გიორგი მამარდაშვილის ლივერპული ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ხოლო ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის. ამ კვირაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით კიდევ რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება გაიმართება.
გიორგი მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში
პრემიერ ლიგის 37-ე ტური გიორგი მამარდაშვილისა და ლივერპულისთვის მძიმე გამოდგა. მერსისაიდელები ვილა პარკზე 4:2 დამარცხდნენ - ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდება მინიმუმ 19 მაისამდე, ბორნმუთი - სიტის მატჩამდე გადაიდო.
ლივერპული ბოლო ტურის მატჩში ენფილდზე ბრენფორდს მიიღებს. დაპირისპირება კვირას, 24 მაისს, 19:00 გაიმართება.

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ში გადმოსვლის გზაზე
ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში, როდეზი პენალტების სერიაში 7:6 დაამარცხა.
ქართველის გუნდი პლეი-ოფის ფინალში ნიცას დაუპირისპირდება - ლიგა 1-ის საგზურს ორმატჩიანი დაპირისპირება გაარკვევს. პირველ მატჩს სენტ-ეტიენი შინ, 26 მაისს გამართავს, საპასუხო თამაში ნიცაში 29 მაისს გაიმართება - ორივე თამაში 22:45 დაიწყება.

20-წლამდელი ბორღჯალოსნები სამხრეთ აფრიკაში
საქართველოს რაგბის 20 წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საერთაშორისო სერიაში მიიღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო სერიაში ბორჯღალოსნების გარდა მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, ფიჯი და ჩილე იასპარეზებენ. ჩილეს გამოკლებით, სესიაზე მყოფი სამივე გუნდი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. სადაც საქართველოს მეტოქეები, სამხრეთ აფრიკა, უელსი და ურუგვაი იქნებიან.
სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სესიაზე 20-წლამდელი ბორჯღალოსნების შეხვედრები კეიპტაუნში გაიმართება. 21 მაისს საქართველო ფიჯის შეხვდება, 26 მაისს ჩილეს, ხოლო 31 მაისს მასპინძელ, სამხრეთ აფრიკას.
განაცხადი ცნობილია - რა შემადგენლობით მიდის 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში

მიქაუტაძე ლა ლიგის ბოლო ტურში
გასულ კვირაში ვილიარეალი ჯერ სევილიასთან დამარცხდა, შემდეგ რაიო ვალეკანოსთან - ქართველი ფორვარდი ანდალუსიელებთან გოლითა და ასისტით გამოირჩა, ხოლო მადრიდელებთან საერთოდ არ უთამაშია.
ესპანეთის ჩემპიონატში მიქაუტაძის ანგარიშზე 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ლა ლიგის ბოლო ტურში ვილიარეალი ატლეტიკოს უმასპინძლებს - შეხვედრა კვირას, 24 მაისს, 23:00 გაიმართება.

ვაკო ყაზაიშვილის მშვენიერი ფორმა ჩინეთში
ჩინეთის სუპერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ამ სეზონსაც მშვენივრად იწყებს - ვაკოს ანგარიშზე 12 ტურის შემდეგ 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
შანდონ ტაიშანი ამ კვირაში ორ შეხვედრას ჩაატარებს - ქართველის გუნდი 20 მაისს ჭეძიანგს, ხოლო 24 მაისს ვუჰანს დაუპირისპირდება.
