ჟოან გამპერის თასის მატჩის კამპ ნოუზე ჩატარება ეჭვქვეშ დგას.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მთავარი დაბრკოლება ბარსელონას მუნიციპალური საბჭოსგან შესაბამისი ლიცენზიის მიღებაა.
ამ ეტაპზე, კლუბში არ არსებობს ოპტიმიზმი პირველადი გამოყენების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მინიმუმ 30 000 მაყურებლის დასაშვებად.
თუ ამ ნებართვის მიღება ვერ მოხერხდა, სავარაუდოდ კლუბს გეგმის შეცვლა და 10 აგვისტოს დაგეგმილი მატჩის სხვაგან ჩატარება მოუწევს. დიდი ალბათობით, ასეთ შემთხვევაში იტალიურ კომოსთან ჩანიშნული შეხვედრა ამსტერდამში, იოჰან კრუიფ არენაზე გაიმართება.
ასევე იწერება, რომ სეზონური აბონემენტების გაყიდვა მხოლოდ 10 აგვისტოს შემდეგ დაიწყება – მას მერე, რაც გაირკვევა, რამდენი აბონემენტის გაყიდვა იქნება შესაძლებელი და რა ფასად.
კლუბს იმედი აქვს, რომ ლა ლიგის პირველი საშინაო თამაშისთვის, რომელშიც გუნდი 13 ან 14 სექტემბერს ვალენსიას დაუპირისპირდება, კამპ ნოუზე შესაძლებელი იქნება დაახლოებით 62 ათასი გულშემატკივრის შეშვება პირველი და მეორე იარუსის ტრიბუნებზე.