ვერსად მივაკვლიე სტატისტიკას, სულ რამდენი ბავშვი დაბადებულა ექიმ ნელიო მენდოსას კლინიკაში, რომელიც მდებარეობს წმინდა ჯვრის გამზირზე, ქალაქ ფუნშალში, მადეირაზე.
კლინიკა 1979 წლის 9 სექტემბერს დაარსდა და იქიდან მოყოლებული, მისი კედლები, ალბათ, უამრავი ახალშობილის პირველ ტირილს შეუღვიძებია. საუკეთესო ტირილს ტირილთა შორის.
ამ უამრავთაგან ყველაზე გამორჩეულის დაბადება კლინიკამ 1985 წლის 5 თებერვალს გააფორმა და დაბადების მოწმობაში ასეთი სახელი ჩაწერა - კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ.
ამ ამბიდან ოთხი ათწლეულის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ეს კაცი მოედნის განაპირას იდგა და ლოცულობდა. მისი სიამაყის მქონე კაცისგან, რომლის ეგოსაც დიდზე დიდი მადა აქვს, ძვირი სანახავი და რთული დასაჯერებელია, რომ აღმატებული ძალებისგან სახალხოდ ითხოვს დახმარებას, მაგრამ ესეც ვნახეთ.
პორტუგალია ხვდებოდა ესპანეთს და თამაშდებოდა ერთა ლიგის თასი. ამ ორმოცი წლის კაცმა, მის ასაკში რომ ფეხბურთელების უმეტესობას ბუცები ლურსმანზე აქვს ჩამოკიდებული, თამაშიდან თავისი შესაგდები შეაგდო და მოედნიდან გასულს, პენალტების სერიის მომზირალს ლოცვის გარდა სხვა აღარაფერი დარჩენოდა.
თავს ვერ დავდებ ლოცვამ გაჭრა თუ დარტყმების სიზუსტემ, მაგრამ პორტუგალიამ მოიგო და კრიშტიანუს უხაროდა ბავშვივით. ეგ ბავშვური სიხარული კი სულაც არაა გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი წვეთი ოფლი და ცრემლიც აქვს დედა პორტუგალიისთვის დაღვრილი.
ერთი ფეხბურთელი ტიტულებს ვერ იგებს, მაგრამ ისიც ხომ არ უნდა დავუკარგოთ, რომ დიდი ტიტულების მოსაგებად ან თასებამდე ერთი ხელის გაწვდენაზე მისასვლელად გუნდს მებაირახტრე სჭირდება და კრიშტიანუ დავის გარეშე ეგეთი იყო (და იქნებ არის კიდეც) პორტუგალიისთვის.
რონალდუს არასდროს ვგულშემატკივრობდი. კაცმა რომ თქვას, არც მესის ქომაგი ვყოფილვარ. პირველისგან ზედმეტი თავდაჯერებულობა მაღიზიანებდა, მეორესგან - მოკვდავისთვის შეუფერებელი ნიჭი. ნეიტრალური დამკვირვებელი ვიყავი და გვიანღა მივხვდი, რომ ეს ნეიტრალიტეტი მათავისუფლებდა ვალდებულებებისგან. მეტიც, ეს მიუკერძოებლობა მაძლევდა შანსს, რომ ხელოვნებამდე აყვანილი ფეხბურთით თხემით ტერფამდე მესიამოვნა; აღმექვა, რომ წლების განმავლობაში მწვანე მინდვრები ამ ორი ტიტანის მხრებზე იყო გადებული.
ერთხელ კრიშტიანუზე ვთქვი, ეგ კაპიტანი ამერიკის არ იყოს, ლაბორატორიაში გამოყვანილი ჯარისკაცია-მეთქი. ჯვარს მაცვეს. ახლაც ამ აზრზე ვარ, მაგრამ ეს სულაც არაა აუგად ნათქვამი. ერთი განსხვავება კაპიტან როჯერსსა და კრიშტიანუ რონალდოს შორის ისაა, რომ პირველი სხვების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ექსპერიმენტია, მეორემ კი საკუთარი თავი გამოიყვანა, შექმნა, წვრთნა და გამოძერწა. ჩემნაირი კაცისთვის, მაღაზიაში ჩასვლა რომ ეზარება, იოლი მისახვედრი არა გალაქტიკური მასშტაბის შრომა და მეცადინეობა უნდა ამას; როგორი დისციპლინა სჭირდება, რომ საკუთარი თავი ნიჭიერი, მაგრამ ჩვეულებრივი ბიჭისგან საუკეთესო ათლეტად აქციო, მსოფლიოს საუკეთესო სტადიონებს ტაში აკვრევინო, თასები მოხვეტო და საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე ისე აფიქრებინო ხალხს, რომ თითქოს პორტუგალია ყოველთვის საფეხბურთო გრანდი იყო.
და, კაპიტანი ამერიკის მსგავსად, ჯანი არ გაკლდებოდეს.
მიდი და გააკეთე. ლაპარაკი და წერა ადვილია. აგერ, ვზივარ და ვაკაკუნებ.
არ მიყვარს სიტყვა თვითგანვითარება.
არ მიყვარს კი არა, თქვენთან რა დასამალია და, მძულს.
განა სიტყვის მნიშვნელობას ვუწუნებ რამეს ან/და ვერჩი. პირიქით, სულ პირიქით. იმას რა ჯობია ყოველ ცისმარე დღეს საკუთარ თავს შემოუძახო, ცეცხლი შეუნთო და დააჯერო, რომ გუშინდელზე უკეთესი უნდა იყოდა ხვალინდელზე უარესი. კაია, კაია, ჩემგან არა დაეწუნება, რა.
მაგრამ სიტყვაა რაღაცნაირი. როგორ ვთქვა? - ქოუჩური.
აი, ისეთი, ვიღაცები სამ-ოთხ ლექციას რომ დაესწრებიან, მერე ოთხ-ხუთს თვითონ ჩაატარებენ და მერე ბრტყელ-ბრტყელებს ლაპარაკობენ დილისა და შუადღის გადაცემებში. ეგენი იყენებენ ამ სიტყვას - თვითგანვითარება.
მე კიდევ უბრალო კაცი ვარ და სარკის წინ დაზუთხული გამოსვლებისა არა მწამს.
და თუ მაინცდამაინც გინდა, რომ თვითგანვითარებაზე ილაპარაკო და სიტყვა თვითგანვითარება არ ახსენო, მაშინ უნდა მოჰყვე კრიშტიანუზე.
მოჰყვე კი არა, ჰარვარდში უნდა ასწავლო.
კრიშტიანუს მშობლიურ მადეირაზე არა, მაგრამ ლისაბონში ნამყოფი ვარ. იქ, სადაც რონალდუმ დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადადგა. იქაა არნახული სილამაზე, ფერდობებზე შეფენილი უმშვენიერესი ქალაქი, აღმართები, სულ აღმართები და თბილზე თბილი ქარი, რომელიც სახეში გეხეთქება და თვალებს გახუჭინებს. აი, თუ იმ აღმართებს შეუყვები და ქარიც დაჰბერავს, იოლად მიხვდები რამ გამოაწრთო კრიშტიანუს ხასიათი. სიმაღლისკენ მიიწევ და ბევრი რამ გაბრკოლებს. შენ კი ვერ ჩერდები, გამჩენი არ გასვენებს. გინდა, რომ ახვიდე. ახვიდე და გადმოიხედო.