ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

რობერტო როხასი და მისი მზაკვრული გეგმა
ფეხბურთიფეხბურთი

რობერტო როხასი და მისი მზაკვრული გეგმა

15 აგვ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლათინური ამერიკის ქვეყნების სასაუბრო ენა რომ ესპანურია, ყველამ ვიცით, თუმცა ჩილეური ესპანურის გაგება ბევრს უჭირს მასში არსებული ბევრი ადგილობრივი ტერმინის, სიტყვის, იდიომისა თუ სლენგის გამო. ამ ყველაფერზე წიგნიც არსებობს, სათაურით „როგორ გადავურჩეთ ჩილეს ჯუნგლებს“, რომელიც უცხოელებისთვისაა განკუთვნილი.


შესავალმა არ დაგაბნიოთ, ერთი ასეთი სიტყვა-ნეოლოგიზმი ჩილეურ ენაში არც მეტი, არც ნაკლები, ფეხბურთელის მეტსახელიდანაა წარმომდგარი: „კონდორო“ (condoro) - ჩილეში ასე ეძახიან უხერხულ მოუქნელობასა და სამარცხვინო მოუხერხებლობას, რომელიც ჩილელი ყოფილი მეკარის, რობერტო „ელ კონდორ“ როხასის გამო წარმოიშვა.


როხასი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლებოდა იქამდე, სანამ 1989 წლის 3 სექტემბერს თავისი ცხოვრების უდიდეს „კონდოროს“ ჩაიდენდა.


რობერტო ანტონიო როხასი 1957 წლის 8 აგვისტოს, დედაქალაქ სანტიაგოში დაიბადა. პირველი ახალგაზრდული და პროფესიული კლუბი მის კარიერაში დედაქალაქური ავიასიონი იყო, სადაც 1976-1981 წლებში გამოდიოდა. შემდეგ იყო კოლო-კოლო (1982-1987), სადაც ორჯერ გაჩემპიონდა და ბრაზილიური სან-პაულო, სადაც მოთამაშის კარიერის დასრულება უკვე ნახსენებ საბედისწერო და გაუგონარი შეცდომის დაშვების გამო მოუწია...



1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ჩილეს ნაკრები CONMEBOL-ის ცხრა ქვეყანას შორის მეორე კალათში იყო განთესილი. სამხრეთ ამერიკისთვის მუნდიალზე ორი პირდაპირი და ერთი საერთაშორისო საპლეი-ოფო საგზური იყო გამოყოფილი, რადგან მოქმედი ჩემპიონი არგენტინა ავტომატურად იყო დაშვებული იტალიის მსოფლიო პირველობაზე.


ცხრა ნაკრები სამგუნდიან სამ ჯგუფში განაწილდა. „ლა როხას“ წილისყრაში არ გაუმართლა და ბრაზილიასთან მოხვდა. როგორც ამბობენ, სწორედ აქ დაისახეს ჩილელებმა მზაკვრული გეგმა - ყველაფრის ფასად ეჯობნათ „სელესაოსთვის“ და იტალიაში გასამგზავრებელი სანუკვარი ბილეთები დაეჯავშნათ.


ბრაზილიამ ვენესუელაში გამარჯვებით (4:0) დაიწყო. ჩილემაც იგივე ქნა და კარაკასში მასპინძლები 3:1 დაამარცხა. მორიგი მატჩი სანტიაგოს „ესტადიო ნასიონალზე“ შედგა, რა დროსაც ჩილემ და ბრაზილიამ უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში ქულები გაიყვეს - 1:1 (არადა ორიოდე წლით ადრე არგენტინაში, 1987 წლის კოპა ამერიკაზე ჩილეს ბრაზილია 4:0 ჰყავდა დამარცხებული). ამის შემდეგ ორივე ნაკრებმა შინ ვენესუელა დაჯაბნა: ბრაზილიამ 6:0 (პოკერით გამოირჩა კარეკა), ჩილემ კი 5:0 (ჰეთ-თრიქი შეასრულა ხუან კარლოს ლეტელიემ).



