• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
(არა)მფრინავი ჰოლანდიელი - გორგილაძის ბლოგი
ფეხბურთიფეხბურთი

(არა)მფრინავი ჰოლანდიელი - გორგილაძის ბლოგი

22 ივლ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ამ ბლოგის წერას 4 ივლისს, საფრანგეთის დროით 17:48 საათზე ვიწყებ. როდის დავასრულებ კაცმა არ იცის, მაგრამ პირველ სიტყვებს ნამდვილად 4 ივლისს ვაკაკუნებ, როცა ექვსს 12 წუთი უკლია. ეს მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი იმიტომაა,  რომ გოლთა შორის უგოლესის იუბილეა 4 ივლისის ის მონაკვეთი, როცა სადაცაა საათის ექვსი შესრულდება.


ეს წერილი გახსენებისაა.


რადგანაც შუა ზაფხულია, ანუ დიდი სპორტისათვის მკვდარი დრო; რადგანაც მომქანცველი სეზონების შემდეგ  სპორტსმენები დაწყვეტილ კუნთებს იშენებენ, ახალი სპორტული სეირების ცქერამდე კი ჯერ შორია, მხედველობას მეხსიერება უნდა შემოეხიდოს და გონების ფსკერიდან დაუვიწყარი თუ არდასავიწყებელი მომენტები ამოგვიტივტივოს ზედაპირზე. ის სცენები და კადრები, რისთვისაც სპორტი გვიყვარს და რის გამოც სიტყვებით ვერც ვხსნით ამ სიყვარულს.


კაცმა რომ თქვას, ის სიყვარული რა სიყვარულია, რომლის სიტყვებით ახსნასაც შეძლებ.


ეს წერილი არამფრინავ ჰოლანდიელზეა. უფრო სწორად მფრინავ არამფრინავ ჰოლანდიელზე, რომელიც, თურმე, 1994 წელს ჰაერში გამოკიდებული მაგრად აჯანჯღარა და მას შემდეგ ვირუსივით შეეყარა ფრენის შიში. ჩვენ კი შიშს ვეძახდით, მაგრამ თვითონ ამბობდა ეს შიში არ არისო, ეს ფობიააო. ესეიგი შიშზე უფრო აღმატებული, ძლიერი და გულის მუდმივად  გამაწვრილებელიო. თვითონ ფრენა იქით იყოს, იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რომ თვითმფრინავში უნდა ჩავჯდეო, კუნთები ერთიანად მეჭიმებაო. რა გინდა რო ქნა, როგორ გინდა რომ თავს მოერიო?! არადა დიდი ფეხბურთელი ხარ, აქეთ ნაკრებს სჭირდები, იქით კლუბს. თან ისეთ ნაკრებს როგორიც ნიდერლანდებისაა; ისეთ კლუბს როგორიც არსენალია.  ყველგან ხომ ვერ გაჰყვები მატარებელს,  ვერც მანქანას გადაქოქავ და მიადგამ პედალს სხვა კონტინენტზე მოსახვედრად. ამ შემთხვევაში გემი კი გამოდგება, მაგრამ ზღვაოსნობას თავისი ფათერნები ახლავს და დროც სხვა სჭირდება.


ხანდახან ბებრულად გამომდის ხოლმე, როცა ვამბობ ფეხბურთი შეიცვალა - მეთქი და ამ დროს საკუთარ თავს გვერდიდან ამრეზით ვუყურებ, მაგრამ მაშინდელი ფეხბურთი, ეგრე მგონია, მეტად სავსე იყო თანაგრძნობით. თანამედროვე, გაქვავებულ ენაზე რომ ვთქვა, უფრო ემპათიური გახლდათ. არსენ ვენგერიცა და ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელებიც მეტწილად გაგებით ეკიდებოდნენ ბერკამპის შიშებსა და ფობიებს. აბა, დღეს სადღა ნახავ... დღეს რომელი მწვრთნელი აჰყვება ფეხბურთელის ხუშტურებს, თუგინდ გულწრფელად სჯეროდეს ამ ხუშტურებისა და თანაუგრძნობდეს მას. არა, ალბათ გამოიძებნება ერთი-ორი ეგეთი უშიშარი, მაგრამ თავზეხელაღებული მწვრთნელების დროც მიდის ნელ-ნელა. ახლა მეტი პრაგმატიზმია საჭირო, რადგან ბიზნესს გულჩვილობა არ უყვარს.


ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ეს ბლოგი გახსენებისაა. ჩვენთვის გახსენების და ახალი თაობის გულშემატკივრებისთვის გაცნობის. დიდმა კოლუმბიელმა მწერალმა, ნობელის პრემიით დაჯილდოებულმა გაბრიელ გარსია მარკესმა გადასარევად ბრძანა: ცხოვრება ის კი არ არის, რაც გამოიარე, არამედ ისაა, რაც გახსოვსო. ფეხბურთიც ეგრეა. მსაჯის პირველი და ბოლო სასტვენით ხომ არ შემოიფარგლება, არამედ იმით, რაც თვალებიდან და გონებიდან ვერ ამოგვდის. ვერც მოედანზე და ვერც მოედნის მიღმა მომხდარი.


ჩემთვის ერთი ეგეთი დენის ბერკამპის გოლია, 1998 წელს არგენტინის კარში გატანილი. განატილი რა, უფრო ფიზიკის, გრავიტაციის ძალით შენარნარებული. ხომ გქონიათ შემთხვევა, როცა მძღოლის გვერდით ზიხარ და მის მაგივრად ცდილობ დამუხრუჭებას. ვინც თავადაც ატრიალებს საჭეს, ყველას წაუღია ფეხი არარსებული მუხრუჭის პედლისკენ. ბერკამპის ეს გოლიც ასეთ პირველქმნილ ინსტიქტს გიღვიძებს. როცა ხედავ, რომ დე ბური ლამის ისარივით გაისწორებს ბურთს და 40 მეტრიან პასს ჩაჰკიდებს დიაგონალზე... ბურთი პარაშუტივით ეშვება და გენანება, რომ მსგავსი სილამაზე შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს, ადამიანის შვილმა ვერ მოიხელთოს. ამ დროს კი ბერკამპი გაიშვერს მარჯვენას და კი არ მიიღებს, ფეხის წვერზე შეასვენებს ბურთს - თითქოს შეაყენებს წამს და ეკრანთან მჯდომი შენც გრძნობ მასთან შეხებას. გინდა - არ გინდა ნელდება კადრი და ირთვება მუსიკა, აკადემიურად სევდიანი, ჰაეროვანი, ინსტაგრამის მელქანქოლიურ სთორიზე დასადები.  ჩამოჰკრავს მარჯვენას ბერკამპი, მოარჯულებს სფეროს და გაუშვებს რობერტო აიალას პენსიაზე. დაჰკრავს იმავე მარჯვენას, გაახვევს ბადეში და ჩააბჟირებს კომენტატორს თავისი სახელის გამეორებით.


უყურეთ რა, გაიხსენეთ, დატკბით.  ივლისს დავიწყე წერა და 17-ში დავამთავრე. რა ვქნა, სიცხეა. იწვის დუნია. იმ დღესაც ცხელოდა მარსელში, როცა არამფრინავმა ჰოლანდიელმა იფრინა.  მაინც სხვა იყო იმ დროს ფეხბურთი, უფრო მგრძნობიარე, უფრო საგმირო, უფრო ვეფხისტყაოსნური.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

დათო გორგილაძე

დათო გორგილაძე

გორგილაძის ბლოგი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ო, პარტიზანე! ო, შამპიონე! - გორგილაძის ბლოგი

•
•კალათბურთი
ო, პარტიზანე! ო, შამპიონე! - გორგილაძის ბლოგი
•
•კალათბურთი

კაპიტანი პორტუგალია - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
კაპიტანი პორტუგალია - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი

გადაფრენა პაკისტანზე და უკან

•
•სხვა სპორტი
გადაფრენა პაკისტანზე და უკან
•
•სხვა სპორტი

არც ისე კარგი, არც ისე ცუდი და არც ისე ბოროტი - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
არც ისე კარგი, არც ისე ცუდი და არც ისე ბოროტი - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი
News image

03 სექ, 2025

ო, პარტიზანე! ო, შამპიონე! - გორგილაძის ბლოგი

News image

16 ივნ, 2025

კაპიტანი პორტუგალია - გორგილაძის ბლოგი

News image

02 ოქტ, 2025

გადაფრენა პაკისტანზე და უკან

News image

16 სექ, 2025

არც ისე კარგი, არც ისე ცუდი და არც ისე ბოროტი - გორგილაძის ბლოგი