ორლანდო მეჯიქის ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ, NBA-ს ახალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე მედიის კითხვებს უპასუხა და მომავალი გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
კალათბურთელმა აღნიშნა:
ეროვნულ გუნდში საკმაოდ დატვირთული ზაფხული მქონდა. სასიხარულოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხიდან სამ შეხვედრაში გავიმარჯვეთ, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევაა. სპორტის მიღმა, ოჯახის წევრებთანაც შევძელი დროის გატარება, კარგად დავისვენე და ახლა მომდევნო სეზონის დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ველი.
ბითაძემ მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებსა და გუნდური წარმატებისთვის ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება:
კალათბურთელებს სრულად გვაქვს გააზრებული ჩვენი საქმე და დროს ტყუილად არავინ კარგავს. მწვრთნელი ყველასგან ბოლომდე დახარჯვას მოითხოვს და შეცდომის შემთხვევაში, შენიშვნას პირდაპირ, პირადად მისგან იღებ. ნებისმიერი მოთამაშისთვის სწორედ ასეთი მიდგომაა სასურველი.
ქართველი კალათბურთელის თქმით, მისი მთავარი მიზანი უცვლელია და მზადაა გუნდს ნებისმიერი პოზიციიდან დაეხმაროს:
ჩემი მიზანი უცვლელია, გუნდის წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ. არ აქვს მნიშვნელობა, თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დავიწყებ თუ სათადარიგოთა სკამიდან, ყველაფრისთვის მზად ვარ. კლუბში ამას ხედავენ და აფასებენ. ძალიან მიხარია აქ ყოფნა და მინდა, კლუბსა და ამ ქალაქს მათი თანადგომისთვის მადლობა ჩემი შრომით გადავუხადო.
შეგახსენებთ, რომ ორლანდო სეზონის წინ პირველ ამხანაგურ მატჩს 8 ოქტომბერს მემფისთან ჩაატარებს, ხოლო სეზონის ოფიციალური სტარტი გუნდისთვის 22 ოქტომბერს, ატლანტასთან მატჩით შედგება.