მას, ვინც სამხრეთ ამერიკულ საკლუბო ტურნირებს ადევნებს თვალს, უთუოდ ექნება თვალში მოხვედრილი უჩვეულო სახელის მქონე გუნდი, რომლის ისტორია მართლაც უნიკალურია. სპორტული კლუბი პალესტინო (Club Deportivo Palestino) - ასე ეწოდება სანტიაგოს საფეხბურთო კლუბს, რომელიც 1920 წელს პალესტინელმა ემიგრანტებმა ჩილეს დედაქალაქში დააფუძნეს.
ყირიმის მე-19 საუკუნის ომი, მეორე მსოფლიო ომი თუ არაბ-ისრაელის ომები ის კონფლიქტებია, რომლებმაც უამრავი პალესტინელი აიძულა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრირებულიყვნენ. გამონაკლისი არც ჩილე გამოდგა, დაახლოებით 500 000 პალესტინელი სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში გადასახლდა. ამ მაჩვენებლით, ჩილე ყველაზე დიდი პალესტინური დიასპორის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში.

ემიგრანტების მიერ დაარსებული საფეხბურთო კლუბები მსოფლიოში მრავლადაა - შვედეთში ასირისკა და სირიანსკა, შოტლანდიაში სელტიკი, ავსტრალიის ხორვატული და სერბული ანდა იაპონიის კორეული კლუბები, თუმცა პალესტინო იმ მხრივაცაა უნიკალური, რომ იგი ლტოლვილებისა და დევნილების მიერ დაფუძნებული პირველი საფეხბურთო კლუბია.
გუნდის ეკიპირება პალესტინურ-არაბულ ფერებშია: წითელი, მწვანე და თეთრი. „ესტადიო მუნისიპალ ლა სისტერნას“ ტრიბუნებზე კი ხშირად ნახავთ მოფრიალე პალესტინის დროშებსა და ტრადიციულ არაბულ თავსაბურავში, ქუფიეში გამოწყობილ უთვალავ ქომაგს.

რობერტო კარინ კეტლუნი სანტიაგოში დაბადებული და გაზრდილი პალესტინელია, რომლის პირველი კლუბი სწორედ პალესტინო იყო. შემდგომში იგი სხვადასხვა გუნდებში გამოდიოდა, კარიერა კი პალესტინაში, ე.წ. დასავლეთ სანაპიროზე დაასრულა - ჯერ იერუსალიმის ალ-ჰილალ ყუდსში ითამაშა, ბოლოს კი ჰებრონის აჰლი ალ-ხალილში. ამპლუით ნახევარმცველ კეტლუნის ეროვნული ნაკრები რათქმაუნდა პალესტინა იყო, სადაც 2002-2006 წლებში 23 მატჩი გამართა და 3 გოლი გაიტანა.
კეტლუნის მსგავსად პალესტინის ნაკრებში არაერთ ჩილელ-პალესტინელს უთამაშია, რომლებმაც არაბული ენა არც იციან, თუმცა ეროვნული გუნდის მატჩების გასამართად უდიდეს მანძილზე მოგზაურობა და ენობრივი ბარიერი მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.

ფეხბურთელის კარიერის შემდეგ რობერტო კეტლუნი პალესტინოს სპორტული დირექტორი გახდა, 2024 წელს კი პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფთან სამომავლო თანამშრომლობის ხელშეკრულებაც დადო.

„ჩვენი ფანები ორმაგი ფანები არიან, იმიტომ რომ ფეხბურთის გულშემატკივრობის გარდა, არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენ გამარჯვებებს ელის, რათა ბედნიერებისა და სიამაყის განცდა მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებს.“ - ამბობს რობერტო კეტლუნი.
2014 წელს პალესტინოს ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწია. კლუბმა მაისურებზე იმ ნომრების ნაცვლად, სადაც ციფრი 1 უნდა ყოფილიყო, ისტორიული პალესტინის (ისრაელისა და პალესტინის ამჟამინდელი ორი რეგიონი ერთად) რუკა გამოსახა, რის გამოც ჩილეს მთავრობის მხრიდან დაუსჯელი არ დარჩენილა.

ხსენებულ ამბავზე მწვავე რეაქცია ცხადია, ჩილეში არსებულ ებრაულ დიასპორასაც ჰქონდა, რომელიც რიცხობრივად გაცილებით ჩამოუვარდება პალესტინურს. პალესტინოს დასჯა საფეხბურთო კლუბ ნიუბლენსეს პრეზიდენტმა, ებრაული ფესვების მქონე ალექს პატრიკ კიბლისკიმაც მოითხოვა.
კლუბმა მაისურები ხმარებიდან ამოიღო და ჯარიმასაც დათანხმდა, თუმცა პასუხად სოციალურ ქსელში მცირე გზავნილი გამოაქვეყნა:
„ჩვენთვის თავისუფალი პალესტინა ყოველთვის ისტორიული პალესტინა იქნება და სხვა არაფერი.“
პოლიტიკურ-სოციალურად დატვირთულ პალესტინოს, რომელსაც მეტსახელად „ტინო-ტინოს“ ეძახიან, ჩილეს დედაქალაქის სხვა ემიგრანტების კლუბებთან აქვს ე.წ. დიასპორების დერბი სახელად „კლასიკო დე კოლონიას“ - ესპანურ უნიონ ესპანიოლასა და იტალიურ აუდაქს იტალიანოსთან.
დედაქალაქური კლუბი ჩილეს ჩემპიონი ორჯერ, 1955 და 1978 წლებში გახდა, ქვეყნის თასი კი სამჯერ (1975, 1977, 2018) მოიგო. „ტინო-ტინოს“ სამხრეთ ამერიკის უპრესტიჟულეს ტურნირზე, კოპა ლიბერტადორესზე მონაწილეობა შვიდჯერ აქვს მიღებული, სადაც საუკეთესო შედეგი 1979 წელს ნახევარფინალში მოხვედრა იყო.
წელს პალესტინო რანგით მეორე, კოპა სუდამერიკანაზე მონაწილეობდა, რომლის ლიგის ფაზიდან გასვლის შემდეგაც პლეი-ოფში ბოლივართან ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. რაც შეეხება ჩილეს მიმდინარე პირველობას, აქ პალესტინელების საამაყო კლუბი ჯერ-ჯერობით მე-4 ადგილზეა.
