პუმამ და ბრენდმა KidSuper-მა ნეიმარის ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნება ახალი, სპეციალური გამოშვების ბუცებით აღნიშნეს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მოთამაშეების დიდმა ნაწილმა ვარდისფერი ფეხსაცმელი აირჩია, პუმამ რადიკალურად განსხვავებული და თვალშისაცემი დიზაინი შექმნა, რომელიც პირდაპირ კავშირშია თავად ნეიმარის ისტორიასთან, მის სამშობლოსა და კარიერულ აღმასვლასთან.

ახალი მოდელის მთავარი შთაგონების წყარო ფენიქსია - სიმბოლო იმისა, თუ როგორ ახერხებს ნეიმარი ტრავმებისა და კრიტიკის მიუხედავად ძალების მოკრებასა და უმაღლეს დონეზე დაბრუნებას.

ბუცები მკვეთრი ყვითელი ფერისაა, რომელიც თავად ფეხბურთელმა შეარჩია, მასზე კი დატანილია KidSuper-ის მიერ ხელით დახატული ფენიქსის გრაფიკა. პერსონალური დეტალები უხვად არის: ბოტასის შიდა ნაწილში ნეიმარის ცნობილი ტატუს სტილიზებული სიმბოლოებია, რომლებიც ფეხბურთელის გზას ასახავს - მოედანი, სახლი და მსოფლიო ჩემპიონატის თასი.

ნეიმარისთვის ეს პროექტი ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მის ცხოვრებისეულ ბრძოლას განასახიერებს. თავის მხრივ, KidSuper-ის დამფუძნებელი კოლმ დილანი აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც ნეიმარის გულშემატკივრისთვის, ამ ლეგენდასთან თანამშრომლობა დიდი პატივია.

ბუცები ოფიციალურად 26 ივნისიდან გახდა ხელმისაწვდომი.