არენამაქსი
ქვიზები
ქვიზების ლიგა
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისური ფეხბურთის მოყვარულებმა კარგად იციან ე.წ. ბოქსინგ დეის (Boxing Day) არსებობის შესახებ. ბევრ ქომაგს ისიც კარგად მოეხსენება, თუ საიდან მომდინარეობს ამ ტერმინის სახელწოდება, რას ნიშნავს იგი, როდის იმართება ანდა რატომ არსებობს.
პირველ რიგში, ბოქსინგ დეი ბრიტანული ერთა თანამეგობრობის (The Commonwealth of Nations) ხალხთა საშობაო ტრადიციაა და იგი შობის მეორე დღეს, 26 დეკემბერს აღინიშნება. სახელწოდება შეფუთულ საშობაო საჩუქრის ყუთს (Christmas Box) უკავშირდება, ტრადიცია კი დედოფალ ვიქტორიას (1837-1901) მმართველობის დროიდან მომდინარეობს. იმ პერიოდიდან, დიდ ბრიტანეთში მდიდარი ადამიანები 26 დეკემბერს საზოგადოების ღარიბი წევრებისთვის, განსაკუთრებით – საკუთარი მსახურებისთვის, პატარა საშობაო პაკეტებსა ამზადებდნენ. საჩუქრების მიმღებებისთვის ეს დღე დასვენების დღე იყო და ამ სასაჩუქრე ყუთებს ისინი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ხსნიდნენ.
ეს სახალხო დღე, გაერთიანებულ სამეფოს საკლუბო ფეხბურთში ცალკე ტრადიციაა და იგი ინგლისის პრემიერ ლიგის მკაცრი გრაფიკით გამორჩეული მატჩების დღეა.
მე-19 საუკუნის ბოლოდან, ინგლისში საშობაო არდადეგებზე საფეხბურთო მატჩები მაინც იმართებოდა. 1950-იან წლებამდე შობა (25 დეკემბერი) სრული სათამაშო დღე იყო, თუმცა, რადგან შობა დიდ ბრიტანეთში სახალხო დღესასწაულია, დასაქმებულთა უმეტესობა არ მუშაობს და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შეზღუდულია, ეს დღე ხშირად სტადიონებზე მიმავალ და უკან მომავალ გულშემატკივრებს მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნიდა. შედეგად, 1966 წლიდან საშობაო მატჩის დღე სწორედ ე.წ. ბოქსინგ დეიზე გადაიტანეს.
საშობაო არდადეგებზე საფეხბურთო მატჩების მრავალწლიანმა ტრადიციამ 26 დეკემბერი პრემიერ ლიგაში მუდმივ მატჩის დღედ დაამკვიდრა. ბევრი ოჯახისთვის ამ დღეს მატჩზე დასწრება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც – საშობაო ვახშამი.
ბოქსინგ დეისთვის ბილეთებზე მოთხოვნაც გაცილებით მაღალია, ვიდრე – სხვა ნებისმიერ შაბათ-კვირას. სხვათა შორის, პრემიერ ლიგა ხშირად ახანგრძლივებს ამ დღის განრიგს, რათა ბევრი შეხვედრა იყოს ყურებადი: პირველი მატჩები, როგორც წესი, საკმაოდ ადრე იწყება, ხშირად – ლანჩის შემდეგ, ხოლო ბოლო თამაშები გვიან ტარდება. ეს არა მხოლოდ ზრდის მაყურებელთა რაოდენობას, არამედ გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, დღის განმავლობაში უფრო მეტი მატჩის ცქერით დატკბნენ.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბოქსინგ დეის მატჩის გადადების საკითხიც განხილულა, მაგალითად – 2022 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე, რათა ფეხბურთელებს დასვენება ჰქონოდათ.
გიჟური ტემპების მქონე ინგლისის პრემიერ ლიგის დატვირთული გრაფიკი ახალ წელს დამატებითი მატჩების ჩატარების ადგილს ნაკლებად ტოვებს. ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ფინანსური ფაქტორი: ამ დღეს მხოლოდ პრემიერ ლიგის გუნდები თამაშობენ, რაც ზრდის მაყურებელთა რაოდენობას, თუნდაც – საერთაშორისო დონეზე. ბოქსინგ დეიზე ინგლისური ფეხბურთი მთელი საფეხბურთო სამყაროს დიდ ყურადღების ცენტრშია, რაც ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციასაც უქმნის –ათწლეულების განმავლობაში ბოქსინგ დეიზე ხომ არაერთი სენსაციური, დასამახსოვრებელი და ისტორიული შედეგი დაფიქსირებულა.
1963 წლის 26 დეკემბერი ინგლისურ ფეხბურთში ბევრის მხრივაა გამორჩეული. ამ წლის ბოქსინგ დეიზე ყველაზე მეტი, 66 გოლი გავიდა. ამავე დღეს დაფიქსირდა ბოქსინგ დეის ყველაზე უხვგოლიანი მატჩის შედეგიც: ფულემი-იპსვიჩ ტაუნი 10:1. ხსენებულ მატჩში ე.წ. პოკერი შეასრულა გრემ ლეგატმა, რაც დღემდე ინგლისის ჩემპიონატში ერთ ბოქსინგ დეიზე გატანილი ყველაზე მეტი გოლია.
ბოქსინგ დეის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინია – ინგლისელ სუპერვარსკვლავს ამ დღეებზე ჯამში ყველაზე მეტი, 10 გოლი აქვს გატანილი.
ჩატარებული შეხვედრების მიხედვით კი პირველ ადგილზე გარეთ ბარი გახლავთ, რომლის ანგარიშზე 18 ბოქსინგ დეიზე ნათამაშები მატჩია. მას ერთით ჩამორჩება ფრენკ ლამპარდი, შემდეგ კი ლეგენდარული რაიან გიგზია 14 მატჩით.
ბოლო სიტყვად კი შეგახსენებთ რამდენიმე გამორჩეულ მატჩს ბოქსინგ დეის ისტორიაში, ასეთები იყო: 1994 წელს ბლექბერ როვერსი-მანჩესტერ იუნაიტედი 4:4, ასევე 2002 წლის ტოტენჰემი-საუთჰემპტონი, ამავე წლის ვესტ ჰემი-ნიუკასლი და 2007 წლის ჩელსი-ასტონ ვილა – იგივე უხვგოლიანი ფრეებით, 1999 წლის კოვენტრი-არსენალი 3:2, 2000 წელს გამართული არსენალი-ლესტერი 6:1 და 2002 წლის მიდლსბრო-მანჩესტერ იუნაიტედი 3:1.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები
