ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა Transfermarkt-ზე ჰარი კეინის საბაზრო ღირებულების შემცირებაზე ისაუბრა.
ინგლისელი ფორვარდის ღირებულება 10 მილიონი ევროთი შემცირდა და ახლა 65 მილიონს შეადგენს. ამავდროულად, ამავე პორტალზე ლენარტ კარლის ღირებულება სამჯერ გაიზარდა — 20 მილიონიდან 60 მილიონ ევრომდე.
„საბაზრო ღირებულება? ამაზე ნუ მკითხავთ, მე საკუთარი მოსაზრება მაქვს. Transfermarkt-ის შეფასებას ვგულისხმობ.
საინტერესოა, რატომ გაიაფდა ჰარი კეინი. შეუძლია ვინმეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? ოღონდ ასაკზე ნუ მეტყვით“, — განაცხადა ებერლმა.
Transfermarkt-ის საბაზრო ღირებულებების კოორდინატორმა ტობიას კრეგერმა სიტუაცია ასე განმარტა:
„სამწუხაროდ, ჰარი კეინის ღირებულება მისი ასაკის გამო იკლებს. გამორჩეული თამაშისა და რეკორდული გოლების მიუხედავად, ეს ტენდენცია ვერც მსოფლიო დონის თავდამსხმელებს უვლის გვერდს.
თავის ასაკობრივ კატეგორიაში ინგლისელი მაინც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია — 65 მილიონი ევროს შეფასებით. ეს იგივე თანხაა, რაც ერთად აღებულ მოჰამედ სალაჰს, კევინ დე ბრუინს და ტიბო კურტუას აქვთ, რომლებიც მეორე-მეოთხე ადგილებს იკავებენ“.