ოქროს ბურთის გარშემო ატეხილი სკანდალიდან რამდენიმე დღეში კილიან მბაპემ დუმილი დაარღვია და უსმან დემბელესთან შესაძლო კონფლიქტზე ისაუბრა.
ფრანგულ გამოცემა Foot Mercato-ს ცნობით, მადრიდის რეალის ვარსკვლავმა დაადასტურა, რომ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მათი მეგობრობა არ დაუზიანებია და ინდივიდუალური ჯილდოსთვის ბრძოლა პირად დაპირისპირებაში არასდროს გადაზრდილა.
ყველაფერი მბაპეს განცხადებით დაიწყო, სადაც მან აღნიშნა, რომ კარიერის განმავლობაში ყოველთვის „რჩეულად“ მიიჩნეოდა, მაშინ როცა მისი თანაგუნდელი ხშირი ტრავმებით იტანჯებოდა. ამას დემბელეს სწრაფი პასუხი მოჰყვა - პარი სენ-ჟერმენის გამარჯვების შემდეგ მან განაცხადა, რომ არასდროს ყოფილა „რჩეული“ და ამჟამინდელ სტატუსს მხოლოდ დიდი შრომით მიაღწია.
საფრანგეთის ნაკრების მოახლოებული შეკრების წინ, მედიაში ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაზე ბევრს წერდნენ. თუმცა, L'Équipe-თან ინტერვიუში მბაპემ ყველანაირი ჭორი უარყო:
ამ თემაზე მასთან უკვე ვისაუბრე. არანაირი დაძაბულობა და რეალური პრობლემა არ არსებობს, აბსოლუტურად მშვიდად ვარ
მბაპეს თქმით, ეს ხმაური დიდწილად ერთა ლიგის მატჩებისა და საფრანგეთის ნაკრების შეკრების მოახლოებამ გამოიწვია, რადგან ასეთ დროს მედია ყოველთვის ეძებს სკანდალს. ახლა გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების ყურადღება კლერფონტენის საწვრთნელი ბაზისკენაა მიმართული, სადაც მეგობრები ერთმანეთს ამ ხმაურიანი ისტორიის შემდეგ პირველად შეხვდებიან.