-
Aa
+
ფონტის ზომა
მაროკოს ქალაქების სტადიონებზე აფრიკის ერთა თასის (AFCON) 35-ე გათამაშება მიმდინარეობს. 2025 წლის პირველობაზე, წინა სამი ტურნირის მსგავსად, წელსაც 24 გუნდი მონაწილეობს. „ცხელი კონტინენტის“ ჩემპიონატს გამოკვეთილი ფავორიტიც ჰყავს - საერთო მოსაზრებით, ტურნირზე გამარჯვების სხვებზე უკეთესი შანსი მასპინძელ მაროკოს აქვს, თუმცა სენეგალის, ეგვიპტის, ალჟირისა და ნიგერიის ეროვნულ ნაკრებებსაც მოიაზრებენ თასის მოგების კანდიდატებად.
AFCON 2025-ის განვლილ პირველ ტურში არავითარი სენსაცია არ მომხდარა და უკლებლივ ყველა ფავორიტმა გუნდმა შეძლო გამარჯვება, რასაც ჩვენი გვერდიდანაც შეიტყობდით, თუმცა ყველაფერი წინაა და აფრიკული ფეხბურთისთვის დამახასიათებელ უპროგნოზო და არასტაბილურ ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, მთავარი ამბები წინ გველოდება.
სანამ მიმდინარე ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შევა, იქამდე აფრიკის კონტინენტური პირველობის ისტორიას შევეხოთ, რომელიც შორეული 1957 წლიდან იღებს სათავეს, ეს კი ის პერიოდია, „ცხელ კონტინენტზე“ ჯერ კიდევ კოლონიალიზმი რომ ბატონობს და დამოუკიდებელი ქვეყნები ცალზე ცოტაა.
პირველ გათამაშებას 1957 წლის თებერვალში, სუდანის დედაქალაქმა ხართუმმა უმასპინძლა და მასში მხოლოდ სამმა გუნდმა, სუდანმა, ეგვიპტემ და ეთიოპიამ მიიღო მონაწილეობა. მეოთხე ნაკრები სამხრეთ აფრიკა უნდა ყოფილიყო, თუმცა აპართეიდის გამო ქვეყანას დისკვალიფიკაცია მიეცა და ეთიოპიის ეროვნული ნაკრები პირდაპირ მოხვდა ფინალში.
სამეზობლოში გამართულ ტურნირზე ეგვიპტემ მასპინძელ სუდანს 2:1 სძლია, ფინალში კი აბისინიელები არ დაინდო და 4:0 დაამარცხა მეტოქე. გადამწყვეტ მატჩში პოკერი შეასრულა მოჰამედ დიაბ ალ-ატარმა, იგივე ად-დიბამ, რომელიც საინაუგურაციო ასპარეზობის ბომბარდირიცა (5 გ.) და საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
ორი წლის შემდეგ ჩემპიონატს ეგვიპტემ (იმხანად ერქვა გაერთიანებული არაბთა რესპუბლიკა) უმასპინძლა. ტურნირზე ამჯერადაც იგივე სამი გუნდი მონაწილეობდა, პირველის მსგავსად - მასპინძელი და ორი მოწვეული ქვეყანა.
ეგვიპტელებმა ეთიოპიელებსა და სუდანელებს ზუსტად იგივე ანგარიშებით სძლიეს, როგორც - წინა ტურნირზე. გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ ად-დიბა გახდა, რომელსაც გოლი ამჯერად არ გაუტანია.
1962 წლის აფრიკის ერთა თასი ოთხ გუნდს შორის გათამაშდა და მასში უკვე საკვალიფიკაციო ეტაპით მოხვდნენ გუნდები (შესარჩევის ექვსი მონაწილიდან ტურნირზე ორი, ტუნისი და უგანდა გავიდნენ), გამარჯვება კი მასპინძელ ეთიოპიას დარჩა.
ორი გუნდით გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა მომდევნო წელს განაში ჩატარებულ პირველობაზე, სადაც ასევე მასპინძლებმა იმარჯვეს. 1968 წელს კი, როდესაც კონტინენტზე უკვე ბევრი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, აფრიკის ერთა თასზე რვა ნაკრებს შორის პირველი ჯგუფური ტურნირი გაიმართა.
ორი ოთხგუნდიანი ჯგუფის ფორმატით კიდევ 11 ჩემპიონატი ჩატარდა, 1992 წელს კი 12 გუნდი მონაწილეობდა, რომელიც ოთხ სამგუნდიან ჯგუფში იყო განაწილებული. სენეგალში გამართულ პირველობაზე ისეთმა სახელებმა გაიბრწყინეს, როგორებიც რაშიდი იეკინი (ტურნირის ბომბარდირი) და აბედი პელე (ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი) არიან. ამავე წელს, არსებობის ისტორიაში პირველად, AFCON-ს თილისმა ყავდა: ლომი სახელად დიამბარი.
1996 წლიდან 2017 წლის ჩათვლით კი აფრიკის ერთა თასი, რომლის ისტორიას არაერთი უცნაური და გამორჩეული ფაქტი ახსოვს, 16-გუნდიანი იყო.
ტურნირის არსებობაში ამჟამინდელი ტროფეი მესამე ჯილდოა. საინტერესოა 1980-2000 წლებში არსებული საჩემპიონო თასი, რომელზეც ოლიმპიური სიმბოლოს მსგავსი, ხუთი გადაჯაჭვული სხვადასხვა ფერის რგოლი იყო გამოსახული.
AFCON-ის ყველაზე წარმატებული გუნდი ეგვიპტის ნაკრებია. „ფარაონებს“ შვიდჯერ უზეიმიათ კონტინენტის პირველობა და ასევე ეკუთვნით რეკორდი: 2006, 2008 და 2010 წლებში ეგვიპტემ ჰასან შეჰატას ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ მოიგო ტურნირი.
შეჰატა სამი ჩემპიონობით, განელ ჩარლზ გიამფრისთან ერთად, მწვრთნელებს შორის ყველაზე წარმატებულია. ორ სხვადასხვა ნაკრებთან ერთად ჩემპიონობა კი ფრანგ ერვე რენარს ეკუთვნის - ზამბია 2012 და კოტ დ’ივუარი 2015.
მწვრთნელებს შორის უნიკალურია ფრანგი კლოდ ლე რუაც, რომელსაც 9 სხვადასხვა პირველობაზე გაუყვანია 6 სხვადასხვა ნაკრები: კამერუნი, სენეგალი, განა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგო და ტოგო.
ფეხბურთელთა შორის, ყველაზე მეტი ჩემპიონობა ასევე ეგვიპტელებს ეკუთვნით: აფრიკის ერთა თასი ოთხ-ოთხჯერ აქვს მოგებული აჰმედ ჰასანსა და მეკარე ესამ ელ-ჰადარის.
AFCON-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლეგენდარული სამუელ ეტო’ოა, რომელმაც 18 გოლი 6 სხვადასხვა ტურნირზე გაიტანა. ჩატარებული მატჩების მხრივ კი ეტო’ოს თანამემამულე რიგობერტ სონგი და განელი ანდრე აიუ ლიდერობენ 36-36 შეხვედრით.
ეგვიპტელი მაჰმუდ ელ-გოჰარი (1938–2012) და ნიგერიელი სტივენ კეში (1962–2016) აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულები გამხდარან როგორც ფეხბურთელების, ისე მწვრთნელების ამპლუაში, შესაბამისად - 1959 და 1998; 1994 და 2013 წლებში.
ზაირელი კაზადი მვამბა ერთადერთი მეკარეა, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაუსახელებიათ (1968 წელს), ხოლო ზამბიელი მეკარე კენედი მვეენე ერთადერთია, რომელსაც ტურნირზე გოლი გაუტანია: 2013 წელს ჯგუფურ ეტაპზე გოლკიპერმა ნიგერიას თერთმეტმეტრიანით გაუთანაბრა.
2015 წლის აფრიკის ერთა თასის ფინალი ერთადერთია, რომელშიც უგოლო ფრის შემდეგ, გუნდებმა გამარჯვებულის გამოსავლენად 11-11 პენალტი დაარტყეს: კოტ დ’ივუარმა განას თერთმეტმეტრიანების სერიაში 9:8 სძლია, თუმცა ტურნირს ამ შეხვედრაზე უფრო უხვპენალტიანი მატჩიც ახსოვს: 2006 წელს მეოთხედფინალში კოტ დ’ივუარელებმა 12-დან უკლებლივ ყველა თერთმეტმეტრიანი გაიტანეს და კამერუნი 12:11 დაჯაბნეს.
1963 წლის პირველობაზე ეგვიპტე-ნიგერიის შეხვედრა 6:3 დასრულდა. მატჩი იმითაა დღემდე გამორჩეული, რომ ერთი ნაკრების რიგებში ჰეთ-თრიქებით ორი ფეხბურთელი გამოირჩა: ჰასან ელ-შაზლი და მოჰამედ მორსი ჰუსეინი, იგივე რედა, რომელიც ორი წლის შემდეგ, 26 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა...
ზოგადად ეს ტურნირი მასპინძლებს სწყალობთ: წინა 34 პირველობიდან 12-ჯერ შეძლეს მასპინძელმა ნაკრებებმა ჩემპიონობა. ამათგან უჩვეულოა სამხრეთ აფრიკის შემთხვევა - „ბაფანა ბაფანა“ 1996 წელს ტურნირის მასპინძელი და ამავდროულად დებიუტანტი იყო, როდესაც ჩემპიონობა იზეიმა, რითიც წინა წელს რაგბის ნაკრების მსოფლიო თასის ანალოგიური წარმატება გაიმეორა.
ასეთია მცირე სატისტიკური მიმოხილვა იმ კონტინეტის საფეხბურთო ჩემპიონატისა, რომელიც მრავალფეროვან და მრავალჭირნახულ ერებს აერთიანებს.
წლევანდელი პირველობა კვლავაც იწვევს დიდ ინტერესს სანაკრებო ფეხბურთის მოყვარულებში, კვლავაც ანერვიულებს ევროპულ კლუბებს შუა სეზონში მონაკლისებული აფრიკელი ლეგიონერების გამო და კვლავაც იმსახურებს გამორჩეულ ყურადღებას იმ კონტინენტისადმი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთს არაერთი დიდი ვარსკვლავი აჩუქა.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები
