მანჩესტერ იუნაიტედის მცველმა, ჰარი მაგუაიერმა, პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა და მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
ინგლისის ნაკრების წევრმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ორივე გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში, მიიჩნევს, რომ მიკელ არტეტას ფორმაცია პეპ გვარდიოლას კოლექტივს აშკარად სჯობს.
პროექტ The Overlap-ში იან რაიტთან საუბრისას, მაგუაიერმა დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნევს არსენალს მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდად:
ორივეს ვეთამაშე და მართალი რომ გითხრათ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არსენალი უკეთესი გუნდია. ისინი მოედანზე საერთოდ არაფერს გითმობენ, დაცვაში საოცრად მყარად დგანან. ჩვენ კი მოვუგეთ მათ ემირეიტსზე, მაგრამ რეალურად ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია, ორი გიჟური გოლი გავიტანეთ. იმ დღეს კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეტოქის საჯარიმოში ბევრი ვერაფერი გავაკეთეთ. არსენალი საკუთარ საჯარიმოს ფენომენალურად იცავს
მაგუაირმა არც საჩემპიონო პროგნოზის გაკეთებას აუარა გვერდი და ღიად დაუჭირა მხარი ლონდონელებს: „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საჩემპიონოდ ყველაფერი გყოფნიდათ და ახლაც მჯერა, რომ არსენალი ტიტულს მოიგებს.“
ეს განცხადება დიდ გამოხმაურებას გამოიწვევს, თუ გავითვალისწინებთ იუნაიტედის მტრულ დამოკიდებულებას ორივე საჩემპიონო პრეტენდენტთან. შეგახსენებთ, რომ არსენალი ამჟამად სიტის 2 ქულით უსწრებს და დარჩენილ ორ ტურში ბარნლისა და კრისტალ პალასს ხვდება. ამ მატჩებში მაქსიმუმის აღება გუნდს 22 წლის განმავლობაში პირველ პრემიერ ლიგის ტიტულს მოუტანს, რის შემდეგაც ისინი პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოემზადებიან.