მადრიდის ატლეტიკომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ანტუან გრიზმანი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.
35 წლის ფრანგი თავდამსხმელი ზაფხულში ამერიკულ ორლანდო სიტის შეუერთდება. კლუბის ნებართვით, გრიზმანი აშშ-ში კონტრაქტის გასაფორმებლად უკვე გაემგზავრა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელმა ორლანდოსთან ორწლიანი ხელშეკრულება შეათანხმა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ხელფასი 10 მილიონი ევრო იქნება.
ანტუან გრიზმანი ატლეტიკოში 2014 წელს გადავიდა (2019-2022 წლებში ბარსელონაში გამოდიოდა). ის მადრიდული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 211 გოლით და რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით (488).
ატლეტიკოს შემადგენლობაში მან ესპანეთის სუპერთასი, ევროპა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.