მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს ჩაბი ალონსოს ფეხბურთელებთან კომუნიკაციაში პრობლემები აქვს.
გუშინ მადრიდულმა კლუბმა ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო - კერძოდ ლა ლიგაში გუნდმა ორჯერ ფრე ითამაშა და ბარსელონას სხვაობის 1 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა.
AS-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა აღელვებულია იმ ფაქტით, რომ ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს შორის კავშირია გამწყდარი. ასევე, ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მატჩების დროს ფეხბურთელთა დამოკიდებულებით.
ალონსოს მუშაობის პირველ პერიოდში იწერებოდა, რომ რეალმა მატჩების დროს სირბილს უმატა, კარგად მიმართავდა პრესინგს და მოედანზე დომინირებდა. თუმცა, ბარსელონასთან ოქტომბერში მოპოვებული გამარჯვების (2:1) შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა.
კლუბში გუნდის ამჟამინდელი ფორმის განხილვის დროს იხსენებენ იმას, თუ როგორ თამაშობდა გუნდი ალონსოს პირველ პერიოდში და ღიად აღიარებენ, რომ სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებს შორის კავშირი ან სრულად აღარ არსებობს, ან როგორც მინიმუმ ახლა არის გამწყდარი, რაც ხელმძღვანელობაში სერიოზულ მღელვარებას იწვევს.
ელჩესთან თამაშს კლუბი და ფეხბურთელები გარდამტეხ მომენტად განიხილავდნენ, რომელსაც გუნდის დამოკიდებულებაზე გაჩენილი ეჭვები უნდა გაექარწყლებინა. რეალურად კი ეს ტესტი აშკარად ჩავარდა და გუნდის პრობლემები უფრო მეტად გამოაჩინა.
რეალის მიერ გუშინდელ მატჩში მეორე გაშვებული გოლი აღიქმება კლუბში როგორც მაგალითი იმისა, რაც არასდროს არ უნდა ხდებოდეს მადრიდში. მეტოქის თავდამსხმელმა ალვარო როდრიგესმა, რომელიც რეალის აღზრდილია, ბურთი ცენტრში მოიპოვა და მეტოქის ხუთი ფეხბურთელის გვერდის ავლით, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე კარში დაარტყა იმ დროს, როცა ცვლილებაზე შემოსული და დასვენებული კამავინგა და ვალვერდე უკნიდან ძუნძულით მოსდევდნენ და ბურთის წართმევის იმიტაციაც არ გაუკეთებიათ.
კლუბის ბოსები აღელვებულები არიან გუნდის დინამიკით და მატჩების დროს მისი ქცევით - ფეხბურთელები პირველივე გამოჩენილი პრობლემების შემთხვევაში ფარხმალს ყრიან. ალონსო სიტუაციაში უნდა ჩაერიოს და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.