საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თანამედროვე სამედიცინო-დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სისტემები შეიძინა, რის შემდეგაც ახალი ტექნოლოგიების ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამი თანამედროვე სისტემა - კარდიორესპირატორული დატვირთვის ტესტირების (CPET/VO₂) სრული კომპლექსი და იტალიური კომპანია TecnoBody-ის ორი ტექნოლოგიური სისტემა, D-Wall-ი და Homing-ი.
CPET/VO₂-ის ტესტირების სისტემა სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ფიზიკური დატვირთვის პირობებში კომპლექსურად შეაფასონ ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციონირება, ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარება (VO₂max), ფიზიკური გამძლეობა და დატვირთვისადმი ორგანიზმის რეაქცია.
TecnoBody D-Wall-ი ინტერაქციული ციფრული სისტემაა, რომელიც მოძრაობის ანალიზის, ფუნქციური შეფასებისა და ფიზიკური ვარჯიშის თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს.
რაც შეეხება TecnoBody Homing-ს, ის მოძრაობის შეფასების, ფიზიკური ვარჯიშისა და ტელერეაბილიტაციის ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინდივიდუალური სავარჯიშო და სარეაბილიტაციო პროგრამების დაგეგმვა, მათი შესრულების კონტროლი და პაციენტთა რეაბილიტაციის პროცესის დისტანციურად წარმართვა.
გარდა ტექნიკური გადაიარაღებისა, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სამედიცინო პერსონალის პროფესიული გადამზადების პროგრამაც ხორციელდება.