ოსკარ პიასტრიმ განმარტა, რომ მაკლარენის სადავო გუნდური ბრძანება იტალიის გრან პრიზე, რომელიც ლანდო ნორისს წაადგა, მის გონებაში აზერბაიჯანის საშინელი გამოსვლის დროსაც იყო.
მონცაში ნორისი და პიასტრი მეორე და მესამე ადგილებზე იყვნენ, ავსტრალიელი კი აშკარად ჩამორჩებოდა თანაგუნდელს მთელი კვირის განმავლობაში, როცა მაკლარენმა გადაწყვიტა, რომ პიასტრი პირველი შეეყვანათ ბოქსებში, რათა შარლ ლეკლერის შეტევა მოეგერიებინათ.
თუმცა, როცა ნორისი შეჩერდა, მას საბურავების ცვლის დროს შეფერხება მოუვიდა, რამაც პიასტრის საშუალება მისცა, თანაგუნდელისთვის გადაესწრო. გუნდმა შემდეგ პიასტრის უბრძანა, რომ ნორისისთვის გზა დაეთმო.
ჩემპიონატის მაშინდელმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ გუნდს თითქოს შეთანხმებული ჰქონდა, რომ ნელი პიტ-სტოპი "რბოლის ნაწილია", მაგრამ ბოლოს მაინც დაუთმო გზა ნორისს. მოგვიანებით პიასტრის ნება დართეს ისევ ეცადა შეტევა, თუმცა გადასწრება ვერ შეძლო.
შედეგად, ნორისმა პიასტრის უპირატესობა ქულებში 31-მდე შეამცირა. ამის შემდეგ ბაქოში პიასტრის საშინელი კვირა ჰქონდა, მისი პრობლემები პირველივე ვარჯიშზე ძრავის გაუმართაობით დაიწყო.
შემდეგ ის კვალიფიკაციაში ავარიაში მოყვა და მეცხრე ადგილზე უნდა დაეწყო რბოლა, თუმცა უკანა რიგებში აღმოჩნდა, სანამ პირველივე წრეზე ისევ ავარიაში არ მოყვა.
მას შემდეგ, რაც პიასტრიმ ნიდერლანდების გრან პრი მოიგო, ექვსიდან მხოლოდ ერთ რბოლაში მოხვდა პოდიუმზე - მონცაში მესამე ადგილზე და ბოლო სამ რბოლაში მეხუთე ადგილზე დაასრულა, მაშინ როცა ნორისმა ორი რბოლა მოიგო და ერთში მეორე იყო, ასევე მოიგო სპრინტიც.
შედეგად, ბრაზილიის გრან პრის შემდეგ, როცა სამი ეტაპი დარჩა, ნორისს 390 ქულა აქვს, პიასტრის კი 366 - 24-ქულიანი სხვაობა და 83 ქულა დარჩენილ სეზონში.

პიასტრიმ განმარტა, რომ ბაქოს უიქენდზე ფიქრისას მონცას გუნდური ბრძანება გონებაში ჰქონდა, თუმცა თავისი ბაქოს ჩავარდნა იტალიაში მომხდარს პირდაპირ არ დააბრალა.
„საბოლოოდ, [ეს იყო] რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია. ცხადია, წინა რბოლა მონცა იყო, რომელიც ჩემი მხრიდან ძალიან ძლიერი კვირა არ იყო და იყო ის ამბავი პიტ-სტოპებთან დაკავშირებითაც.
მაგრამ თავად ბაქოც რთული იყო, პარასკევი ცუდად დაიწყო. არაფერი მუშაობდა; ზედმეტად ვცდილობდი, არ ვიყავი კმაყოფილი ჩემი მართვით და ალბათ ამის ანაზღაურებას შაბათს ვცდილობდი.
კვირის განმავლობაში იყო სხვადასხვა მოვლენა, გვქონდა ძრავის პრობლემა FP1-ში, რამაც ცოტა არეულობა გამოიწვია. შემდეგ ბოლიდს კარგად ვერ ვმართავდი, ვიყავით C6 საბურავებზე, რომლებიც ცნობილია, როგორც რთულად სამართავი. უამრავი მცირე დეტალი დაგროვდა.
ვგრძნობდი, რომ შაბათს ჩემი ტემპი კარგი იყო, მაგრამ უბრალოდ მეტისმეტად ვცდილობდი, რაც საბოლოოდ კვალიფიკაციაში ავარიამდე მივიდა. რბოლა კი ყველაფრის კომბინაცია იყო, უკნიდან დაწყება და წინა დღით დაკარგულის ანაზღაურების მცდელობა.
ზუსტად რა იყო მიზეზი, ამას ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ საბოლოოდ ბაქო იყო მრავალი ფაქტორისგან გამოწვეული ქარიშხალი . საშინელი კვირა იყო.
ახლა როცა ვუყურებ, ვერაფერს დავმალავ, ეს იყო ყველაზე ცუდი კვირა ჩემს კარიერაში, მაგრამ ალბათ ყველაზე სასარგებლოც.“ - თქვა პიასტრიმ F1-ის Beyond the Grid პოდკასტში ბაქოს უიქენდის შესახებ.