პეპ გვარდიოლას სჯერა, რომ როდრი მანჩესტერ სიტისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა აღიარებს, რომ რეალ მადრიდის ინტერესის შემთხვევაში ფეხბურთელს გზას არ გადაუღობავს.
ესპანელი ნახევარმცველის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. გასულ კვირას, როდესაც როდრის სამეფო კლუბში შესაძლო გადასვლაზე ჰკითხეს, მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს უარს ვერავინ ეტყვის.
გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ სიტიმ 2024 წლის ოქროს ბურთის მფლობელს ახალი პირობები უკვე შესთავაზა. გვარდიოლას იმედი აქვს, რომ ფეხბურთელი შემოთავაზებას დათანხმდება, თუმცა დარწმუნებით ამის თქმა მაინც უჭირს.
კითხვაზე, ელოდება თუ არა 29 წლის მოთამაშის გუნდში დარჩენას, სიტის მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ განწყობა პოზიტიური აქვს, თუმცა ზუსტად არაფერი იცის. პეპის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობის პოზიცია ცნობილია, მათ როდრის შენარჩუნება სურთ, რადგან ის წარმოუდგენელი დონის ფეხბურთელია. გვარდიოლამ ისიც დასძინა, რომ სრულად ესმის მოთამაშის, რადგან რეალ მადრიდში თამაშზე უარს არავინ ამბობს, მით უმეტეს ესპანეთში დაბადებული კაცი. პეპის ფილოსოფია მარტივია: თუ ფეხბურთელი ბედნიერი არაა, მან გუნდი უნდა დატოვოს, თუმცა ამისთვის სპორტულ დირექტორს უნდა მიაკითხოს და შესაბამისი ფინანსური წინადადება წარადგინოს.
გარდა ამისა, გვარდიოლამ ფილ ფოდენსაც მიმართა და მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საუკეთესო ფორმას. ინგლისის ნაკრებში ჩატარებული არადამაჯერებელი შეხვედრების შემდეგ, ტომას ტუხელმა მიანიშნა კიდეც, რომ ფოდენის ადგილი მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ფოდენს არც კლუბში აქვს საუკეთესო პერიოდი, მანჩესტერ სიტის ბოლო 20 მატჩიდან მან მხოლოდ 8 დაიწყო ძირითად შემადგენლობაში. გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ფილმა ეს ვითარება გამოწვევად უნდა მიიღოს და დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ ეძლევათ.