ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვისას ფასების ხელოვნურად გაზრდასა და ფანების მოტყუებაში ადანაშაულებენ.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის გენერალურმა პროკურორებმა ფიფას წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყეს. ნიუ-ჯერსის გენერალურმა პროკურორმა, ჯენიფერ დევენპორტმა, ბილეთების ყიდვის პროცესს ნამდვილი კოშმარი უწოდა, სადაც ხალხს ხელოვნური დეფიციტით თავგზას უბნევდნენ და წარმოუდგენლად მაღალ ფასებს ახდევინებდნენ. მისი თქმით, ფიფასგან შიდა დოკუმენტაციას ოფიციალურად მოითხოვენ.
ფანები ჩივიან, რომ ორგანიზაციამ ისინი ადგილების მდებარეობასთან დაკავშირებითაც მოატყუა. მაგალითად, თავიდან გამოშვებული ბილეთების შემდეგ, მოგვიანებით უფრო ძვირი, ეგრეთ წოდებული წინა რიგების კატეგორია დაამატეს.
ასევე ირკვევა, რომ ფასების მანიპულაციით ფიფამ 104 მატჩიდან 90 შეხვედრაზე ბილეთები საშუალოდ 34 პროცენტით გააძვირა.
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მანამდე ამართლებდა ამ ფასებს და ამბობდა, რომ ტურნირზე გიჟური მოთხოვნაა. თუმცა, რეალურად, 86 მატჩზე ბილეთები თავისუფლად არის ხელმისაწვდომი, მათ შორის ჯგუფური ეტაპის თითქმის ყველა თამაშზე.
ამერიკაში ადგილობრივი ორგანიზატორები ფიფას ბოლო დროს ისედაც ყველაფერზე აკრიტიკებენ. ცოტა ხნის წინ ტრანსპორტის ფასებზეც იყო სკანდალი, როცა მატარებლის ბილეთი 150 დოლარი გახადეს, თუმცა დიდი პროტესტის შემდეგ იძულებულები გახდნენ ფასი 98 დოლარამდე დაეწიათ. ჩვეულებრივ დღეებში ეს გზა სულ რაღაც 13 დოლარი ჯდება.
ფიფა ამ თემებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.