მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანმა, ბრუნო ფერნანდეშმა, თავისი კარიერის დასაწყისში არსებულ ყველაზე ბუნდოვან პერიოდზე ისაუბრა და აღიარა, რომ თინეიჯერობისას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა.
პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, რომელიც ახლა პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, გაამხილა, რომ 2013 წელს, უდინეზეში გადასვლიდან სულ რამდენიმე კვირაში, კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო. ნახევარმცველმა აღიარა, რომ ბარგი უკვე ჩალაგებული ჰქონდა, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აცნობეს, რომ იჯარით სხვა გუნდში უშვებდნენ:
ძალიან ახლოს ვიყავი უოტფორდში იჯარით გადასვლასთან, რადგან ამ კლუბს და უდინეზეს ერთი და იგივე მფლობელები ჰყავდათ. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: აქ რატომ ვერ უნდა დავმკვიდრდე? რა დავაშავე-მეთქი?
უოტფორდი, რომელსაც პოცოს ოჯახი ფლობს (რომლებმაც 14 წელიწადში 22 მწვრთნელი გაათავისუფლეს), 2025 წლამდე უდინეზეს მფლობელიც იყო. 2013 წლის ზაფხულში იტალიური კლუბიდან ინგლისში შვიდი ფეხბურთელი გადავიდა და ბრუნო მერვე უნდა ყოფილიყო, რაც მას საერთოდ არ ახარებდა:
ვფიქრობდი, რა დავაშავე, ნუთუ საკმარისად კარგი არ ვარ-მეთქი? სასტუმროში დამირეკეს და მითხრეს, რომ ნივთები ჩამელაგებინა, რადგან სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები იყო. მეც ჩავალაგე ჩემი ბარგი.
ბოლო მომენტში უდინეზეს სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯარეტამ დაურეკა და უთხრა, რომ ტრანსფერი ჩაიშალა - გუნდის იმდროინდელმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო გუიდოლინმა გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელი გუნდში დაეტოვებინა.
ეს გადაწყვეტილება ფერნანდეშის კარიერაში მთავარი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. უდინეზეში განვითარების შემდეგ, მან სამპდორიაში ითამაშა, რასაც პორტუგალიაში დაბრუნება და სპორტინგში გადასვლა მოჰყვა - კლუბში, სადაც საბოლოოდ გაიბრწყინა.
მანჩესტერ იუნაიტედმა ბრუნო 2020 წლის იანვარში, 47 მილიონ ფუნტად შეიძინა. ის მალევე გახდა გუნდის მთავარი ძალა, სულ რაღაც სამ წელში კი კაპიტნის სამკლაურიც ჩაიბარა.
დღეისათვის ბრუნოს მანჩესტერელთა მაისურით 327 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 107 გოლი გაიტანა და 108 საგოლე გადაცემა შეასრულა. მეტიც, მიმდინარე სეზონში მან პრემიერ ლიგის რეკორდი მოხსნა - ჩემპიონატის ბოლო ტურში თავისი 21-ე ასისტი გააკეთა და ერთ სეზონში შესრულებული საგოლე გადაცემების რაოდენობით ლიგის ისტორიაში ახალი რეკორდი დააწესა.