ლონდონის არსენალი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მარჯვენა მცველის პოზიციაზე სერიოზულ საკადრო დეფიციტს განიცდის.
კლუბის ლეგენდამ, რეი პარლურმა GOAL-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ეს დიდი თავსატეხია, განსაკუთრებით იმ საფრთხის ფონზე, რომელსაც პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია შექმნის. მეთოფეები ევროპის მოქმედ ჩემპიონებს 30 მაისს, ბუდაპეშტში დაუპირისპირდებიან, მანამდე კი მიკელ არტეტას უმნიშვნელოვანესი ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
არსენალი ისტორიულ ორ კვირას ელოდება, რადგან გუნდი ორ უმსხვილეს ტიტულს უმიზნებს. პრემიერ ლიგაში, სადაც ლიდერ გუნდს ზურგში მანჩესტერ სიტი უდგას, ორი ტური დარჩა ბარნლისა და კრისტალ პალასის წინააღმდეგ. ამის შემდეგ კი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გადაერთვება, სადაც ლონდონელებს ისტორიაში პირველი თასის მოგების შანსი აქვთ. თუმცა, პსჟ-ს წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის რიგებშიც ოქროს ბურთის მფლობელი უსმან დემბელე, დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ, ურთულესი იქნება.
ბოლო მატჩებში იურიენ ტიმბერისა და ბენ უაითის ტრავმებმა არსენალის დაცვის მარჯვენა ფლანგი მოაშიშვლა. რეი პარლურმა კვარაცხელიას ფაქტორზე ისაუბრა:
ჩემთვის ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ბოლო დროს მინახავს. საოცარია, რასაც ის ბურთით აკეთებს, როგორ ჭრის ფლანგიდან ცენტრში. ასე რომ, ეს პოზიცია ნამდვილად საფიქრალია. ტიმბერი დიდი ხანია უქმობს და მისი პირდაპირ ასეთ ფინალში ჩაგდება ძალიან რთული იქნება. ვინც არ უნდა ითამაშოს იქ, მაქსიმუმი უნდა გაიღოს. ამ მატჩში მარჯვენა მცველი შეტევაში ვერ წავა, ის სრულად დაცვაზე იქნება ფოკუსირებული, რადგან ყველამ იცის, რა შეუძლია კვარას. ვფიქრობ, მიკელ არტეტა უფრო სტრუქტურულ და ჩაკეტილ დაცვას აირჩევს
თავად მიკელ არტეტა პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს და ტაქტიკურ გეგმებს ბოლომდე არ ააშკარავებს: „ალტერნატივები უნდა ვეძებოთ. ორი ფეხბურთელი, რომელიც ამ პოზიციაზე გვყავს, ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, მსგავსი პრობლემები სეზონის განმავლობაში სხვა პოზიციებზეც გვქონდა და ყოველთვის ვპოულობდით სწორ გამოსავალს. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება.“