საქართველოს ნაკრებისა და MTK ბუდაპეშტის 28 წლის ცენტრალური მცველი, ილია ბერიაშვილი, უნგრეთთან მოახლოებული მატჩის წინ ადგილობრივ მედიას ესაუბრა.
ფეხბურთელმა, რომელიც უკვე თითქმის ოთხი წელია უნგრეთში ცხოვრობს და თამაშობს, ქვეყნისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე, ქართული ფეხბურთის განვითარებასა და მომავალ პრინციპულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
როგორც ბერიაშვილმა აღნიშნა, უნგრეთმა მის ცხოვრებაში სიმშვიდე შემოიტანა და აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, თუმცა ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლა მისთვის ყოველთვის უმაღლესი პასუხისმგებლობაა. მან ასევე გაიხსენა ის დრო, როდესაც ბევრს ქართული ფეხბურთის მომავალი ეჭვქვეშ ეპარებოდა, თუმცა ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი არაბიძე და ხვიჩა კვარაცხელია არიან, ხალხს რწმენა დაუბრუნეს.
მცველმა ხუმრობით იმ კლუბური თანაგუნდელების რჩევებიც გაიხსნა, რომლებიც მას დომინიკ სობოსლაის წინააღმდეგ სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ:
MTK-ის გასახდელში ბიჭები მეხუმრებოდნენ, რომ აჯობებს, თუ სულ არ წახვალ ნაკრებში და სობოსლაის ფეხს არ მოტეხავო, მაგრამ დავარწმუნე ისინი, რომ ასეთ რამეს არ ვიკადრებ. როგორი ხისტიც არ უნდა ვიყო მოედანზე, კარგად მესმის, რომ ფეხბურთის თამაში არის ის, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოგვდის და ყველაზე მეტად გვიყვარს.
სერიოზულად კი, თანაგუნდელები მართლაც მირჩევდნენ, რომ საჯარიმოს სიახლოვეს მის წინააღმდეგ სიფრთხილე გამოვიჩინო, რადგან საჯარიმო დარტყმით გოლების გატანა ეხერხება. რა თქმა უნდა, ეს თავადაც კარგად ვიცოდი. ცოტა ხნის წინ ვნახე მისი გოლი ტოტენჰემთან. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და გვინდა, რომ შევაჩეროთ.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის B2 ჯგუფის მესამე ტურის მატჩი უნგრეთსა და საქართველოს შორის ბუდაპეშტის პუშკაშ არენაზე 2 ოქტომბერს, 22:45 საათზე გაიმართება.