გადამწყვეტ შეხვედრას რიო დე ჟანეიროს „მარაკანამ“ უმასპინძლა. სწორედ ამ ლეგენდარულ სარბიელზე, 141 ათასი მაყურებლის წინაშე ჰქონდა ადგილი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უცნაურ და ამავდროულად სამარცხვინო ფაქტს სახელად „მარაკანაზოს“, რომლის მთავარი მოქმედი პირი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი რობერტო „კონდორ“ როხასი გახდა.


ორივე გუნდს ძირითადის ფორვარდები აკლდა: „კანარინიოს“ წინა მატჩში გაძევებული რომარიო, „ლა როხას“ კი ივან სამორანო, რომელმაც შვეიცარიული ქსამაქსიდან ჩამოსვლა ვერ მოახერხა.


მასპინძელი ბრაზილიელები, რომლებსაც მუნდიალზე გასასვლელად ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ფრეც აძლევდათ ხელს, კარეკამ მეორე ტაიმის სტარტზე დააწინაურა. მთელი დავიდარაბა კი 67-ე წუთზე დაიწყო, როდესაც როხასი მინდორზე დაწვა და სახეგასისხლულმა კვნესა დაიწყო - ბრაზილიელმა ტორსედორებმა მაშხალა მომარტყესო... 



მეკარეს უმალ გამოექომაგნენ გუნდის კაპიტანი ფერნანდო ასტენგო და მთელი ნაკრების სტაფი. ფეხბურთელმა პატრისიო იანიესმა ბრაზილიელ ქომაგებს უხამსი ჟესტი (ე.წ. პატო იანიესი) აჩვენა გენიტალიებზე ხელის დადებით, მატჩის არგენტინელი არბიტრი ხუან კარლოს ლოუსტაუ ამაოდ არწმუნებდა აღელვებულ ჩილელებს - თამაში გააგრძელეთო, მათ კი მინდორი პროტესტის ნიშნად დატოვეს.



ჩილელთა ჩუმი ჩა*ლა*ური ჩანაფიქრი იდეალურად მიდიოდა - ბრაზილიის ნაკრებს ფანატების აგრესიული ქმედების გამო დისკვალიფიკაცია და გათამაშებიდან მოკვეთა ემუქრებოდა, „ლა როხა“ კი მუნდიალზე გადიოდა.


ყველაფერს ნათელი მალევე მოეფინა. ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა რიკარდო ალფიერიმ ყველაფერი ფირზე აღბეჭდა: სინამდვილეში ახალგაზრდა ქალი ქომაგის, როზენერი მელო დო ნასიმენტოს მიერ ნასროლი პეტარდა რობერტო როხასს არ მოხვედრია და უბრალოდ მასთან ახლოს დაეცა, „კონდორმა“ კი წარმოუდგენელი რამ იკადრა - ხელთათმანში დამალული ბასრი საგნით წარბი გაისერა და სახე დაისისხლიანა...



ჩილელებს შავი დღე გაუთენდათ. როხასის ფოტოებით ჟურნალ-გაზეთები აჭრელდა, ალაპარაკდნენ რადიო და ტელეგადაცემები. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი რიკარდო ტეიშეირა კი მყისვე შვეიცარიაში გაფრინდა, რათა FIFA სიმართლეში ფაქტებით დაერწმუნებინა.


მზაკვრული გეგმა ჩაიფარცხა: 24 წლის როზენერი მელო 24 საათში გაათავისუფლეს, რობერტო როხასს სიცოცხლის ბოლომდე აეკრძალა თამაში, საფეხბურთო საქმიანობა ასევე სიცოცხლის ბოლომდე აეკრძალა ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სერხიო სტოპელს (სასჯელი 2007 წელს მოეხსნა), ჩილეს ნაკრების მწვრთნელ ორლანდო არავენას, კაპიტან ფერნანდო ასტენგოსა და ნაკრების ექიმს მრავალწლიანი დისკვალიფიკაცია მიეცათ, „ლა როხას“ სასჯელი კი შემდეგი მუნდიალის ავტომატურად გამოტოვებით განისაზღვრა.


