მადრიდის რეალმა ლა ლიგასთან მიმდინარე იურიდიულ ბრძოლაში მარცხი განიცადა.
მადრიდის სასამართლომ სამეფო კლუბის სარჩელი, რომელიც სატელევიზიო ტრანსლაციებიდან მიღებული შემოსავლების განაწილების შეთანხმების გაუქმებას ითხოვდა, სრულად უარყო.
ესპანური მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ლიგის პოზიცია გაიზიარა და დაადგინა, რომ "შეთანხმება არ ეწინააღმდეგება იურიდიულ სისტემას, რადგან ის დამტკიცდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში".
მოდელი ტელეაუდიტორიის რეიტინგებთან ერთად, კლუბების ნებაყოფლობით ჩართულობასაც ითვალისწინებს. რეალი ამტკიცებდა, რომ ფინანსების განაწილების ახალი სისტემა მათ უფლებებს არღვევდა, თუმცა მოსამართლის განმარტებით, კლუბმა კონკრეტული ფინანსური ზარალის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.
სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დამტკიცებული სისტემა წახალისებასა და ნებაყოფლობით მონაწილეობას ეფუძნება. შესაბამისად, "ის არ ართმევს კლუბებს საკუთრებისა და სატელევიზიო უფლებების გამოყენების შესაძლებლობას".
აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და რეალს სააპელაციო საჩივრის შესატანად 20 სამუშაო დღე აქვს.