უკრაინის ეროვნული ნაკრების მცველმა, ტარას მიხავკომ ერთა ლიგაზე საქართველოსთან გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიასთან მომხდარი მძიმე შეჯახების ეპიზოდი გაიხსენა და დეტალებზე ისაუბრა.
უკრაინელმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ქართველ ვარსკვლავს ბოდიში მაშინვე მოუხადა. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო მომენტი იყო და მისი მხრიდან არანაირი აგრესია ან განზრახ დაშავების მცდელობა არ ყოფილა.
რეალურად, ეს ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო. მოძრაობისას ინერციით მუხლი ჩავარტყი. არანაირი განზრახვა არ მქონია. იმ წამებში ვიგრძენი, რომ შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო და შემეშინდა, შეცვლა არ გამხდარიყო საჭირო. მაშინვე მივედი და ბოდიში მოვუხადე. საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზეა
მცველმა კვარაცხელიასთან ინდივიდუალურ დუელებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი ხარისხის შემსრულებლებთან თამაში მისთვის ძალიან საინტერესო და დიდი გამოცდილებაა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ხვიჩასთან დაპირისპირება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.