როზენერი მელო იმდენად გაპოპულარულდა, რომ Playboy-ს გარეკანზეც კი მოხვდა, თუმცა სამოდელო საქმიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა. იგი ხშირად სვამდა კითხვას - როხასის სასჯელი ნამეტანი მკაცრი ხომ არ იყო და ღიად გამოხატა სიხარული, როდესაც 2001 წელს როხასს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს. როზენერი მელო 2011 წელს, 45 წლის ასაკში ანევრიზმით გარდაიცვალა.



და რა ბედი ეწია „კონდორს“? სანქციის მოხსნის შემდეგ იგი სან-პაულოში დაბრუნდა და მეკარეთა მწვრთნელი გახდა, 2003 წელს კი ლიბერტადორესის თასის მატჩშიც იყო ბრაზილიური გუნდის დროებითი თავკაცი. მოგვიანებით, 2008-2009 წლებში ასევე ბრაზილიურ კლუბში, სპორტ რესიფეში იმუშავა მეკარეთა მწვრთნელად.



რაც შეეხება ჩილეს ნაკრებს, მოგეხსენებათ „ლა როხა“ მუნდიალზე მალევე დაბრუნდა, როდესაც 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაძლია. საკვალიფიკაციო ციკლში ამჯერად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბრაზილია არ მონაწილეობდა, თუმცა ჩილე „კანარინიოს“ მალევე შეხვდა: საფრანგეთის მუნდიალზე ასპარეზობა „ლა როხამ“ მერვედფინალში უშანსო მარცხით (1:4) სწორედ ბრაზილიასთან დაასრულა...


საბოლოოდ, ისევ „მარაკანაზოს“ რომ დავუბრუნდეთ, დღემდე უცნობია, თუ რა მოხდა სინამდვილეში, სხვა ვინ იყო ჩართული ცბიერ გეგმაში, კიდევ რამდენმა იცოდა წინასწარ როხასის განზრახვა ან ჩილეს მხრიდან სხვები იყვნენ თუ არა დამნაშავეები. ასეა თუ ისე, ინციდენტის ერთადერთი აშკარა მონაწილე რობერტო როხასია, რომელმაც ბრიყვული და სამარცხვინო ქმედებით ფეხბურთელის კარიერა ვადაზე ადრე დაისამარა.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ჩილე

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

CD Palestino: უნიკალური კლუბი სანტიაგოდან

•
•ფეხბურთი
CD Palestino: უნიკალური კლუბი სანტიაგოდან
•
•ფეხბურთი

VIDEO: ანჩელოტიმ უგოლოდ დაიწყო, არგენტინამ ჩილეს მოუგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ანჩელოტიმ უგოლოდ დაიწყო, არგენტინამ ჩილეს მოუგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კოპა ამერიკა 2024 - არგენტინამ ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კოპა ამერიკა 2024 - არგენტინამ ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არგენტინამ ვენესუელას ვერ მოუგო, ბრაზილიამ ჩილე დაამარცხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არგენტინამ ვენესუელას ვერ მოუგო, ბრაზილიამ ჩილე დაამარცხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

06 აგვ, 2025

CD Palestino: უნიკალური კლუბი სანტიაგოდან

News image

06 ივნ, 2025

VIDEO: ანჩელოტიმ უგოლოდ დაიწყო, არგენტინამ ჩილეს მოუგო

News image

26 ივნ, 2024

კოპა ამერიკა 2024 - არგენტინამ ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა

News image

11 ოქტ, 2024

არგენტინამ ვენესუელას ვერ მოუგო, ბრაზილიამ ჩილე დაამარცხა