ლივერპულის ფანებისთვის ცუდი ამბავია: საფრანგეთის ნაკრების მცველი, იბრაჰიმა კონატე, ამ ზაფხულს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.
მისი 5-წლიანი კონტრაქტი სრულდება და სკაი სპორტსის ინფორმაციით, მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
არადა, ეს მოლაპარაკებები წელიწადზე დიდი ხანია მიმდინარეობს. სულ რაღაც გასულ თვეში თავად კონატე ამბობდა, მერსისაიდზე დარჩენის ძალიან დიდი შანსი მაქვსო.
სად გააგრძელებს კარიერას 27 წლის ფეხბურთელი, ჯერ კიდევ უცნობია. მისი გამოცდილებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერ გუნდს უფასოდ შეუძლია მისი აყვანა, უახლოეს კვირებში მის გარშემო დიდი ბრძოლა ატყდება.
კონატე ლივერპულს საკმაოდ კარგი ისტორიით ტოვებს. მან გუნდის მაისურით 183 მატჩი ჩაატარა და რამდენიმე სერიოზული ტიტულიც მოიგო: 2025 წელს პრემიერ ლიგა, 2022 წელს ასოციაციის თასი, ხოლო 2022 და 2024 წლებში კარაბაოს თასები.
მცველი უკვე ამ პარასკევს საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე, კლერფონტენში უნდა გამოცხადდეს, რათა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყოს.