• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
გადაფრენა პაკისტანზე და უკან
სხვა სპორტისხვა სპორტი

გადაფრენა პაკისტანზე და უკან

02 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ცოდვა გამხელილი სჯობს - ესპანურს ვსწავლობ.


სწავლა ჰქვია, თორემ ვჯახირობ, ვგლახაობ.


სკოლაში დავდივარ. სკოლა კარგი ჩანს, მაგრამ მე ვარ უნიათო. ვერ ვითვისებ. როგორ ამბობენ? - ენებისადმი მიდრეკილება არ მაქვს. ხალხი ვიცი, სამ-ოთხ დღეში იწყებენ ჭიკჭიკს. გამართულად, უაქცენტოდ. მაგათი სულის ჭირიმე, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მე მაგათიანი ვერ ვარ. სიტყვებს ვაკოწიწებ და საქმე საქმეზე რომ მიდგება სწორად ვერც ვიყენებ. კომბლესავით ვარ, ჭერში ვაწყობ.


ოლა. კეტალ. კომო ესტას. გრასიას. ადიოს. ამარიოლიო. კომო ტე იამას. ტოდო ბიენ. ამ მიდამოებში ვტრიალებ. რაღაც სიტყვები და ფრაზები ლათინოამერიკული სერიალებიდან მახსოვს. გამომადგა „ბლანკოს ქვრივი“ და „გვადალუპე“. აქ მოიქნია ბედმა კუდი. „კაიატე, პორ დიოს“ [მოკეტე, ღვთის გულისათვის]; „მირამე“ [შემომხედე. როცა ალისია გუარდიოლა დაჟინებული მზერით უყურებს დიეგოს]. ცოტა რამ შემომესწავლა „Breaking bad”-იდან. გადასარევად, მექსიკური აქცენტით ვიმეორებ ხოლმე ყოველი სასიხარულო სიურპრიზის დროს დონ ელადიოს ფრაზას: „ნოოო, იმპოსიბლე!“. და ასე შემდეგ... და ასე შემდეგ.


გამაქვს თავი ავად თუ კარგად.


კლასში ექვსნი ვართ. ორი ჩინელი, ერთი შვეიცარიელი,  ერთი კოტდივუარელი, პაკისტანელი და მე.


ყველანი საწყლები. ბორძიკ-ბორძიკით ვამბობთ სალამს და როცა მასწავლებელი გვეკითხება, როგორ ხართო, დავიმორცხვებთ ხოლმე. თვალდახრით ვინაზებით. რა თქმა უნდა, როცა საქმე სერიოზულ სალაპარაკოს ეხება, ყველანი ინგლისურზე გადავდივართ, რომელიც ღმერთს მაინცდამაინც არ უქნია ჩვენთვის, მაგრამ ესპანურთან შედარებით - ვსხლავთ.


წიგნში, სამოცდამერვე გვერდზე [პახინა სესენტა ი ოჩო] დავალება შეეხება სპორტს.


და იკითხა მასწავლებელმა: ვინ არის თქვენს ქვეყანაში ყველაზე ცნობილი სპორტსმენი?


და თქვა შვეიცარიელმა - როჯერ ფედერერი. აღვმართეთ ყველამ ხელები ზეცად.

და თქვეს ჩინელებმა - იაო მინგი. ყველამ მივეცით თანხმობა.

და თქვა კოტდიუვარელმა - დიდიე დროგბა. არავინ იყო ჩვენ შორის შემდავებელი.

და თქვა პაკისტანელმა იმრან ხანი და... არ იყო ფორტუნა მის მხარეს, რამეთუ იქვე ვიჯექი მე და ჩხირით ვქექავდი ნაცარს და მახსენდებოდა აკა მორჩილაძის ერთი სვეტი, რომელიც ყმაწვილკაცობაში წავიკითხე და მასში ეწერა ამბავი ერთ ინდოელ ჩოგბურთელზე, სანია მირზაზე, რომელიც ქვეყნის მზე და მთვარე იყო, მაგრამ შეუყვარდა და იქორწინა პაკისტანელ კრიკეტისტ შაოიბ მალიქზე და ეს ქორწინება მეხის გავარდნას ჰგავდა, რამეთუ მომდევნო დღიდან ის აღარ იყო ინდოეთის მზე და მთვარე.


„უცებ ჭინკებით გამევსო თვალი“.


-       და შაოიბ მალიკი არა? - ვიკითხე მე.


დადუმდა ყველა.

შემომხედეს მე. გახედეს პაკისტანელს.


[„ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი,
ბრძენი, მისანი, სულის თამადა?

გაცამტვერდება მყის სალოცავი,
მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა“ მ.ქ]


-       შაოიბ მალიკი საიდან იცი? - აღმოხდა პაკისტანელს.
-       ხუმრობ? - კითხვა შევუბრუნე - შაოიბ მალიკი ვინ არ იცის? თქვენ რა, არ იცით? - გადავხედე კლასს - განა მის ცოლზე მაინც არ გსმენიათ? სანია მირზაზე. განა მათი შეუღლების ამბებმა არ მოაღწია თქვენამდე? რას ამბობთ, იქნებ მითხრათ, რომ „რომეო და ჯულიეტაც“ არ წაგიკითხავთ?!


„დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“.


-   ო, დიოს მიოს!


იმ დღეს სხვებზე ადრე წამოვედი. „ადიოს“ - ვთქვი გამოსვლისას. ზუსტად ისე, როგორც არტემ ჩაჩანიძე ემშვიდობება შუქრი აბზიანიძეს, მაგრამ ბევრად მეტი თავდაჯერებით. რამეთუ მქონდა ამის მიზეზი: მე ვიცოდი ვინ იყო შაოიბ მალიკი, მათ კი - არა.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

დათო გორგილაძე

დათო გორგილაძე

გორგილაძის ბლოგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რას ვისურვებ 2026-ში - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
რას ვისურვებ 2026-ში - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი

გოია, მაკრატელა და „ნასოკი“ - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
გოია, მაკრატელა და „ნასოკი“ - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი

უბანი და გეოგრაფია - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
უბანი და გეოგრაფია - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი

ხელები, თვალები და კანი - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
ხელები, თვალები და კანი - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი
News image

08 იან, 2026

რას ვისურვებ 2026-ში - გორგილაძის ბლოგი

News image

06 თებ, 2026

გოია, მაკრატელა და „ნასოკი“ - გორგილაძის ბლოგი

News image

21 იან, 2026

უბანი და გეოგრაფია - გორგილაძის ბლოგი

News image

17 დეკ, 2025

ხელები, თვალები და კანი - გორგილაძის ბლოგი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

R

RAMIN DARCHIIASHVILI

madloba