ეროვნული ლიგის 23-ე ტურში, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე, დინამო ბათუმმა სპაერს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ლუკა წულუკიძემ დუბლი შეასრულა და მშვენიერ ფორმაშია - ბოლო 5 თამაშში 3 გოლი და 1 ასისტი აქვს. კიდევ ერთი გოლი ისრაელელი ლეგიონერის, ავოკე ეშეტიიეს ანგარიშზეა.
ასისტების დუბლი ჰქონდა თორნიკე კირკიტაძეს, რომელიც გიორგი არაბიძეს წამოეწია და ჩემპიონატის საუკეთესო თანაასისტენტია - 10-10 საგოლე პასი ორივეს.
აჭარლებმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს და გოლი არც ერთში გაუშვიათ - სამგურალთან 4:0; მეშახტესთან 1:0 და სპაერთან 3:0.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 37 ქულა მოაგროვა და ლიდერ რუსთავთან 5-ქულიან დისტანციაშია. ოღონდ, 34-ქულიან დინამო თბილისს 2 თამაშით ნაკლები აქვს, ხოლო ასევე 34-ქულიან იბერიას - საერთოდ 3-ით.
რაც შეეხება სპაერს, 25 მაისის შემდეგ, უკვე 8 ტურია აღარ მოუგია და ცხრილის ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა. 5 სექტემბერს ბოლოადგილოსან მეშახტეს სტუმრად ხვდებიან.
როგორც გვახსოვს, სეზონის დაწყებამდე დინამო ბათუმს სატრანსფერო შეზღუდვა ჰქონდა და პირველი ნახევარი გუნდისთვის რთული გამოვიდა - ძირითადად ქვედა პოზიციებზე იყვნენ.
სამაგიეროდ, ზაფხულში არაერთი საინტერესო ფეხბურთელი დაიმატეს - ლევან შენგელია, სანდრო ალთუნაშვილი, ივან ტურიცოვი, დირკ კარლსონი, მაურიდესი, პაულო ვიქტორი, ულად ომარ იმრანი, ენეს მაჰმუტოვიჩი, იაჰია კალეი.
მომდევნო ტურში, 4 სექტემბერს, ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილზე მყოფი გუნდები ხვდებიან - რუსთავი ბათუმელებს დავით პეტრიაშვილზე უმასპინძლებს.