მიუნხენის ბაიერნში სერიოზული წმენდა იწყება, კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჟოან პალინია და საშა ბოე ახალი სეზონის გეგმებში აღარ შედიან.
ბავარიელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორივე ფეხბურთელისთვის ახალი კლუბის მოძებნას აქტიურად ცდილობენ.
ფროინდის განცხადებით, ორივე მოთამაშემ იცის საკუთარი სტატუსის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გუნდთან ერთად ვარჯიშს განაგრძობენ, მთავარ შემადგენლობაში ადგილს აღარ უნდა ელოდნენ. მიუნხენელებს მათი იჯარით გაშვება არ სურთ და პრიორიტეტს სრულფასოვან გაყიდვას ანიჭებენ, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე არაფერია გამორიცხული. ბაიერნში თვლიან, რომ პალინიას ინგლისის პრემიერლიგაში, ხოლო ბოეს თურქეთში მიღებული გამოცდილების გამო ორივე ფეხბურთელზე სატრანსფერო ბაზარზე საკმარისი მოთხოვნა იქნება.
ცნობილი ინსაიდერის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ფეხბურთელების გაყიდვა ბაიერნის საპატიო პრეზიდენტის, ული ჰიონესის პირდაპირი მოთხოვნაა. პალინიასა და ბოეს გარდა, გერმანულმა გრანდმა შესაძლოა ბრაიან სარაგოსა და არმინდო სიბიც გაყიდოს. გარდა ამისა, მიუნხენელები მზად არიან სოლიდური წინადადებები ჰიროკი იტოსა და ალფონსო დეივისის ტრანსფერებზეც განიხილონ. რაც შეეხება ახალწვეულებს, ბაიერნი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მაქსიმუმ ერთი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.