მადრიდულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ, მადრიდის რეალის თამაში კრიტიკის ეპიცენტრში რჩება.
მეტროპოლიტანოზე ჟოზე მოურინიოს გუნდი 10 კაცით დარჩა, ორი გოლი გაუშვა და ატლეტიკოსთან 2:1 დამარცხდა.
ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა მატჩის ანალიზისას ერთი ძალიან საყურადღებო დეტალი გამოყო, რომელიც რეალის ტაქტიკურ დეზორგანიზაციაზე ზუსტად მეტყველებს. პირველი ტაიმის განმავლობაში კილიან მბაპე და ვინისიუს ჟუნიორი მოედანზე პრაქტიკულად ერთსა და იმავე ზონას იყოფდნენ.
მიუხედავად მატჩამდე არსებული კითხვებისა, მოურინიომ სასტარტოში მბაპე, ვინისიუსი, ჯუდ ბელინგემი და არდა გიულერი ერთად დააყენა. როგორც ფრანგული მედია წერს, პრობლემა ამ მოთამაშეების ნიჭში კი არა, ბალანსსა და როლების არასწორ გადანაწილებაშია. იმის ნაცვლად, რომ ფეხბურთელებს სივრცეები აეთვისებინათ და საკუთარი ძლიერი მხარეები გამოეყენებინათ, ისინი მუდმივად ერთმანეთის პოზიციებზე ინაცვლებდნენ.
მბაპესა და ვინისიუსის იდენტურმა პოზიციონირებამ რეალის შეტევა სრულად გააუვნებელყო. L'Equipe-ის შეფასებით, ეს არ იყო უბრალოდ ორი ფეხბურთელის ერთ ზონაში შემთხვევით მოხვედრა - ეს იყო სტრუქტურული ქაოსის პირდაპირი ასახვა, რამაც მადრიდის რეალს მეტოქეზე ზეწოლის მოხდენისა და თამაშზე საკუთარი სტილის მოხვევის საშუალება არ მისცა.