მიკელ არტეტამ დაადასტურა, რომ მზადაა კეპა არისაბალაგა კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააბრუნოს. არსენალი ინგლისის თასის მეოთხედფინალში საუთჰემპტონს დაუპირისპირდება.
ორი კვირის წინ, კარაბაოს თასის ფინალში, სწორედ კეპას უხეშ შეცდომას მოჰყვა მანჩესტერ სიტის პირველი გოლი, რამაც საბოლოოდ ლონდონელებს ტიტული დააკარგვინა. მიუხედავად იმისა, რომ 31 წლის მეკარეს პრემიერ ლიგაში წელს არ უთამაშია, არტეტა მას ნდობას მაინც უცხადებს.
ის სათამაშოდ მზადაა. ფეხბურთელს ერთი შეცდომის გამო არასდროს განვსჯი. შეცდომა ფეხბურთის ნაწილია და ეს ყველას შეიძლება დაემართოს. არ ვიცი, სჭირდებოდა თუ არა მას მხარზე ხელის დადება, მაგრამ ეს ყველასგან მიიღო, თანაგუნდელებისგან, ჩემგან და სტაფისგან. მას დიდი გამოცდილება აქვს და ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა
უემბლიზე მარცხმა არსენალის ოთხი ტიტულის მოგების ოცნება დაასრულა, თუმცა გუნდი პრემიერ ლიგას 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიც ელის. არტეტა აღიარებს, რომ ფინალში წაგება მტკივნეული იყო, თუმცა ამას მოტივაციად იყენებს.
ეს ჰგავს საწამლავის ბურთულას, რომელიც მუცელში გაქვს. ეს შეგრძნება მომდევნო 30 წელი არ გაქრება, რადგან როცა ფინალს უემბლიზე თამაშობ, ის უნდა მოიგო. ახლა ეს ცეცხლი საწვავად უნდა გამოვიყენოთ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი ნაწილისთვის