2026 წლის ბოლო მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის ერთა თასზე აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.
ეს იქნება მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი გათამაშების დასკვნითი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ორი ჩემპიონი დაუპირისპირდება. ორივე გუნდმა განვლილი ხუთივე შეხვედრა მოიგო, ოთხ შემთხვევაში ბონუსქულაც მოიპოვა და 24-24 ქულა დააგროვა.
საქართველო ევროპა-აზია-აფრიკის, ხოლო აშშ ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფის ჩემპიონად გამოცხადდა, შესაბამისი თასები კი გუნდებს მატჩის შემდეგ გადაეცემათ.
ეს საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებების მეცხრე დაპირისპირება იქნება, რომელთაგანაც ბორჯღალოსნებს ხუთი მატჩი აქვთ მოგებული.
ტონგასთან მოგებული შეხვედრის (55:31) შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო თხუთმეტეულში ორი ცვლილება შეიტანა. ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს გელა აფრასიძე, რომელიც ლუკა მატკავას შეუწყვილდება. ცენტრში კვლავ თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე იქნებიან, ფრთებზე დაჩი პაპუნაშვილი და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკის პოზიციას გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილი დაიკავებს.
ერთი ცვლილებაა შერკინების ხაზშიც, სადაც მარცხენა ბურჯად სერგი აბრამიშვილი დაიწყებს. სათადარიგოთა სკამზე კი არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც ნოემბრის მატჩებში მონაწილეობა არ მიუღიათ - ლუკა გოგინავა, თედო აბჟანდაძე და თორნიკე ჯალაღონია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე.
შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. ლუკა გოგინავა, 17. გიორგი ახალაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. მიხეილ შიოშვილი, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. თორნიკე ჯალაღონია, 22. ვასილ ლობჟანიძე, 23. თედო აბჟანდაძე.