-
Aa
+
ფონტის ზომა
კლუბში 2024 წლის ივნისში მოსვლის შემდეგ, არნემ პირველივე სეზონში გუნდს მე-20 საჩემპიონო ტიტული მოაპოვებინა. 2024-25 წლების სეზონი მან LMA-ის წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოთი დაასრულა, მას შემდეგ რაც გუნდი ასევე გაიყვანა ლიგის თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში.
შემდგომში მან ზედიზედ მეორე სეზონში უზრუნველყო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა 2025-26 წლების სეზონში, როდესაც „წითლებმა“ ამ ტურნირის 1/4 ფინალამდეც მიაღწიეს.
ლივერპულის მფლობელებმა ერთობლივ განცხადებაში ხაზი გაუსვეს იმ წარმატებას, რომელიც არნემ კლუბს მოუტანა, და ასევე იმ ლიდერულ თვისებებს, რომლებიც მან ორი წლის განმავლობაში გამოავლინა:
„იმის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბისთვის რთული იყო, არაფრის მთქმელია. არნეს წვლილი ლივერპულში ყოფნის პერიოდში მნიშვნელოვანი, ღირებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ჩვენთვის, წარმატებული იყო.
შესაბამისად, ჩვენი მადლიერება მისი მიღწევების მიმართ ვერ იქნება უფრო დიდი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი დაფუძნებული იყო შრომისმოყვარეობაზე, თავდადებასა და პროფესიონალიზმის იმ დონეზე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ იგი თავისი საქმის ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერია.
იმ მომენტიდან, როდესაც პირველად შევხვდით არნეს, აშკარა იყო, რომ ის არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იღებს, არამედ მას სიხარულითაც ითავისებს. ეს ნათლად გამოჩნდა მაშინ, როდესაც მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებას დათანხმდა, როდესაც პრემიერ ლიგის ტიტულამდე მიგვიყვანა და ასევე ახლახან დასრულებულ სეზონში, როცა მნიშვნელოვანი სირთულეებისა და ტვირთის წინაშე აღმოჩნდა.
ამავე დროს, ერთობლივად მივედით დასკვნამდე, რომ ცვლილება აუცილებელია, რათა კლუბმა წინსვლა გააგრძელოს. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ მიგვიღია მარტივად.
გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ოფიციალურად გამოვხატოთ მადლიერება არნეს მიმართ, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ლივერპულის ისტორიაში, როგორც მწვრთნელი, რომელმაც კლუბს მე-20 საჩემპიონო ტიტული მოუტანა.
ეს მიღწევა, რომელიც კიდევ უფრო გამორჩეულია იმის გამო, რომ მის პირველივე სეზონში იქნა მოპოვებული, ყოველდღიური უმაღლესი დონის სამწვრთნელო მუშაობისა და ლიდერობის შედეგი იყო.
ის ასევე დაეხმარა კლუბს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდის გადალახვაში, დიოგუ ჟოტას გარდაცვალების შემდეგ. თანაგრძნობა და ადამიანურობა, რომელიც მან იმ პერიოდში გამოავლინა, ბევრს ამბობს მის პიროვნებაზე.
ამიტომ, შეგვიძლია მხოლოდ წარმატება ვუსურვოთ არნეს მისი სამწვრთნელო კარიერის შემდეგ ეტაპზე. გვჯერა, რომ ის მომავალშიც წარმატებული იქნება. ამას ვამბობთ იმ ცოდნით, რომ მისი ლივერპულური მემკვიდრეობა მტკიცეა და მომავალ წლებში და ათწლეულებში კიდევ უფრო ფასეული გახდება.
მიუხედავად ამისა, ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება რწმენას, რომ გუნდის განვითარების მომდევნო ეტაპისთვის საჭიროა მიმართულების შეცვლა. ეს არ ამცირებს არნეს მიერ გაწეულ სამუშაოს და არც იმ პატივისცემას, რომელიც მის მიმართ გაგვაჩნია. არც მისი შესაძლებლობების შეფასებაა. უბრალოდ, გვჯერა, რომ ახლა განსხვავებული მიდგომაა საჭირო.
არნე კლუბს ტოვებს ჩვენი მადლიერებით, პრემიერ ლიგის ჩემპიონობით და იმის ცოდნით, რომ ის და მისი ოჯახი ყოველთვის გულთბილად იქნებიან მიღებულნი ენფილდზე.“

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები