ნორვეგიასთან გამარჯვების მიუხედავად, ინგლისის ნაკრების ბანაკში საგანგაშო სიგნალი ჩაირთო.
კამერებმა დააფიქსირეს, როგორ იჭერდა ხელს ჯუდ ბელინგემი მარცხენა მხარზე, რომელზეც გასულ ზაფხულს ოპერაცია გაიკეთა. 23 წლის ნახევარმცველს მატჩის მსვლელობისას, ერთ-ერთი უხეში ვარდნის შემდეგ, აშკარად დიდი ტკივილი აწუხებდა.
წყლის შესვენების დროს ბელინგემი ნაკრების ფიზიოთერაპევტს დიდხანს უხსნიდა პრობლემას და კონკრეტულად ნატკენ სახსარზე მიუთითებდა. მან მხარზე ხელი მატჩისშემდგომი ინტერვიუს დროსაც არაერთხელ მოიკიდა, რამაც ფანებში დიდი სანერვიულო გააჩინა. რეალის ვარსკვლავს ადრეც უთქვამს, რომ მხრის ტრავმა ფსიქოლოგიურადაც თრგუნავდა:
ვთამაშობდი და სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ თუ დავეცემოდი, მხარი ისევ ამომივარდებოდა. ეს საუკეთესო დონის ჩვენებაში მიშლიდა ხელს
ინგლისის ნაკრების სამედიცინო შტაბი ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა ტურნირის მთავარი ვარსკვლავი ოთხშაბათს, ატლანტაში, ლიონელ მესისა და არგენტინის წინააღმდეგ გასამართი ნახევარფინალისთვის ფეხზე დააყენოს. ტუხელისთვის ბელინგემი შეუცვლელი ფიგურაა, რადგან ნაკრებში გატანილი 12 გოლიდან 9 სწორედ დიდ ტურნირებზე მოდის.