ინგლისური ბარნლის ქართველმა სკაუტმა, მიხა გაბეჩავამ ცნობილ უნგრულ გამოცემა ნემზეტი სპორტსში საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების მომავალ მატჩზე ესაუბრა.
მან გუნდების ტაქტიკურ ხარვეზებსა და ლიდერებზე გაამახვილა ყურადღება.
ქართველმა სკაუტმა ხვიჩა კვარაცხელიასა და დომინიკ სობოსლაის შორის პარალელი გაავლო. მისი თქმით, ორივე ნაკრებს მსგავსი პრობლემა აქვს. როდესაც დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი ირღვევა და თავდამსხმელები იზოლირებულები რჩებიან, ორივე ლიდერს ბურთის ამოსატანად უკან ღრმად დახევა უწევს. გაბეჩავა აღნიშნავს, რომ კლასიკური ექვსიანის პოზიციაზე სათანადო ფეხბურთელის არარსებობის გამო, ბურთის მეტოქის მესამედში მიტანა რთულდება.
რამაზ სვანაძის დებიუტზე საუბრისას გაბეჩავამ აღნიშნა, რომ უკრაინასთან მატჩში მცირე ცვლილებები და ინტენსივობა შეინიშნებოდა, თუმცა დროის სიმცირის გამო ტაქტიკური რევოლუცია შეუძლებელია და გუნდის თამაშის საფუძვლები იგივე რჩება.
რაც შეეხება უშუალოდ უნგრეთთან შეხვედრას, გაბეჩავას პროგნოზი ასეთია: გუნდების ძალები თითქმის თანაბარია და სასწორი იმისკენ გადაიხრება, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს ან ვისი ლიდერიც უკეთეს ინდივიდუალურ ოსტატობას გამოავლენს.