Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონამ გადაწყვიტა, რომ ლა ლიგის საჩემპიონო აღლუმი ტიტულის მოპოვებისთანავე გამართოს. შიდა დისკუსიების დროს განიხილებოდა ვარიანტი, რომ ზეიმი 10 მაისის ელ კლასიკოს შემდეგ მოეწყოთ, თუმცა კლუბმა არჩევანი დაუყოვნებლივ აღნიშვნაზე შეაჩერა.
სადღესასწაულო სამზადისი ორშაბათს დაიწყო. თუ ჰანსი ფლიკის გუნდი ჩემპიონობას ამ კვირას გაინაღდებს, აღლუმი ორშაბათს, 4 მაისს შედგება. ამ შემთხვევაში ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ქალაქის მთავარ ქუჩებს ავტობუსით გაივლიან.
იმისათვის, რომ ბარსელონა ამ უქმეებზე გახდეს ჩემპიონი, შაბათს ოსასუნას დამარცხებაა აუცილებელი, ხოლო კვირას მადრიდის რეალმა ქულები უნდა დაკარგოს ესპანიოლთან შეხვედრაში. თუ ტიტულის ბედი 10 მაისს, ელ კლასიკოს შემდეგ გადაწყდება, ზეიმი მომდევნო დღეს, 11 მაისს გაიმართება.
აღლუმში მხოლოდ მამაკაცთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ქალთა გუნდი, რომელმაც უკვე მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ცალკე აღნიშვნას გეგმავს, რადგან ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლასა (23 მაისს ოსლოში) და კოპა დე ლა რეინას ფინალზე არიან ფოკუსირებულნი.
აღლუმის ზუსტი მარშრუტი მერიასთან ჯერ კიდევ თანხმდება, თუმცა წინა წლების გამოცდილებით, ის Spotify Camp Nou-დან დაიწყება და Arc de Triomf-თან დასრულდება.