შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად პოპულარულმა ტელეანალიტიკოსმა კრეიგ ბერლიმ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნების შემდეგ გააკრიტიკა.
მისი თქმით, ბრაზილიელი ვარსკვლავი მოედანზე აშკარად მძიმედ გამოიყურებოდა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი მუნდიალზე წაყვანის გადაწყვეტილება.
ნეიმარმა ეროვნულ გუნდში 981-დღიანი პაუზა შოტლანდიასთან მატჩში (3:0) შეცვლაზე შესვლით დაასრულა. მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ ეს მისი პირველი საერთაშორისო თამაში იყო, რასაც ემოციები და მატჩის შემდეგ მოედანზე ტირილიც მოჰყვა. თუმცა, ESPN-ის ეთერში ბერლიმ ბრაზილიელის ფორმას ასეთი შეფასება მისცა:
ნეიმარი რომ შემოვიდა, ტრიბუნებზე დიდი აღფრთოვანება იყო, მაგრამ მე თუ ჟოაო პედრო ან სხვა რომელიმე ფეხბურთელი ვიქნებოდი, რომელიც განაცხადში ვერ მოხვდა, ვიტყოდი, რომ ეს უბრალოდ სენტიმენტალური არჩევანია. ის ძალიან დუნე იყო, ტემპს ჩამორჩებოდა და თამაშმა მის გვერდით ჩაიარა. თუ პლეი-ოფის ბოლო სტადიებზე ბრაზილიას მისი იმედი უნდა ჰქონდეს, დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება - შეძლებს კი ის უკეთესი გუნდების წინააღმდეგ თამაშზე გავლენის მოხდენას, როცა შოტლანდიასთანაც კი გაუჭირდა?
თავად ნეიმარმა აღნიშნა, რომ დაბრუნებით ბედნიერია, ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს და მზადების პროცესში 25 დღე ბევრს ვარჯიშობდა. ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალშია, სადაც 29 ივნისს იაპონიას დაუპირისპირდება.