ბრალდების მიხედვით, მან ბრაზილიელს კანის ფერის გამო „მაიმუნი“ უწოდა და შესაბამისი ხმებითა და ჟესტებით ცხოველის იმიტაციას აკეთებდა, რაც ტელეკამერებმაც ნათლად დააფიქსირეს. პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ ამ ქმედებამ ფეხბურთელში „იმედგაცრუების, სირცხვილისა და დამცირების“ გრძნობა გამოიწვია.
ინციდენტზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა როგორც ლა ლიგას, ისე სევილიას. ანდალუსიურმა კლუბმა დამნაშავე ადგილზევე გამოავლინა, სტადიონიდან იმ წამსვე გააძევა და შიდა დისციპლინური სანქციებიც დააკისრა, რამაც საქმის სასამართლომდე მიტანაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. თავად ლა ლიგამ კი ოფიციალური საჩივარი ფეხბურთის ფედერაციასა და ანტი-ძალადობის კომიტეტში შეიტანა.
ახლა კი, ორწლიანი ლოდინის შემდეგ, სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი, რომელიც ესპანურ სტადიონებზე რასიზმთან ბრძოლაში, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი და ძლიერი იურიდიული პრეცედენტი გახდეს.