The Athletic-ის ჟურნალისტი მარიო კორტეხანა ჩაბი ალონსოსთან დაკავშირებით საინტერესო სტატიას აქვეყნებს.
როცა ივნისში ჩაბი ალონსო რეალის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მან კარლო ანჩელოტის ოთხწლიანი ეპოქის შემდეგ ნახა გასახდელი, რომელიც მიჩვეული იყო ისეთ პირობებს, რომლებიც, მისი აზრით, საფეხბურთო გუნდისთვის საუკეთესო არ იყო. ალონსოს შტაბთან დაახლოებულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ გუნდში „ბევრი ცუდი ჩვევა“ იყო გამჯდარი.
მისი ერთ-ერთი პირველი მესიჯი ფეხბურთელებისადმი იყო ის, რომ მისი თავკაცობისას ყველა უნდა დარბოდეს და იმუშაოს უფრო მეტად მაშინ, როცა ბურთი მოწინააღმდეგეს აქვს და ამის გარეშე არავის ექნებოდა გარანტირებული ადგილი შემადგენლობაში.
რამდენიმე წყაროს თქმით, მოთამაშეები უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ მოედანზე საკუთარი უნარების გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, ალონსოს უფრო მკაცრი და დამჯდარი სტილი აშკარად განსხვავდებოდა ანჩელოტის თავისუფალი მიდგომისგან.
„ზოგიერთმა მათგანმა იმდენი მოიგო იმ ყველაფრის გარეშე, რაც ახლა მოეთხოვებათ, რომ როცა ეს წესები დაუწესეს, პროტესტი გამოთქვეს,“ - თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
პირველი გუნდის ერთ ფეხბურთელთან დაახლოებულმა პირმა დაამატა, რომ რეალი „გადავიდა მწვრთნელიდან, რომელიც ვარჯიშებში თითქმის არ ერეოდა, ისეთ მწვრთნელზე, რომელიც თითქოს თვითონაც მოთამაშეა“.
სხვა წყაროების თქმით კი, ფეხბურთელებს ალონსო დისტანციური და მიუწვდომელი ეჩვენებათ, რაც კიდევ ერთხელ კონტრასტშია ანჩელოტისთან, რომელიც ძალიან პოპულარული იყო გუნდში.
„ის ფიქრობს, რომ პეპ გვარდიოლაა, მაგრამ ამ ეტაპზე ის უბრალოდ ჩაბია,“ - თქვა ერთ-ერთ ფეხბურთელთან დაახლოებულმა პირმა.