ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალში მადრიდის რეალი არსენალთან სტუმრად დამარცხდა.
სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული მატჩი არსენალმა 2:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 5:1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.
მე-13 წუთზე ასენსიოს დარღვევის გამო რეალის კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ბუკაიო საკამ ტიბო კურტუას ვერ აჯობა. რამდენიმე წუთში პენალტი რეალის სასარგებლოდ დაინიშნა, თუმცა ვიდეორეფერის გადამოწმების შემდეგ მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა.
ანგარიში 65-ე წუთზე მაინც საკამ გახსნა, ერთი ერთზე გასვლის შემდეგ ტიბო კურტუას ბურთი თავზე გადაუგდო და თავისი გუნდი ბერნაბეუზეც დააწინაურა. ორ წუთში უილიამ სალიბას შეცდომით ვინისიუსმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა რეალის თამაში ამანაც ვერ გამოაცოცხლა.
უღიმღამოდ მოთამაშე მადრიდელები ბოლო წუთებზე დაისაჯნენ - 93-ე წუთზე გაბრიელ მარტინელიმ შეძლო ტიბო კურტუას კარის აღება და არსენალს მეორე თამაშიც მოაგებინა.
ამ გამარჯვებით არსენალი 1/2 ფინალში გავიდა, სადაც პსჟ-ს შეხვდება. ჩემპიონთა ლიგას ამ სეზონში ახალი გამარჯვებული ეყოლება - მოქმედმა ჩემპიონმა ფარხმალი დაყარა.