არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალმა ჩაბი ალონსოს პირველ ელ კლასიკოში ბარსელონა 2:1 დაამარცხა - სრულიად სამართლიანადაც.
მომენტებით მადრიდელები უფრო დიდი ანგარიშით მოგებასაც იმსახურებდნენ. თუმცა, მთავარი ამ ეტაპზე ის არის, რომ ზედიზედ 4 წაგების შემდეგ, რეალმა კლასიკოში გამარჯვების გემო გაიხსენა.
ალონსომ მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა: ატლეტიკოსთან პირველი ტოპ-მატჩის აშკარად ჩაგდების შემდეგ, ყველა შეცდომების გადააზრებას და გამოსწორებას ველოდით და რეალის მწვრთნელმა ეს 10-იანზე გააკეთა. გუნდი არა მხოლოდ საგრძნობლად უკეთესად თამაშობდა, არამედ ეფექტურად იყენებდა ყველა მიზანმიმართულ ტაქტიკურ სვლას ბარსელონას წინააღმდეგ, ამასთანავე ინარჩუნებდა საკუთარ სტილში ჩვეულ ელემენტებს. თითქმის ყველა გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩაბიმ მატჩის დროს მიიღო, დადებითად იმოქმედა თამაშის შედეგზე.
რეალის შემადგენლობაში სიურპრიზები არ ყოფილა: დინ ჰაუსენი გამოჯანმრთელდა და სასტარტოში დაბრუნდა, მარჯვენა დაცვის ფლანგი კი კვლავ ფედე ვალვერდეს ჩააბარეს - განაცხადში ტრენტის და დანი კარვახალის დაბრუნების მიუხედავად, მწვრთნელმა მათი ჯანმრთელობით გარისკვა არ მოისურვა.
იუვენტუსთან მატჩისგან განსხვავებით, სასტარტოში მოხვდა ედუარდო კამავინგა - სწორედ ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე ახლოს სიურპრიზთან - საბოლოოდ ფრანგმა ტრადიციულად დიდი სამუშაო შეასრულა და კარგადაც გამოიყურებოდა.
ბარსა მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა - არ იყო რაფინია, რომელმაც, როგორც ჩანს, ტრავმა გაიმიზეზა. რობერტ ლევანდოვსკი და დანი ოლმო ნაკრებებში დაშავდნენ და განაცხადშიც კი ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა ფერან ტორესი: ჟირონასთან ფორვარდის პოზიციაზე 17 წლის ტონი ფერნანდესის დაყენება მოუწიათ, რომელიც ნომინალურად შემტევი ნახევარმცველია. ბუნებრივია, კლასიკოზე მისი გამოყენება არ განიხილებოდა, ფერანის დაბრუნებამ კი მარცხნივ მარკუს რაშფორდის დარჩენა განაპირობა, რამაც თავის მხრივ ფერმინს დაუტოვა საყვარელ პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობა.
რეალის გამარჯვება იყო სამ მიმართულებაში არსებული უპირატესობების (სადღაც აშკარა, სადღაც მცირე) ერთობლიობა: ბარსას შეკავება პოზიციურ დაცვაში, მაღალი პრესინგი და თამაში ბარსელონას პრესინგის ქვეშ.
ბოლო ორ კატეგორიაში მასპინძლებმა გამოიყენეს მათთვის ჩვეული ინსტრუმენტები - უბრალოდ ახლა ბარსას ფონზეც გამოსცადეს ისინი, ხოლო პირველ ასპექტში გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩაბის ჭკვიანურმა ადაპტაციებმა.
პირველი ნაბიჯი ბარსას შეჩერებისკენ იყო პერსონალური თამაში ცენტრალურ ნახევარმცველებზე. პედრი, დე იონგი და ფერმინი მუდმივი პირადი ყურადღების ქვეშ იყვნენ, მათ შორის საკუთარ ნახევარზეც კი. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გამოჩნდა კამავინგა ძირითად შემადგენლობაში — მიზანი იყო, რომ გუნდს ამ ფაზაში მაქსიმალურად მჭიდროდ და მოცულობით ეთამაშა.
რეალის სქემა ფართოდ იშლებოდა, მაგრამ ბარსასთვის ძალიან რთული იყო ბურთის ამოტანა და კომბინაციების გათამაშება მეტოქის საყრდენი ზონიდან.
ყველაზე რთული ამოცანა ამ ფაზაში ორელიენ ჩუამენის ჰქონდა დაკისრებული - მას უნდა შეეთავსებინა პერსონალური თამაში ფერმინზე და ამავე დროს საყრდენი ზონის კონტროლი. ზოგიერთ ეპიზოდში ეს ორი ამოცანა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ფრანგი სიტუაციის მიხედვით ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.
მეორე უმნიშვნელოვანესი ნიუანსი - თამაში მარჯვენა ფლანგზე ალექს ბალდეს წინააღმდეგ. საწყის ტაქტიკურ სქემაში მასზე დაცვის ხაზში ჯუდ ბელინგემი ეშვებოდა, რათა გაემყარებინა ფლანგი და დაებალანსებინა ბალდეს სწრაფი გარღვევები.
მოგვიანებით, პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ბელინგემმა კამავინგასთან გაცვალა როლები - ამჯერად ბალდეს ბოლომდე უკვე ფრანგი ეთამაშებოდა.
ამ შეტევითი კავშირების ჩაკეტვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბარსელონას შეტევის სტრუქტურაში სწორედ ბალდე უზრუნველყოფს სიგანეს მარცხენა ფლანგზე. ჩაბიმ ისე გააკეთა, რომ არც ერთ მცველს არ დასჭირვებოდა ყურადღების გადატანა ბალდეს ჩარბენებზე - გუნდის დაცვის ხაზი მწყობრად და კონცენტრირებულად დარჩა ცენტრალურ ზონაში.
დამატებითი ადაპტაციის გარეშე დარჩა ლამინ იამალის წინააღმდეგ თამაში. ამ ფლანგზე ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იყო ალვარო კარერასის ინდივიდუალურ თამაშზე (ამაზე ქვემოთ უფრო დეტალურად). თუმცა ზემოთ აღწერილი ტაქტიკური ნიუანსების გამო ეს მიმართულება ისე არ მუშაობდა, როგორც ჩვეულებრივ. ფეხბურთელები, რომლებიც ჩვეულებრივ ლამინს აწვდიან ბურთს, ჩაბის გეგმის შედეგად მუდმივი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჟულ კუნდე, რომელიც იამალს შეტევაში მხარს უჭერს, უფრო ფრთხილად მოქმედებდა, რადგან მისი ფლანგი მეტოქის კონტრშეტევებისთვის კრიტიკული ზონა იყო იქ ვინისიუსის და მბაპეს ყოფნის გამო.
რეალი ჩვეულებრივზე ბევრად დიდხანს თამაშობდა საშუალო და ზოგჯერ დაბალ ბლოკშიც. მაგრამ იმ ეპიზოდებში, სადაც პრესინგი იყო საჭირო, გუნდი ერთიანად, ძალიან ორგანიზებულად მიდიოდა წინ.
ჩაბიმ გამოიყენა თავისი კარგად ნაცნობი მოდელი - პერსონალური გადანაწილება. პირველი ზეწოლის ხაზში იყვნენ მბაპე და არდა გიულერი, ხოლო შემდეგ მთელ მოედანზე გრძელდებოდა პერსონალური პრესინგი. საყრდენი ნახევარმცველები მოურიდებლად ადიოდნენ მაღლა, რათა შეენარჩუნებინათ პრესინგის მთლიანობა და გუნდის ტაქტიკური თანმიმდევრულობა.
რეალი შესანიშნავად ფლობს ამ ზეწოლის ფორმულას და მას თითქმის ყველა მატჩში იყენებს. კრიზისში მყოფ ბარსელონასთან ეს სქემა განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა - არა მხოლოდ გააჩინა დისკომფორტი კატალონიელთა პირველი ფაზის ამოცანებში, არამედ შექმნა უშუალო საფრთხე მაღალი პრესინგით მოპოვებული ბურთების შემდეგ.
მადრიდი ასეთი მომენტების რეალურ საგოლე მომენტებად და გოლებად გადაქცევაში ლა ლიგაში საუკეთესოა - მათი პრესინგიდან შეტევაში გადასვლის მექანიზმი ამ ეტაპზე იდეალურ დონეზეა.
კატალონიელებმა რამდენჯერმე შეძლეს ზეწოლის გარღვევა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, თუმცა ეპიზოდების უმეტესობა მაინც რეალის სასარგებლოდ დასრულდა.
გარდა მეტოქის მაღალი პრესინგის ხარისხისა, ბარსელონას შინაგანმა პრობლემებმაც შეუშალა ხელი - გუნდს არ ჰყავდა მოთამაშე, რომელიც გამარტივებულ სქემებში შეიძლებოდა გამხდარიყო გრძელი პასების სამიზნე, მაგალითად რობერტ ლევანდოვსკი. ასევე აკლდა მეკარე, რომელიც არა უბრალოდ ნორმალურად თამაშობს ფეხით, არამედ ნამდვილად თავდაჯერებულია ბურთთან მუშაობისას.
კვირის შუაში ბარსელონას მსგავსი ფაზიდან პრობლემებს ოლიმპიაკოსიც კი უქმნიდა (მიუხედავად საბოლოო ანგარიშისა, რომელიც ბარსამ რიცხობრივ უპირატესობაში მოიპოვა - 6:1). მანამდე სევილიამ პრესინგი თავისი თამაშის ძირითად იარაღად აქცია ბარსას წინააღმდეგ და 4:1-ც მოუგო.
ამ ეტაპზე კატალონიელებს აშკარა სირთულეები აქვთ იმ ფაზაში, რომელიც მათი თამაშის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად ითვლება. რეალის ზეწოლის დონე საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს სისუსტე გამოეყენებინათ. ჩაბიმ ახალი არაფერი მოიგონა - უბრალოდ, მისმა ფეხბურთელებმა იდეალურად შეასრულეს კლასიკური გეგმა.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამჯერად მოედანზე არცერთი „მაყურებელი“ არ იყო - ყველა, მათ შორის ვინისიუსი და მბაპე, სრულად მუშაობდნენ დაცვით ფაზაში. ამას განსაკუთრებით იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ წინა სეზონის კლასიკოებში ეს სერიოზული პრობლემა იყო.
ზოგადადკი ახლა უკვე აღარ არის მოულოდნელობა, რომ ჩაბი ალონსოს ორგანიზებულ პრესინგში ვარსკვლავებიც თავდაუზოგავად შრომობენ. ეს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა და რეალის დისციპლინირებულ სტრუქტურას კიდევ უფრო ამყარებს.
ბარსელონა შემოდგომიდან განიცდის პრობლემებს პრესინგის ხარისხში - ამას რეგულარულად აღიარებს თავად ჰანსი ფლიკიც და ფეხბურთელებიც ღიად საუბრობენ ამ კომპონენტის სირთულეებზე. ყველა ცუდ თამაშს, რაც კი ბარსას ამ სეზონში ჰქონდა, ერთი საერთო ნიშანი აქვს: გუნდის პრესინგი გაცილებით ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე შარშან იყო.
ეს ფლიკის გუნდის თამაშის ერთ-ერთი საკვანძო ასპექტია. პედრის თქმით, მიზეზი იმაშია, რომ ფეხბურთელები ვერ აღწევენ საკმარის ინტენსივობას და არ არიან იდეალურ ფიზიკურ ფორმაში, რის გამოც ბარსელონა ვეღარ ახერხებს ზეწოლის იმ დონეზე შესრულებას, რაც წინა სეზონში მის ძლიერ მხარედ ითვლებოდა.
როცა ბარსას არ უმუშავებს პრესინგი, არ უმუშავებს თამაშგარის მახეც - მოწინააღმდეგეს უფრო მეტი დრო ეძლევა პასის მოსამზადებლად. პაუ კუბარსიმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ სანამ პრესინგი არ ამუშავდება, თამაშგარის ხაფანგიც ხარვეზებით იმუშავებს. უკვე თვენახევარია გუნდს ეს პრობლემა აქვს, ფლიკი კი გამოსავალს ვერ გვთავაზობს.
კლასიკოში სასწაული არ მომხდარა - ბარსას პრესინგი ისევ პრაქტიკულად არ მუშაობდა. რეალი უპრობლემოდ ათამაშებდა ბურთს მოედნის პირველ მესამედში. იყო მხოლოდ ეპიზოდური გამონათებები - მაგალითად, ორი სახიფათო შეტევა პირველ ტაიმში, რომლებიც მადრიდელების საკუთარ ნახევარზე ბურთის დაკარგვას მოჰყვა. სულ ეს იყო. ბარსა პრესინგში ბევრად სუსტი იყო, ვიდრე რეალი, რამაც თამაშის დინამიკა მისთვის არაკომფორტული გახადა.
რეალი ეფექტურად იყენებდა სივრცეებს, რომლებიც ჩნდებოდა ბარსას არაეფექტური ზეწოლის გამო. მასპინძლები ძალიან ხშირად, სულ რამდენიმე ზუსტი გადაცემით მოედნის ისეთ ზონებში გადადიოდნენ, სადაც რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ - სიტუაციები 2:1-ზე ხშირად იქმნებოდა მათ სასარგებლოდ.
ასე ხდებოდა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში.
რატომ არ მუშაობს პრესინგი? მიზეზი საკმაოდ ნათელია — მოკლე შემადგენლობა და ტრავმები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რაფინიას არყოფნა: ის იდეალური მაგალითია თავდამსხმელის, რომელიც არა მხოლოდ მუდმივად აწარმოებს ზეწოლას და ბოლომდე თამაშობს ყველა ეპიზოდს, არამედ თავადვე იწყებს პრესინგს თავისი სწრაფი მოძრაობებით.
მარკუს რაშფორდს ბარსელონას პრესინგის მოდელი ჯერ ბოლომდე არ აქვს შესწავლილი და ზოგადადაც უბურთოდ უფრო პასიურია. ფერან ტორესი კია აქტიური, მაგრამ ამ ეტაპზე ფორმიდანაა ამოვარდნილი, რის გამოც ვერ შეაქვს თამაშში ის ინტენსივობა, რომელიც ბარსას ასე სჭირდება.
თუმცა, სწორედ პრესინგს მოჰყვა ბარსას ერთადერთი გოლი ამ თამაშში. იმ ეპიზოდში ბარსამ ზეწოლა აამოქმედა და შედეგი გამოიღო. თუმცა, დიდწილად ეპიზოდი არდა გიულერის ინდივიდუალურ შეცდომას უკავშირდება: თურქს ჩამოეძინა, შემდეგ დაიბნა და სწორი გადაწყვეტილება ვეღარ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ სივრცეც ჰქონდა და დროც.
ეს მომენტი, როცა ბარსამ ზეწოლის ჩართვა მოახერხა - უფრო გამონაკლისი იყო, საერთო სურათში პრესინგი დიდად მაინც არ მუშაობდა. მეორე ტაიმში კი კატალონიელები დაიღალნენ და ზეწოლა საერთოდ შეწყდა, რის შედეგადაც გუნდმა ვერცერთი რეალური საგოლე მომენტი ვეღარ შექმნა.
ბარსელონას ულტრამაღალი დაცვის ხაზი ფასობს როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ეფექტურ პრესინგს უწყობს ხელს და აძლევს შესაძლებლობას, რომ პოზიციური შეტევის დროს უფრო კომპაქტურად ითამაშოს. როდესაც ეს ორი ეტაპი (პრესინგი და შეტევის აგება) გამართულად მუშაობს, მაღალი ხაზის უპირატესობები აშკარად აჭარბებს მის რისკებს. ცალკეული ჩავარდნები შეიძლება კომიკურად ჩანდეს, მაგრამ საერთო სურათში ბარსელონა მაინც მოგებაშია.
კონკრეტულად ამ მატჩში კი ბარსელონამ დაკარგა თავისი ორივე მთავარი იარაღი. პრესინგი არ იყო მუშა და შედეგიანი, პოზიციური შეტევა ჩაბიმ სრულად განეიტრალა, მაგრამ გუნდის სურვილი, ნებისმიერ მომენტში მაქსიმალურად მაღლა იყოს აწეული, იგივე დარჩა, რის გამოც რეალმა ბუნებრივად დასაჯა ეს მიდგომა.
მაღალი დაცვის ხაზის სისუსტეების მთავარი დამტესტავი კი კილიან მბაპე იყო, რომელმაც შარშანდელი სეზონის გაკვეთილები კარგად შეისწავლა და გუშინდელ მატჩში სწრაფი შერბენებით ბარსელონას დაცვას სისტემატურად ატერორებდა.
ორივე გუნდის ბუნებრივი თავისებურობების გათვალისწინებით, ამ სიტუაციიდან მბაპეს გოლი - თამაშის ყველაზე მოსალოდნელი სცენარი იყო. ბარსელონას შეიძლებოდა მხოლოდ ორი რაღაცის იმედი ჰქონოდა - ან მეტოქის ცუდი რეალიზაციის, ან სხვა ასპექტებში საკუთარი უპირატესობების. თუმცა ამ მატჩში არც ერთი იუო და არც მეორე - არც შეტევის ხარისხი, არც კომპენსაციის მექანიზმი. შედეგად, მბაპეს გოლი სრულიად ლოგიკური გაგრძელება იყო რეალის საერთო უპირატესობისა.
კლასიკოს წინ ლამინ იამალმა ირიბად შეეხო „რეალს“ — რითაც განაწყენდა დანი კარვახალი და მთელი მადრიდული ინჩადა. რაფინიას არყოფნის გამო სწორედ იამალისგნა ელოდნენ მთავარ მოქმედებებს შეტევაში. მადრიდი კარგად მოემზადა ამ სცენარისთვის.იამალი უნიკალური ფეხბურთელია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ 18 წლის ასაკში ასეთ დონეზე თამაშობს, არამედ სტილითა და მუდმივი სურვილით, ყველაფერი ლამაზი გააკეთოს. ხანდახან ის იღებს არაეფექტურ გადაწყვეტილებებს და ზიანს აყენებს ბარსელონას, მაგრამ უმეტესად მისი მაგია ამართლებს.
ის იმდენად ნიჭიერია, რომ შეუძლია საკუთარი წესებით ითამაშოს და მაინც დადებით გავლენას ახდენდეს გუნდზე. თუმცა, ყველაზე მაღალი დონის მეტოქეები ხშირად იყენებენ მის ზედმეტ გამბედაობასა და რისკს — სწორედ ეს სცადა ახლა რეალმაც.
ზუსტად ეს მოხდა კლასიკოში. ლამინ იამალმა თავისი სტანდარტებით საშუალო თამაში ჩაატარა და მიუხედავად ამისა, მაინც შეძლო ორი საგოლე გადაცემის გაკეთება, ოთხჯერ დრიბლინგით აუარა მეტოქეს და ბოლომდე გამოფიტა მარცხენა მცველი ალვარო კარერასი, რომელსაც რთული საღამო ჰქონდა. მაგრამ ამჯერად იამალის სითამამე გუნდს მინუსად დაუჯდა - დიდწილად ჩაბის სპეციალური ტაქტიკური გეგმის გამო.
რეალმა შეგნებულად დატოვა ლამინი მარტო - სრულად გადაკეტა ბარსელონას მარცხენა ფლანგი და ყველაზე საშიში ვინგერის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მცველი, კარერასი დატოვა. თეორიულად, ეს იდეალური გარემო უნდა ყოფილიყო ბარსას ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის. მაგრამ პრაქტიკაში იამალს ბურთს აძლევდნენ და თითქმის ვერანაირად ვერ ეხმარებოდნენ. ჟულ კუნდე ზედმეტად უფრთხოდა ვინისიუსის შესაძლო გარღვევებს, ამიტომ ვერ ეხმარებოდა. პედრი და ფერმინ ლოპესი ცდილობდნენ იამალის დახმარებას, მაგრამ რეალი მათ დაუყოვნებლივ კეტავდა — შედეგად, ლამინი თითქმის მთელი მატჩი იზოლაციაში აღმოჩნდა.
ლამინ იამალის ყოველი გადამეტებული სითამამე „რეალისთვის“ საგოლე ეპიზოდად იქცეოდა - მადრიდელები მყისიერად რეაგირებდნენ და ბურთს ვინისიუსს ან მბაპეს აძლევდნენ, რომლებიც სისწრაფით იწყებდნენ შეტევას, ხოლო იამალი დაცვაში სწრაფად ჩამოსვლით თავს დიდად არ იწუხებდა.
ბურთის გარეშე ლამინი ხშირად გამორთული იყო თამაშიდან. კარერასი აქტიურად ერთვებოდა რეალის შეტევებში, ხოლო იამალი ამას გვერდიდან უყურებდა და ჟულ კუნდეს ტოვებდა ორ-სამ მოწინააღმდეგესთან მარტო. ზოგჯერ ლამინი არც კი ცდილობდა ელემენტარულ ეპიზოდებში ჩართვასაც.
მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მარკუს ზორგმა აღნიშნა ორი მნიშვნელოვანი დეტალი: პირველი - იამალს ძალიან ხისტად ეთამაშებოდენ თამაშობდნენ, რაც მისთვის უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა; მეორე - ვინგერი ახლახან გამოჯანმრთელდა ტრავმის შემდეგ და ჯერ ვერ დაბრუნდა ოპტიმალურ ფორმაში.
მოკლე სათადარიგო სკამის გამო, ფლიკმა პირველი ცვლილებები მხოლოდ 74-ე წუთზე გააკეთა. იმ მომენტისთვის, რეალი უკვე გადასული იყო გამიზნულად მეორე ნომრად თამაშზე, ბარსა კი უფრო და უფრო გახსნილად თამაშობდა და შეტევაში ამატებდა და ამატებდა ფეხბურთლებს. ამ ეტაპზე ბურთის ფლობა 22-78%-ზე იყო. ერთი შეხედვით, რადიკალურად შემტევი ბარსა დაცვითი რეალის წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა ერთი სახიფთაო მომენტი ვერ შექმნეს. პირიქით, რეალის იშვიათი კონტრშეტევები ბევრად უფრო საშიში გამოდიოდა.
თუმცა, ეს მონაკვეთი ფლიკის ავანტურულობით იყო საინტერესო:
1 ეტაპი: გადიან ერიკ გარსია და ფერან ტორესი, მათ ნაცვლად კი არაუხო და კასადო შემოდიან. პედრი ადის ათიანის პოზიციაზე, დე იონგიც ბევრად ხშირად ერთვება შეტევაში. რაშფორდი გადადის ცენტრში, ფერმინი კი მარცხენა ფლანგზე. ამან რადიკალური ცვლილებები არ გამოიწვია.
2 ეტაპი: პაუ კუბარსის ნაცვლად მოედანზე შემოდის რონი ბარდაგჯი. ახლა ცენტრში ერთდროულად მოქმედებენ ფრენკი და... არაუხო. პედრი და კასადო ჩამოწეულები არიან საყრდენ ზონაში, იამალი ათიანის პოზიციაზეა, ზუსტად რაშფორდის უკან, მარჯვენა ფლანგი კი ბარდაგჯიმ ჩაიბარა.
3 ეტაპი: მეტი ცვლილება აღარ განხორციელებულა. კომპენსირებულ დროში ბარსა შეტევაში არაუხო-რაშფორდის დუეტით არის წასული. დაცვაში ცენტრს კასადო და ფრენკი აკონტროლებენ. ფორმალურ საყრდენებად დარჩნენ პედრი და იამალი, თუმცა პრაქტიკაში ბარსა თითქმის აღარ ფიქრობდა უბურთოდ თამაშზე - მთავარი ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი შემტევი მენტალობის მქონე ფეხბურთელის გამოყენება.
ბარსელონა ბევრს უტევდა, მაგრამ პრაქტიკულად ვერ შექმნა საგოლე მომენტები. ამ ცვლილებების განხილვა საინტერესოა მხოლოდ მათი სიუჟეტური ექზოტიკუროიბსა და სარისკო ხასიათის გამო, მაგრამ არა ეფექტურობის თვალსაზრისით. ყველაზე ახლოს სამუშაო ვარიანტთან იყო იამალის ცენტრში გადმოწევა - იქ ის რეალისთვის ნაკლებად პროგნოზირებადი გახდა და მისი ტექნიკური შესაძლებლობების წყალობით საფრთხეს ქმნიდა იმ შემთხვევებშიც კი, როცა აღარ თამაშობდა თავის ჩვეულ ზონაში.
***
რეალის სრულიად დამსახურებული გამარჯვება. ბოლო კვირების ბარსას პრობლემები იდეალურად დაემთხვა ჩაბი ალონსოს ზუსტ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს.
რეალის მთავარმა მწვრთნელმა იპოვა იდეალური ბალანსი: მან საკუთარი გუნდის უკვე გამართული თამაშის მექანიზმებს დაუმატა კონკრეტული, მიზნობრივი კორექტირებები ტოპ-მეტოქესთან სათამაშოდ.
ჰანსი ფლიკმა მსგავსი მორგებადობა ვერ აჩვენა. მისი უნარი - საკუთარი სტილის ბოლომდე მიყოლა და პირველი გეგმისადმი რწმენა – მუშაობს ბარსას მატჩების 95%-ში, მაგრამ ასეთ ძლიერ მეტოქესთან, თანაც აშკარა შიდა პრობლემების ფონზე, ამავე თვისებებმა გუნდს ზიანი მოუტანა.

ნიკა შაქარაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები