-
Aa
+
ფონტის ზომა
წლის შეჯამებები და პროგნოზების კეთება ჩემი საქმე არ არის, მაგისთვის adjarabetarena-ზე ბევრი კარგი სპეციალისტია. ხანგრძლივი დაკვირვებისთვის საჭირო ნებისყოფა და ანალიზის უნარი აქვთ.
მე სტატისტიკაზე თვალები მიჭრელდება.
პროგნოზის გაკეთება რომ ვცადო, ყოველკვირეული ჰოროსკოპივით გამომივა, ჭრელი ჟურნალ-გაზეთების უკანა მხარეს რომ ბეჭდავენ კროსვორდის გვერდით. ასევე რუბრიკების „ეს საინტერესოა“ და „იცით თუ არა რომ...“
მოკლედ, ეგრე გამოვიდა, რომ ვერც ძველს შევაჯამებ და არც ახალზე ვიცრუწინასწარმეტყველებ.
...მაგრამ სურვილებს ხომ ვერავინ დამიშლის. ბოლო-ბოლო ახალი წელია. ყველას გვაქვს უფლება.
ჰოდა, აი, რას ვისურვებდი ამწლეულისთვის:
პადელზე ლაპარაკით გული აღარ შეაღონოთ.
საერთოდაც პადელი აღარ იყოს მთლად სპორტი და გადაინაცვლოს რაიმე სპორტულგამაჯანსაღებელის სექციაში. აი, მაგალითად, როგორიც არის ამანათმრბენი.
მესი დაუბრუნდეს ევროპის კონტინენტს და მისმა ბებერმა ძვლებმა კიდევ ერთი სეზონით მაინც გაიჭრიალონ კამპ ნოუზე.
რონალდოსაც მესის წყალი გადასხმოდეს.
[მეორე მხრივ, ის თუ ჩამოვა, ესეც ჩამოვა და მეტი რა გვინდა მელანქოლიისა და სენტიმენტებისკენ მიდრეკილ ადამიანებს, ვისაც სადაცაა შუახნის კრიზისი მოგვიკაკუნებს და ყვითელი პორშეს საყიდელი ფული არა გვაქვს].
ზიდანმა გაიბრწყინოს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის წოდებით.
მსოფლიო ჩემპიონატი გამოდგეს ისეთი, ალალი და უსაყვედურო იყოს მასზედ ნათქვამი ყველა საქებარი სიტყვა. „საფეხბურთო დღესასწაული“, „ნამდვილი მუნდიალი“ და ამდაგვარები.
კომენტატორების ლექსიკონიდან გაქრეს შედეგი ფრაზები:
„ანგარიში გათანაბრდა, ყველაფერი ახლიდან იწყება“;
„საფეხბურთო ლატარეა“;
„კარის მიმართულებით გაისროლა“;
„ჩვენც შევისვენოთ ფეხბურთელებთან ერთად“;
„სანამ მოედანზე არაფერი ხდება, შეგახსენებთ ჩვენი დღევანდელი ტრანსლაციის სპონსორებს“ [და ამ დროს მოედანზე ხდება ყველაფერი];
„ვნახოთ რას მოიმოქმედებს ესპანელთა თავკაცი“;
„მეორე ტაიმში გამოჩნდება რა დარიგებებს მისცემს გასახდელში“;
„გერმანული მანქანა“.
ასევე წინა ღამით ნამეცადინები და ვითომ ექსპრომტად მოფიქრებული კალამბურები და სიტყვაკაზმულობები.
მინდა, რომ ზამთრის ოლიმპიადამ ჩამითრიოს, მომხიბლოს და ისეთი განცდა არ მქონდეს, რომ უბრალოდ მთვრალი მეგობრის ინსტაგრამის სთორებს ვადევნებ თვალს გუდაურიდან.
ქართულ ენაზე დაიწეროს და წავიკითხო კარგი საფეხბურთო რომანი.
ავტობიოგრაფიაც.
შტეფან ეფენბერგი მოვიკითხოთ, სად არის და რას აკეთებს.
იანკერი და იერემისი გახდნენ მსახიობები და რამე დეტექტიურ სერიალში შეარულონ მეწყვილეების როლი.
უკვე ძალიან გავუტიე.
ან პადელს რას ვერჩოდი.
ან კომენტატორებს.
სიყვარულით ავსიტყვობა იყო ეგა. მეტი არაფერი.
აბა, გილოცავთ 2026 წელს!
დიდი სპორტული სანახაობების წელი იყოს.
ისეთი სანახაობების, ბევრს რომ გვალაპარაკებს და ბევრს დაგვაწერინებს.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

დათო გორგილაძე
02 ოქტ, 2025
30 ოქტ, 2025
21 ოქტ, 2025
17 დეკ, 2025
კომენტარები