ფორმულა 1-ში ბრაზილიის გრან პრი გაიმართა.
კვალიფიკაციაზე მოპოვებული პოულ პოზიციის შემდეგ, ლანდო ნორისმა რბოლაშიც დამაჯერებლად იასპარეზა და სან პაულოს ტრასაზე რბოლის გამარჯვებულიც გახდა.
მეორე ადგილზე კიმი ანტონელი გავიდა, რომელმაც კვალიფიკაციაზეც მეორე ადგილი დაიკავა. იტალიელი დებიუტანტისთვის ეს ფორმულა 1-ში საუკეთესო შედეგია.
აი, პოდიუმის მე-3 ადგილი კი მაქს ვერსტაპენმა მოიპოვა, რომელმაც ჩაგდებული კვალიფიკაციის შემდეგ, რბოლა პიტ ლეინიდან დაიწყო და მისი პოდიუმი ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო.
რბოლას ნაადრევად გამოეთიშა ორივე ფერარი - შარლ ლეკლერი ოსკარ პიასტრისა და კიმი ანტონელის შეჯახებას შეეწირა, ლუის ჰამილტონმა კი ბოლიდის დაზიანების გამო ვეღარ შეძლო რბოლის ბოლომდე მიყვანა.
ბრაზილიურ რბოლაში ქულები ასე განაწილდა:
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 25 ქულა
2. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 18 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 15 ქულა
4. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 12 ქულა
5. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 10 ქულა
6. ოლი ბერმანი (ჰაასი) - 8 ქულა
7. ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულსი) - 6 ქულა
8. ისაკ ჰაჯარი (რეისინგ ბულსი) - 4 ქულა
9. ნიკო ჰულკენბერგი (ზაუბერი) - 2 ქულა
10. პიერ გასლი (ალპინი) - 1 ქულა
ლანდო ნორისმა საჩემპიონო ბრძოლაში თანაგუნდელ პიასტრისთან 24-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
1. ნორისი - 390 ქულა
2. პიასტრი - 366 ქულა
3. ვერსტაპენი - 341 ქულა
2025 წლის სეზონის დასრულებამდე 3 გრან პრი დარჩა. მომდევნო გრან პრი 21-23 ნოემბერს ლას ვეგასში გაიმართება.