-
Aa
+
ფონტის ზომა
არსენალმა ქომუნითი შილდზე ასპარეზობის უფლება გასულ სეზონში პრემიერლიგის მოგებით მოიპოვა და ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ჩემპიონობისთვის 22-წლიანი ლოდინი დაასრულა.
ლონდონელები ამ ტურნირზე 25-ედ ითამაშებენ, წინა 24 შეხვედრაში მათი შედეგია 16 მოგება, 1 ფრე და 7 მარცხი.
,,მეთოფეებს“ 2026/27 წლების სეზონის წარმატებით დაწყება სურთ და ზაფხულში შემადგენლობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი თანხებიც დახარჯეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრუნო გიმარაეშისა და ხრისტოს ცოლისის ტრანსფერები.
არსენალის 17 ქომუნითი შილდზე მეტი მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედს (21) აქვს მოგებული. ამასთან, „მეთოფეებმა“ ტურნირზე ბოლო ხუთივე შეხვედრა მოიგეს, რაც მიკელ არტეტას გუნდს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს წინასასეზონო მომზადების მიწურულს, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგურ მატჩებში მათი შედეგები არასტაბილური იყო.
მანჩესტერ სიტის წინასასეზონო პერიოდი შედარებით უკეთესი ჰქონდა. ენცო მარესკას ხელმძღვანელობით გუნდს, თუ პენალტების სერიას არ ჩავთვლით, ჯერ არ წაუგია - 2 მოგება და 1 ფრე.
მარესკა მისთვის კარგად ნაცნობ გარემოში ბრუნდება და მიზნად პეპ გვარდიოლას მიერ დაწყებული ტიტულებით სავსე ეპოქის გაგრძელება აქვს.
მარესკა 2018 წლის მაურიციო სარის შემდეგ პირველი მწვრთნელი გახდება, რომელიც ინგლისის უმაღლესი დივიზიონის კლუბში მუშაობას ქომუნითი შილდის მატჩით დაიწყებს.
თუმცა სიტისთვის ეს ტურნირი ყოველთვის წარმატებული არ ყოფილა, მან ქომუნითი შილდზე ჩატარებული 16 შეხვედრიდან მხოლოდ 7 მოიგო და 9 წააგო.
გუნდს ახალი ლიდერების გამოჩენაც დასჭირდება, რადგან ზაფხულში კლუბი ბერნარდუ სილვასა და ჯონ სტოუნსს დაემშვიდობა. მათმა წასვლამ სივრცე გაათავისუფლა კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხად შეძენილი ელიოტ ანდერსონისთვის, რომლისგანაც სიტი ტიტულებისთვის მებრძოლი ნახევარდაცვის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბებას ელის.
ურთიერთშეხვედრების ისტორია
მანჩესტერ სიტიმ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო - 2 მოგება, 3 ფრე და 1 მარცხი.
ქომუნითი შილდზე კი არსენალს იდეალური შედეგი აქვს, ლონდონელებმა მანჩესტერ სიტისთან სამივე შეხვედრა, 1934, 2014 და 2023 წლებში, მოიგეს.
სტატისტიკა და სერიები
ბოლო შვიდი ქომუნითი შილდიდან ხუთში გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა.
არსენალის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ქომუნითი შილდზე დაუმარცხებელია როგორც ფეხბურთელის (2 მოგება), ისე მწვრთნელის (2 მოგება) რანგში.
ბოლო 10 ქომუნითი შილდიდან, რომლებშიც ერთმანეთს პრემიერლიგისა და ასოციაციის თასის გამარჯვებულები შეხვდნენ, 8 FA თასის მფლობელმა მოიგო.
მანჩესტერ სიტიმ ყველა ტურნირზე მოპოვებული ბოლო 9 გამარჯვებიდან 7 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
არსენალისა და მანჩესტერ სიტის მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები