მადრიდის რეალმა ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
,,ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებას მედრანოს განცხადებების საპასუხოდ, რეალი აცხადებს:
ჩვენი კლუბისთვის მიუღებელია, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი საკუთარ ინსტიტუციურ თანამდებობას კვლავ იყენებს რეალის დისკრედიტაციისა და თავდასხმისთვის, როგორც ამას თითქმის ყველა საჯარო განცხადების დროს აკეთებს.
ღრმა შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელსაც ლა ლიგის ყველა კლუბის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა ევალება, კვლავ რეალითაა შეპყრობილი და ჩვენს კლუბს მუდმივად საკუთარი საჯარო თავდასხმების სამიზნედ აქცევს.
მისი ბოლო განცხადება განსაკუთრებით სერიოზული და გაუგებარია და პასუხისმგებელი ხელმძღვანელისთვის შეუფერებელია, რადგან ის დამოუკიდებელი ჟურნალისტის მიერ ციფრულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურებოდა.
მიუხედავად ამისა, ტებასმა კვლავ ჩვენი კლუბის წინააღმდეგ გაილაშქრა და იქამდეც კი მივიდა, რომ რეალის სპორტული სტრატეგია შეაფასა, რაც სრულიად აბსურდული და უპასუხისმგებლოა.
სრულიად გასაოცარია, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი საკუთარ დროსა და პირად საკომუნიკაციო არხებს რეალის საჯაროდ დისკრედიტაციისთვის იყენებს, ნაცვლად იმისა, რომ თავისი თანამდებობა იმ ინსტიტუტებისადმი ნდობის გასაძლიერებლად გამოიყენოს, რომლებიც შეჯიბრების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებელი.
ამგვარი ქმედებებით ის კვლავ აზიანებს როგორც ჩვენი ჩემპიონატის, ისე მთლიანად ესპანური ფეხბურთის იმიჯს მთელ მსოფლიოში.
ამ შეუფერებელი და ხანგრძლივი ქცევის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ესპანურ პროფესიონალურ ფეხბურთს სასწრაფოდ სჭირდება ხელმძღვანელი, რომელსაც მისი მართვა და სრული პოტენციალის განვითარება შეეძლება და ამავდროულად ნეიტრალიტეტის ფუნდამენტურ პრინციპს დაიცავს.
ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც საკუთარი თანამდებობის არსი სწორად ესმის, რადგან ლა ლიგის პრეზიდენტი შეჯიბრების მფლობელი კი არა, იმ კლუბების სამსახურში მყოფი ხელმძღვანელია, რომლებიც ლა ლიგას ქმნიან და მის მართვას ანდობენ.
კლუბებს სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ამ მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებს." - წერია განცხადებაში.