ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბარსელონას წინააღმდეგ დისციპლინური გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.
საქმე მადრიდის ატლეტიკოს საჩივარს ეხება, რომლის მიხედვითაც კატალონიელები ხულიან ალვარესს უკანონოდ, კლუბის ნებართვის გარეშე დაუკავშირდნენ.
არგენტინელ ფორვარდს მადრიდელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს. ესპანური რეგულაციებით, კლუბს მოქმედი ხელშეკრულების მქონე ფეხბურთელთან მოლაპარაკებების წარმოების უფლება მხოლოდ მისი ამჟამინდელი მფლობელის თანხმობით აქვს. ატლეტიკო ამტკიცებს, რომ ბარსელონამ სწორედ ეს წესი დაარღვია. ცოტა ხნის წინ ჟოან ლაპორტამ თავად დაადასტურა, რომ ალვარესის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთეს, თუმცა დედაქალაქელებმა წინადადება მყისიერად დაბლოკეს.
ბარსელონასთვის არგენტინელი შემტევი მთავარ სამიზნედ რჩება, თუმცა მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა. ატლეტიკო დათმობაზე წასვლას არ აპირებს და გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მათ მადრიდის რეალის 150-მილიონიანი შეთავაზებაც დაბლოკეს. ახლა ბარსელონასა და ატლეტიკოს წერილობითი განმარტებების გაკეთება მოუწევთ, რის შემდეგაც ფედერაცია საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს.